“ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან შეგნებულ საბოტაჟთან”

“პირველი ტურის მერე მეც გამიჩნდა კითხვები ამ დაუბალანსებელი ოქმების გამოქვეყნების თაობაზე. რა ხდებოდა საარჩევნო კომისიების უმრავლესობაში? სათანადოდ იყო თუ არა მომზადებული ეს ხალხი? ისეთი ხმები მომდის, რომ მომზადებაგავლილი ხალხი ვერ მოხვდა საარჩევნო კომისიებში. ამბობენ იმასაც, რომ მავანი თავის ახლობელ-ნათესავებს ასაქმებდა.

მეორე ინფორმაცია, რომელიც ასევე მსმენია, ის არის, რომ საბოტაჟსაც ჰქონდა ადგილი. ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაარკვიონ შესაბამისმა უწყებებმა. მართლაც ძალიან უცნაური შედეგები ქვეყნდება, აშკარად თავხედური დამოკიდებულება ჩანს. არ ვიცი, ეს რატომ ხდება. ამ ყველაფრით ხელისუფლების მხარდამჭერებიც გვარიანად არიან აღშფოთებული და სწორედ ხელისუფლების ვალია, გაარკვიოს, რა მოხდა - ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ანაც - შეგნებულ საბოტაჟთან, რათა ყველა დაარწმუნონ არჩევნების გაყალბებაში”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან შეგნებულ საბოტაჟთან” / “ქვეყანაში პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია” / “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს... შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?!”

 

“შეთქმულების თეორიის აგება ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ ქვეყნის გარედან ჩარევის შემთხვევაში ყველაფერი უფრო ჭკვიანურად გაკეთდებოდა... თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ და ამის გარკვევის ვალდებულებაც ხელისუფლებას აკისრია. გარდა ამისა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ცესკო - სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა, უპირველესად კი - ცესკოს ხელმძღვანელობამ. ასევე უნდა მოეთხოვოს პასუხი ქვედა რგოლებსაც. თითოეული საარჩევნო კომისიის შემადგენლობა უნდა გადაიხედოს, უნდა შეისწავლონ მათი საქმიანობა, გაირკვეს, რა პრინციპით და რა პროფესიული უნარ-ჩვევებით დაკომპლექტდა ეს კომისიები და არის თუ არა ნეპოტიზმის შემთხვევები. ცუდია, რომ მეორე ტურში ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით დაწყებული მოლაპარაკება შედეგიანი იქნება და პარალმენტში არ დარჩება მხოლოდ ერთი პარტია. ეს ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას დააზიანებს და იქნებ როგორმე დაინახონ პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. თუ პარლამენტში მხოლოდ “ქართული ოცნება” დარჩება, ეს კანონის დარღვევა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება... როგორმე ხელისუფლება უნდა ეცადოს გამოსავლის მოძებნას, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ მივიღოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყნისთვის რთული გადაწყვეტილება იქნება. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესებს ბევრი ფული სჭირდება, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით კი საქართველოსთვის ამ ტვირთის ტარება რთულია. ვფიქრობ, ვითარების განსამუხტავად შეიძლება გამოდგეს ის, რომ მომავალ წელს ჩვენ გვიწევს ადგილობრივი არჩევნების ჩატარება და იქნებ მოხერხდეს, რომ ამას დავამთხვიოთ ვადამდელი არჩევნებიც, თორემ ამ პანდემიის ჟამს გაზაფხულზე ცალკე არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, გამორიცხულია. არ შეიძლება ამ მძიმე ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ პირობებში ექვს თვეში ერთხელ არჩევნების ჩატარება, ეს დაანგრევს ქვეყანას. ხანდახან ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს და ქვეყნის ამბავი სულ არ აინტერესებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“პომპეოს ჩამოსვლა იყო როგორც მოკავშირეების, ისე რეგიონში შექმნილი ვითარების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულების დემონსტრირება. მოგეხსენებათ, ამ ტურნეს ფარგლებში ის ჩავიდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკული პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევა. რასაკვირველია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, გამგებმა ეს გზავნილი გაიგო. შეცდომაა იმაზე ლაპარაკი, რომ პომპეო წამსვლელი გუნდის წევრია. ეს არის არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, არამედ ამერიკული პოლიტიკის ნაწილი. პომპეოს ჩამოსვლით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამერიკული პოლიტიკისთვის საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ვფიქრობ, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე აუცილებლად ისაუბრებდნენ, თუმცა მეეჭვება, უახლოეს მომავალში მიიღონ ნატოში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილება, ისევე როგორც გადაწყვეტილება აშშ-ის ბაზების განთავსების თაობაზე. მგონია, რომ ეს ცოტა შორეული მომავლის საქმეა, თუმცა ვფიქრობ, ლაპარაკი იქნებოდა უსაფრთხოების მეტ გარანტიაზე და იმაზეც, რომ თუ არ შეიცვლება საქართველოს საგარეო კურსი და დამოკიდებულება, უახლოეს მომავალში რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ ჩვენს მხარდასაჭერად”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“როგორც ქვეყანა, სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ - რა უბედურებაა, რომ ერთმანეთთან ლაპარაკს შუამავლების გარეშე ვერ ვახერხებთ?! სხვის კარზე ერთმანეთის დასასმენად როდემდე უნდა ვირბინოთ?! დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის სხვის კარზე ჩივილის პოლიტიკა, თუმცა არა მარტო დღეს ხდება ასე, წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და იმის წინა ხელისუფლების დროსაც. მოკლედ, პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია ქვეყანაში. ვერაფრით მოვახერხეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ისე მოგვარება, რომ სხვაგან საჩივლელი არაფერი გვქონდეს. გვყავს კარგი მეგობრები და ისინი ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს მოსარიგებლად, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გავაგრძელოთ?! კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ წარმოგვაჩენს, შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ქცევას, რომელიც მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს... ცოტა გონს უნდა მოეგონ. შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! პომპეოს ვიზიტზეც კი საოცარი განცხადებები გააკეთეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებულმა პირებმა. ამ ყველაფერში ისეთი სიბინძურე იგრძნობა, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს პოლიტიკოსების მიმართ მხოლოდ ნიჰილიზმს უღვივებს. საქმე იქამდე მიჰყავთ, რომ ცოტა ხანში შეიძლება საქართველოს მოქალაქემ ქართული პოლიტიკური სპექტრი საერთოდ ვეღარ აიტანოს”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

