ვინ რას ითხოვდა მოლაპარაკებებზე - მეორე რაუნდის უცნობი დეტალები

“ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მესამე რაუნდის ზუსტი თარიღის განსაზღვრას და ახალ წინადადებას ელის.

ეს სავარაუდოდ ამ კვირაში უნდა მოხდეს. სამშაბათს ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა, მათივე ცნობით, საზოგადოებასთან კომუნიკაციების სხვადასხვა ფორმა განიხილეს. მათ სხვა გეგმებთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახალი პარლამენტის შეკრების დღეს აქციას გეგმავენ. “რეზონანსმა” კი ის გაარკვია, თუ რა ხდებოდა მოლაპარაკების მეორე რაუნდზე - რა რას სთავაზობდა მმართველი პარტია ოპოზიციას და ოპოზიცია - “ქართულ ოცნებას”. მოლაპარაკების დეტალებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “რეზონანსმა” “ოცნების” წევრებთან დაკავშირებას სცადა, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დროის მოგება სურს და მესამე შეხვედრის დანიშვნას, სავარაუდოდ, ამიტომაც აჭიანურებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ რას ითხოვდა მოლაპარაკებებზე - მეორე რაუნდის უცნობი დეტალები.

 

“რეზონანსს” სანდო წყარო უყვება, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მოლაპარაკების მეორე რაუნდის დროს პარლამენტში შესვლა და მოლაპარაკებების შემდეგ გაგრძელება შესთავაზა. ოპოზიცია კი ამაზე უარს ამბობს და ხელისუფლებას მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის ვადის გაგრძელებას სთავაზობს, სადაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო სისტემის შეცვლა მოხდება. ასევე ცესკოს თავმჯდომარეს გადააყენებენ. “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შევლენ. რაც შეეხება კითხვას, თუკი რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება დათანხმდება, ამ შემთხვევაში შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, ბობოხიძე ამბობს, რომ არა, რადგან ეს პარლამენტი ლეგიტიმური არაა. ამიტომ, მისი თქმით, ხელისუფლებამ ახალ პარლამენტში ან მთავრობის არდამტკიცებით, ან მომავალი წლის ბიუჯეტის ჩაგდებით ხელოვნურად უნდა შექმნას კრიზისი, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ფორმალური საფუძველი გაჩნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როდესაც ყველა დაინახავს, რომ ერთპარტიული პარლამენტია, მიხვდებიან, რომ პოლიტიკური კრიზისია. ბიძინა ივანიშვილი სანდო არაა, ამიტომაც მის დაპირებას არავინ ენდობა და რომც გვითხრას რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავ და შემოდითო, მაინც არ შევალთ. როგორც კი პარლამენტის სხდომა ჩატარდება და მისი ლეგიტიმაცია მოხდება, ჩვენ მაშინვე მანდატებზე უარს განვაცხადებთ. ამის შემდეგ კი იურდიულად უკვე შეუძლებელია, რომ აღდგენა მოხდეს. არ ვიცი რას და ვის ელოდებიან, მაგრამ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე წინადადება მათ უნდა შეგვატყობინონ. სავარაუდოდ, ამ კვირაში ველით. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას და პარლამენტში შესვლას მსგავსი უკვე იყო და სარალიძის საქმე ფეხებზე დაიკიდეს. ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებსაც დაგვპირდა, მაგრამ მოგვატყუა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე.

 

“რაც შეეხება პარალელების გავლებას 2009 წლის მოვლენებთან, მაშინ ჩვენ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევიყვანეთ. ისეთი კანონი მივიღეთ, რომ თუ ვინმე მანდატზე უარს უკან წაიღებდა, მაშინ დეპუტატის უფლებამოსილებას ისევ აღვუდგენდით. ის პარტიები, რომლებიც მაშინ პარლამენტში შევიდნენ, პირიქით - გაქრნენ. “ქრისტიან დემოკრატები”, ჯონდი ბაღათურია, ასევე ლორთქიფანიძე... ვინც არ შევიდა, პირიქით, სამომავლოდ საზოგადოებაში დამატებით დივიდენდები მოიპოვეს და 2012 წელს ეს ხალხი პარლამენტში მაინც შევიდნენ”, - განმარტავს ბობოხიძე. “ლეიბორისტული” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა “რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ მათი შეთავაზებაა მე-9 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო გადაწყვეტილებები ასე იქნას მიღებული”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“უპირველეს ყოვლისა ჩვენ ხელისუფლების ნება უნდა გავიგოთ. შემდეგ უნდა გავიგოთ გაყალბებული საარჩევნო სისტემის რეფორმას როგორ აპირებს. ჩვენი აზრით, მე-9 მოწვევის პარლამენტს ვადა უნდა გაუგრძელდეს. სულ რაღაც ერთ კვირაში შესაძლებელია ამ ყველაფრის მოგვარება და რიგგარეშე არჩევნების კანონის ფარგლებში დანიშვნა. ჩვენ არ შევდივართ იმ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც არ ვაღიარებთ. აქ მთავარი ხელახალი არჩევნებია. თუ ისინი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ, მაშინ ამ დათმობაზე უნდა წამოვიდნენ. ეს არის სახელმწიფოს გადატრიალება, რადგანაც მათ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამიტომ ასეთი პარლამენტის ლეგიტიმაცია ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება. ჩვენი შეთავაზებაა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა გიორგი გუგავა.

 

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან მოლაპარაკებას შეეცდება და ქვეყანას ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დააბრუნებენ, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით კი ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველს გაანაწყენებს და მისთვის აქედან მოგება არაფერი იქნება. ამიტომაც ახლა შეეცდება ოპოზიციის ნაწილის გადაბირებასა და პარლამენტში შეყვანას. საყვარელიძე ელის, რომ მოლაპარაკება რაც უფრო გაიწელება, ოპოზიციის მარგინალიზება მოხდება, მათ რიგებში შიდა დაპირისპირება გამწვავდება და ნაწილი მათგანი იმ დასკვნამდე მივა, რომ პარლამენტში შესვლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიციას ხელისუფლებაზე დასავლეთის სახით არანაირი ზეწოლის ბერკეტი აღარ აქვს და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მისი ნაწილი მაინც ადრე თუ გვიან მიიღებს. დროის გასვლასთან ერთად მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატების ნაწილმა მანდატზე უარი არ თქვან და პარტიისგან დამოუკიდებლადაც კი შევიდნენ. მთავარი პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც დეპუტატები მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურად ცნობის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატები ინდივიდულაურად მანდატებზე განცხადებას დაწერენ. ველი, რომ შესაძლოა ბევრმა უარი არ თქვას. “ოცნების” მხადამჭერების მხრიდან არც არის იმის მოწოდება, რომ გინდა თუ არა “ნაციონალები” პარლამენტში შეიყვანეთო. უბრალოდ, სათქმელი რომ არ იყოს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობაა, სხვა პარტიები ამ მართვაში აუცილებლად უნად მონაწილეობდნენ. იმაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია, თუკი ხელისუფლება ამას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეეცდება. რა არის იმაში ცუდი, რომ ვიღაცეებთნ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს შეეცდებიან? დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია რაც უფრო დროში გაიწელება და დასავლეთის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია სრულიად მარტო ქუჩაში დარჩება, განხეთქილება თავად მის შიგნით კიდევ უფრო გაღრმავდება“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 579 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.