რომელი ოპოზიციონერები არიან მზად პარლამენტში შესასვლელად
“თუ მოლაპარაკებიდან გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით გამოვალ და ეს გარანტია ხელში მექნება, პარლამენტში შევალ!” - დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განაცხადება ფეისბუქში, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გადამწყვეტი მოლაპარაკების რაუნდის წინ. გარდა ამისა, მან “ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟის მოწყობაში და სიტუაციის არევაში დაადანაშაულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ელისაშვილს დიდი ალბათობით გადაწყვეტილება მიღებული აქვს” - რომელი ოპოზიციონერები არიან მზად პარლამენტში შესასვლელად.
“მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. რატომ იცით? იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ - ერთს ზუგდიდში, მეორე ფოთში” - განაცხადა ფეიქბუქ მიმართვაში ელისაშვილმა. “ევროპული საქართველო” კი აღნიშნულს, გაუგებარს და უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ფიქრობს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლა სურს და ამით ის საბაბს ეძებს და ახლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბადაც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კიდევ ერთხელ ეს მასზე უფრო მეტყველებს ვიდრე სხვა რამეზე. თუ მას უნდა, რომ შევიდეს პარლამენტში, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას” - განაცხადა კაპანაძემ. როგორც ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, “„ქართული ოცნების” პირობებში იმ გარანტიების შესრულება, რასაც ელისაშვილი ითხოვს, კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამიტომაც, მისი აზრით “მოქალაქეების” ლიდერი ამ განცხადებებით პარლამენტში შესვლის საბაბს უფრო ეძებს. პარლამენტის შესვლის სანაცვლო გარანტიებზე ალაპარაკდა “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩიაც, მისი თქმით, “ქართული ოცნებისგან” სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის და ბუნებრივი ბარიერის პირობას თუ მიიღებენ, კოლეგებს პირადად სთხოვს, რომ პარლამენტში შევიდნენ. როგორც გამზარდია ამბობს, თუ პარლამენტში ოპოზიციური ორიოდე ფიგურანტი შევიდა, შესაძლოა ეს სიტუაცია ერთპარტიულ პარლამენტზე მეტად გაშარჟდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“გარანტიებს ახსენებს, გარანტია კი ამ შემთხვევაში ორი ტიპის არსებობს - ერთი ესაა, როდესაც მოლაპარაკებების შედეგად გამოვიდოდა ხელისუფლება და ოფიციალურად ხელახალი არჩევნების დღეს დანიშნავდა, მეორე მხრივ კი ცესკოს თავმჯდომარე გადადგომის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, ესაა ფაქტობრივი გარანტია, იმიტომ, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოიცავს. დანარჩენი, როგორებიცაა - სიტყვითი და თემატური გარანტიები, ეს ზოგადად პოლიტიკური კულტურის ნაწილია ხოლმე და არა სამართლებრივი გარანტიების ნაწილი, იმიტომ, რომ მორალურის გარდა არანაირ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. სიტყვის გარანტიებს შესაძლოა სხვა შემთხვევაში ფასი ჰქონოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ივანიშვილმა ერთი წელიწადი ითხოვა და დაარღვია, შემდეგ პროპორციული არჩევნების პირობაც დაირღვა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების გარანტიებს შესაბამისი მორალური მანდატი და ნდობა არ გააჩნია, ამიტომაც ეს გარანტიები თავისთავად ვერ იარსებებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“ამიტომაც ჩანს, რომ იმ ფორმულირებაში, რაც ელისაშვილმა გააკეთა, (შესვლის წინაპირობაზე) ეს შესასვლელად უფრო საბაბის ძიებას ჰგავს, ვიდრე რეალურად გარანტიების ინტერესს. აქედან გამომდინარე, ელისაშვილის ეს განცხადება ქმნის იმის დიდ ალბათობას, რომ მას შინაგანად გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა ეს განცხადებები უკანდახევის შესაძლებლობასაც მოიცავს, ან სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოიყენოს როგორც საბაბად, რომ პარლამენტში შევიდეს. თუ პარლამენტში ორიოდე ფიგურანტი შევიდა და ამან საერთო პოლიტიკურ მოცემულობაზე არანაირი გავლენა არ იქონია, ეს დაახლოებით იმას დაემსგავსება, აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა და ორიოდე კომიკურმა ფსევდო სახალმწიფომ რომ აღიარა და ამ აღიარების სურათი გაშარჟდა” - თვლის გამზარდია.
“დაახლოებით ასეთი მოცემულობა იქნება იმიტომ, რომ ხელისუფლება თუ ოპოზიციიდან 2-3 კაცის შესვლით იტყვის, რომ ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი ვართო, ეს უფრო კომიკურობას შესძენს და შეიძლება პირიქით ეს ერთპარტიულ პარლამენტზე უარესად გაშარჟდეს კიდეც, ამითი დიდი პოლიტიკური წონასწორობის ცვლილება არ იქნება. მაგრამ თუ პარლამენტი 100 კაცამდე და მნიშვნელოვან წილამდე შეივსო, ამ შემთხვევაში ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე იმოქმედებს, მათ შორის იმ ოპოზიციაზეც, რაც გარეთ დარჩება და სხვა პოლიტიკური მოცემულობა შექმნას” - დაასკვნის არჩილ გამზარდია. პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ კი ელისაშვილის პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თაობაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა, თუმცა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შევა, ეს პირველ რიგში ცუდი თავად ელისაშვილისთვის იქნება”, - დასძენს გამოცემა.
“ჯერ არ ვიცით ელისაშვილი შედის თუ არა და სჯობს, რომ ჯერ თავი შევიკავოთ, თუმცა, თუ შევა, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება, ეს პირველ რიგში მისთვის, იმიტომ, რომ ეს მგონია, რომ გარკვეულწილად მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული. თუ პარლამენტში ვინმე შევა, მაინც საერთო ჯამში პარლამენტს დიდი პრობლემები ექმნება, იმ იტომ, რომ სულ რამდენიმე ოპოზიციონერიც თუ იქნება, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნიან, “ნაციონალური მოძრაობა” რომ შესულიყო, მაშინ ოპოზიციურ სპექტრს დარტყმა მიადგებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტს არ ეყოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"