ჩაერევა თუ არა რუსეთი ბელარუსის მოვლენებში?
დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის სამხედრო ჩარევა ბელარუსის მოვლენებში? ამაზე პრაქტიკულად მთელი დასავლური პრესა წერს .
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ბრიტანულ ტელეარხ „სქაი ნიუს“-სთან («Sky News») ინტერვიუში განაცხადა, რომ ამგვარი ალბათობის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. მისი თქმით, ამ საკითხის ღიად გამჟღავნება ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ შეშფოთების საფუძველს ბადებს.
ბრიტანული „გარდიანი“ («The Guardian») იტყობინება, რომ ევროკავშირის ლიდერები დღეს ექსტრენულ სამიტზე უნდა შეიკრიბნონ, რომლის დროსაც პოზიციებს შეათანხმებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბელარუსის ამბებში მოსკოვის შესაძლო ჩარევის დროს. გაზეთი წერს, რომ ჯერ კიდევ წინა კვირაში სასწრაფო შეხვედრის ჩატარება აუცილებელი არ ჩანდა, მაგრამ მოვლენები სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების ფონზე რუსეთის პრეზიდენტისადმი დახმარების თხოვნის შესახებ. ამასთან, როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, უკრაინის სიტუაციისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც ყირიმის პრობლემა დადგა, ბელარუსის შემთხვევაში რუსეთს გაუჭირდება სამხედრო შეჭრის საფუძველი იპოვოს. ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობა საშინაოპოლიტიკური მოვლენაა, მას არ აქვს არც ანტირუსული და არც პროდასავლური ხასიათი - საქმე მხოლოდ ხელისუფლებას ეხება.
როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ («Deutsche Welle») იტყობინება, ბელარუსის პრეზიდენტის მოქმედება მისმა ფრანგმა და გერმანელმა კოლეგებმა - ემანუელ მაკრონმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააკრიტიკეს და მოუწოდეს ძალადობა შეწყვიტოს და ოპოზიციასთან დიალოგი გამართოს.
მართალია, ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსის ცესკოს მონაცემებს ალექსანდრე ლუკაშენკოს 80%-იან გამარჯვების შესახებ, მაგრამ გერმანია მაინც ცდილობს შუამავლის როლის შეასრულოს ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც 18 აგვისტოს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაუკავშირდა, მასთან საუბრის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტპატიმრების დაუყონებლივი გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.
დღევანდელი ევროსამიტის მთავარი ინტრიგა: მოითხოვს თუ არა ბრიუსელი ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ის გარემოება, რომ ჯერ-ჯერობით ევროკავშირს არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ სამიტზე უნდა იქნეს მიღებული, თანაც ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობით. თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად, უნგრეთის პოზიციას, რომლის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს, მაშინ სამიტზე საერთო კონსენსუსის მოძებნა საკმაოდ რთული იქნება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ იმ დროს, როცა უკვე მან იცოდა მინსკში დემონსტრანტების ულმობელი დარბევის ფაქტი, ევროკავშირს მაინც მოუწოდა - ლუკაშენკოსთან დიალოგი გავაგრძელოთო.
ევროკავშირი ძალიან ფრთხილობს - ვაითუ რუსეთი ბელარუსის მოვლენებში ჩაერიოსო. „ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც რუსეთი კონფლიქტში ჩარევის საბაბად გამოიყენებს. ჩვენ სრულებით არ გვჭირდება მეორე უკრაინა“, - განაცხადა „ოიჩე ველე“-სთან საუბარში ევროკავშირის დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვით.
წყაროები: https://www.bbc.com/russian/news-53815461
https://www.dw.com/ru/саммит-ес-по-беларуси-давление-на-лукашенко-усиливается/a-54611410
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო