სასამართლო სისტემის რეფორმა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ - ოპოზიცია მოლაპარაკების თემას ცვლის
“რამდენად შესაძლებელია გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს და ვინ იქნებიან ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე დასთანხმდებიან? ეს მოლოდინი მას შედეგ გაჩნდა, რაც პარტიების ლიდერების ნაწილმა ღიად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ თუკი, მაგალითად, ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანხმობა იქნება, ისინი კომპრომისზე წასასვლელად მზად არიან. თუმცა არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ამას დასთანხმდება.
თუმცა “რეზონანსისთვის” სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება გარკვეული დათმობებისთვის მზად არის და ამის შესახებ ელჩებმა ოპოზიცის ლიდერებს სწორედ ინდივიდუალურად შეხვედრის დროს ესაუბრეს. მათ კონკრეტული მონახაზიც კი აჩვენეს, რაზეც ხელისუფლებასთან საუბარი შესაძლებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სასამართლო სისტემის რეფორმა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ - ოპოზიცია მოლაპარაკების თემას ცვლის.
“უფრო დეტალური განმარტებები ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან არ კეთდება. „რეზონანსთან“ საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე ხელისუფლების თანხმობასთან ერთად, მნიშნელოვანი იქნება მყარი გარანტიების მიღება, რომ “ოცნება” ამ დაპირებას არ გადათქვამს. ოპოზიციის ეს განცხადებები შესაძლოა იყოს საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი შემზადება სავარაუდო კომპრომისული შეთანხმებისათვის, რომელიც როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა შეიცვალა და ისინი უკვე კატეგორიულად აღარ ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? ამაზე დაზუსტებით საუბარი ამ ეტაპზე ძნელია, თუმცა აშკარაა, რომ ორივე მხარემ საუბრის ტონი შეარბილა. ამის პარალელურად კი თავად ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კეთდება მინიშნებები, რომ ოპოზიცია მზადაა პარლამენტში შესასვლელად და მთავარი ისაა, თუ რომელი ოპოზიციური პარტია გადადგამს პირველი ამ ნაბიჯს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ მას ყველა მიჰყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ”, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში პირველი ნაბიჯის გადადგმა. “მთავარი ის არის, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს ხელისუფლება. თუ არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა ხელისუფლებიდან, ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ მაშინ არ შედგება მრავალპარტიული პარლამენტი. მაქვს მოლოდინი, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ პირველი სითამამე, გამბედაობა სწორედ იმ ადამიანებიდან უნდა წამოვიდეს, ვისაც მე მივეცი ხმა. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წავიდეს, ვამბობ, რომ ოპოზიციამ გამბედაობა გამოიჩინოს და ნაბიჯი გადადგას”, - ამბობს ხიდაშელი, რომლის თქმით, მას სურს, ვისაც მისცა ხმა, ნახოს “პარლამენტში ხმლით და იარაღით შეიარაღებული - კონსტიტუციით და ცოდნით, რომ მინიმალური შანსი მაინც გაჩნდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ცვლილებების”, - განაგრძობს გამოცემა.
“პოლიტიკური ლიდერები იმისთვის არსებობენ, რომ გაუძღვნენ ხალხს და არა მუდმივად იყონ გაბატონებული აზრების მსხვერპლნი. გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ პირველი ვინც გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება”, - თქვა თინა ხიდაშელმა. “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “რეზონანსთან” ამბობს, რომ მათი პარტია ვერავის მხრიდან ვერც ბულინგის და ვერც ზეწოლის მსხვერპლი ვერ გახდება და თუკი ჩათვლიან, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს, მათ ამაში ხელს ვერანაირი დაცინვა და ქილიკი ვერ შეუშლით. “ჩვენი დაბულინგება მარტივი არ რის და მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტიაზე ზეწოლას ასე მარტივად ვერავინ მოახდენს”, - ამბობს ხვიჩია, რომლის განცხადებით, “თუკი “ქართული ოცნება” სასამართლო რეფორმაზე წავა, “გირჩი” პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევა”- დასძენს გამოცემა.
“მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენ გვჯერა თუ არა მათი დაპირების. ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მთავარი პოლიტიკური მიზანია. მე რომ მჯეროდეს ის შესრულდება, პარლამენტში შევლას ვერავინ დაგვასწრებს. უბრალოდ არარელევანტურია, რადგანაც ეს საკითხი რეალობაში არ დგას. თუ მეტყვიან - მოდი, დაპირება შესრულდა და შემოდიო, მასეც ვიზამ. შეიძლება “ოცნებაში” შესვლასაც კი დავთანხმდე, მაგრამ საკითხი ასე არ დგას. ხელისუფლებას ეს შემოთავაზება ჯერ არ ჰქონია. ამაზე მხოლოდ ოპოზიცია ვსაუბრობთ. პარტნიორებთან ერთად ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან რელური წინადადებები იქნება, ჩემთვის იყოს რაღაც დამაჯერებელი... რა თქმა უნდა, ელჩების გარანტორობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. ფალსილიტატორების ძალიან დიდი მადლობლები ვართ. შეიძლება მთავრობამ ამ ხალხის თანდასწრებით ამაზე პირობა დადონ. მილიონი სხვა შესაძლებლობები არსებობს. საუბარი იმაზეა, რომ ტყუილს ადგილი არ ჰქონდეს. რას ვიზამთ, “ქართული ოცნებას” საჯაროდ ნათქვამი სიტყვები უკანაც წაუღია. მართლსაჯულების სისტემის რეფორმა ძალაუფლების დათმობისკენ ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასეთი სხვა ფორმებიც შეიძლება იყოს, მაგრამ პირველ რიგში ჯერ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კონკრეტულზე ვთანხმდებით“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო ხვიჩია.