 

“ეკონომიკური მდგომარეობა, სამწუხაროდ, უკიდურესად რომ დამძიმდება, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ მე ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მაშფოთებს. რაც ამ რამდენიმე დღის წინ წერეთლის გამზირზე მოხდა - როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა ადამიანი და მძევლები აიყვანა - იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რა დღეშია საზოგადოება. ასეთი რამ, მგონი, მსოფლიოში არ მომხდარა. პანდემიით გამოწვეული სიკვდილის შიში უფრო მეტ შფოთს წარმოშობს. ჩვენმა ერმა, ქვეყანამ ვერა და ვერ მოახერხა წელში გამართვა. ყველაფერი ერთმანეთს ემატება - მუდმივი მარცხი პოლიტიკურ სივრცეში, მუდმივი მარცხი ეკონომიკურ ცხოვრებაში და ა.შ. არ შეიძლება ქვეყანა და ხალხი მუდმივი მარცხის რეჟიმით ცხოვრობდეს. ადრეც აღვნიშნეთ, რომ ესებუას შემთხვევა სამწუხარო პრეცედენტად იქცა, რასაც ექნებოდა გაგრძელება. რაც წერეთლის გამზირზე მოხდა, ფორმით შესაძლოა ჰგავს ზუგდიდის ფაქტს - აქაც საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა, აქაც ყუმბარა და მძევლები - თუმცა ეს მთლად მსგავსი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანმა იფიქრა, რომ ამგვარი შეჭრით მოახერხებდა მედიის ყურადღების მიქცევას და ამ ვითარებას ტრიბუნად გამოიყენებდა. მას ჰქონდა მხოლოდ სოციალური მოთხოვნები. ფაქტობრივად, თქვა ის, რასაც ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ამით ის საზოგადოებისთვის საინტერესო გახდა. ბევრის თანაგრძნობაც კი გამოიწვია, თუმცა, ვფიქრობ, შეფასებებისას უნდა დავფიქრდეთ, რადგან მსგავსი დანაშაულის სიმძიმეს თუ ვერ დავინახავთ, შესაძლოა ეს ყოველდღიურობად გვექცეს”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

წაკითხვა 596 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.