“პარტია “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე დიდად იქნება დამოკიდებული. თუმცა, იოსელიანი მოლაპარაკების გაგრძელებას მესამე რაუნდის შემდეგაც არ გამორიცხავს. “ნამდვილად ვფიქრობ, რომ ქუჩაში ყოფნას, პარლამენტში ყოფნა სჯობს, მაგრამ იქ ყოფნასაც აზრი უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა შევიდეთ ისეთ პარლამენტში, სადაც ყოფნას აზრი ექნება. ჩვენს სიტყვას და მანდატს ფასი უნდა ჰქონდეს. ზოგადად იმაზე საუბარი, რომ თუკი ხელისუფლება მოვა წინადადებით, მაგალითად, შეიქმნას საგამოძიებო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით და პარლამენტიდან ჩვენი ამომრჩევლების ხმებისთვის ვიბრძოლოთ, სიმართლეს გეტყვით, ზოგადად არ მჯერა ასეთი საგამოძიებო კომისიების მუშაობის. ამიტომ პოლიტიკური ნება თუ არსებობს რაღაცეებს მართლა მიხედო, ამას საგამოძიებო კომისიის შექმნა რად უნდა?! ნუ, ახლა თუ იქნება ოპოზიიცის შიგნით ამაზე შეთანხმება, ჩვენი პარტია წინააღმდეგი არ იქნება”, - აცხადებს იოსელიანი „რეზონანსთან“. რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფრმირებას, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ყველაზე ნაკლები მოლოდინი ამ საკითხთან აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.
“მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამას დათანხმდა, მაშინ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, პროკურატურამ ის უნდა გააკეთოს, რაც კანონით ევალება და პოლიტიკური დაკვეთები არ უნდა შეასრულოს. ეს კი იმას ნიშნავს რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. ამიტომ მისთვის წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილი მართლსაჯულების სისტემას შეელევა, რადგანაც მისი ძალაუფლება რეალურად ამაზეა დამყარებული. “რომ ვიცოდე ამას თმობენ, რა თქმა უნდა პარლამენტში შევალ. ესე იგი “ოცნება” ხელისუფლებიდან მიდის და პარლამენტში შესვლას წინ რა უდგას? თუმცა აქ დღეს ამაზე საუბარი არ არის. ეს რეფორმა არავის შემოუთავაზებია. არავინ გვეუბნება, რომ ხვალ შოთაძე გადადგება და მურუსიძე თანამდებობიდან წავა. ასეთი რამე ხელისუფლების მხრიდან არ გაჟღერებულა. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბურთი მათ მოედანზეა და შემოთავაზება მათ უნდა მოიტანონ. ჩვენ ისიცი კი არ ვიცით მესამე რაუნდზე რა შემოთავაზებით მოდიან”, - აცხადებს იოსელიანი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციას შეუძლია ელჩების ჩართულობით არსებული წინადადებებზე ხელისუფლებისგან პირობა მიიღოს, რომ მას შესრულეს. ამის პარალელურად კი პარლამენტში უნდა შევიდნენ და ბრძოლა შიგნიდან გააგრძელონ. წინააღმდეგ შემთხვვაში, თუკი ხელისუფლებამ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გამართა და ოპოზიციამ მანდატებზე უარი დემონსტრაციულად თქვა, პოლიტიკური პროცესები საერთოდ ჩიხში შევა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ოპოზიციამ თავის ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივად ფიქრობს და იძულებულია პარლამენტში რაღაც კონკრეტული მოლაპარაკების პარალელურად შევიდეს. მოლაპარაკების მესამე რაუნდი თუ გაიმართება და ორივე მხარეს კონკრეტული წინადადებები ექნება, ელჩებთან ერთად დადონ გარკვეული ხელშეკრულება, შეთანხმება, რომლის საუძველზეც ორივე პირობას დადებს. ოპოზიცია იტყვის, რომ შევა პარლამენტში ამა და ამ პირობის გათვალისწინებით. ხელისუფლებაც ფალსილიტატორებთან ერთად ამ პირობას დადებს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ქვეყანაა უმძიმეს სიტუაციაში. ეს არის, როგორც პანდემიით გამოწვეული პრობლემები, ასევე ეკონომიკურ-სოციალური და პოლიტიკური. ამიტომ ოპოზიციაც ვალდებულია, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს. ქუჩაში დარჩენას აზრი არა აქვს. თუ ეს პატარა პარტიები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, 2024 წელს უბრალოდ აღარ იარსებებენ და ისევ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"