ახალი ჩიხი მოლაპარაკებებში და განხეთქილება ოპოზიციაში
“პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარასკევს დემონსტრაციულად გეგმავს სადეპუტატო მანდატებზე საჯაროდ უარის თქმას და ამის შემდეგ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების გაგრძელებას.
ამის საპასუხოდ კი “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მოლაპარაკება მხოლოდ მათთან გაგრძელდება, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მოლაპარაკების პროცესზე, ოპოზიციის ერთიანობასა და მეტიც, თავად ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებში შიდაპარტიულ ერთსულოვნებაზე, ძნელი სათქმელია, რადგანაც, წინასწარი ინფორმაციით, თავად მანდატებზე უარის მთქმელ პარტიებშიც კი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარასკევის შეკრებაზე, სადაც მანდატებზე უარი უნდა თქვან, ამ პარტიების წევრთა ნაწილი არ მივა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ჩიხი მოლაპარაკებებში და განხეთქილება ოპოზიციაში - ვინ მივა პარასკევს პარლამენტში და ვინ იტყვის უარს მანდატებზე.
“ოპოზიციონერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან. რადგანაც “ოცნებას” სავაჭრო აღარაფერი ექნება და იძულებული გახდება, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევები დანიშნოს. მეორე ნაწილის აზრით კი, მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციის მიერ მოლაპარაკების ჩაშლას ნიშნავს, რადგან ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას მოლაპარაკების და რაიმეს დათმობის მოტივაცია აღარ ექნება. მათი აზრით, მაშინ გამოდის, რომ ერთი თვის განმავლობაში ელჩებს ტყუილად აწვალებდნენ და რეალურად არავინ არაფერზე მოლაპარაკებას არ აპირებდა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა იმ პოლიტიკურ ძალებთან უნდა გააგრძელოს მოლაპარაკება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს არ იტყვიან. ანალიტიკოსთა ნაწილი კი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს, რადგან, მათი თქმით, თუკი საბოლოოდ მოხერხდება მმართველი პარტიის დაყოლიება გარკვეულ დათმობებზე, ამის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და 113 ხმა, რაც, ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოგროვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვინ ამბობს უარს მანდატებზე და ვინ შედის პარლამენტში - უკვე ცნობილია, რომ პარასკევს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის აქტს “ნაციონალები”, “ევროპელები”, “ლეიბორისტები”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მოაწერენ ხელს. ხოლო “მოქალაქეები”, “პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი” სრული წარმომადგენლობით ამაში მონაწილეობას არ აპირებენ. გიორგი ვაშაძის განაცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთსულოვნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. განცხადება გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა: “ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენ სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს. მეორე მხრივ, მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს და ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. სიტუაცია ძალიან მძიმეა და ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ პირიქითმ უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ასევე ბრიფინგი გამართა “ლელომ”, სადაც იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა მოლაპარაკების გაგრძელებას მაინც აპირებენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციას და პრინციპულობას “ლელო” ყოველთვის დაიცავს იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით და იურიდიულად ამას ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად”, - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას - “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმა გაზრდის იმის შანსს, რომ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულონ. “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი კი “რეზოანნსთან” ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ისინი როგორც საპარლამენტო სიას ჩახსნიან, ასევე ცესკოს მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით მიმართავენ”, - დასძენს გამოცემა.
“ჩემი მხრიდან სიის ჩახსნა გარანტირებულია. გიორგის პოზიცია იყო, რომ იქნებ მოლაპარაკება გაგრძელდეს და რამე კარგი პაკეტით გამოვიდეთო, მაგრამ გუშინ კობახიძემ რაც გააკეთა, ეს მოლაპარაკების ჩაშლა იყო. მისი განცხადების შემდეგ საუბარი რამეზე ზედმეტია. როდესაც ოპიზიცია გაყალბებაზე საუბრობს, ამ სისხლის დანაშაულის საპირწონედ ხელისუფლებამ რაღაცა ხომ უნდა შემოგვთავაზოს?! მიდი თავს ნუ მოვიტყუებთ - რა პირობებზეცაა საუბარი, ეს არის რეალური სატყუარა, რომელსაც ხელისუფლება გვიგდებს. როდესაც ოპოზიცია უკვე შეთანხმდა, რომ დანაშაულია ჩადენილი, გაუგებარია რაზე ვესაუბრებით. სიის არჩახსნას ხალხიც და ხელისუფლებაც გააფორმებს, როგორც პარლამენტში შესვლას. უბრალოდ არაპრაგმატულია, როდესაც დიქტატორს გაყალბებაში ყვები. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ხვალ ოპოზიცია ერთიანი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თაკო ჩარკვიანი.
“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მას მსგავს აქტზე ხელი უკვე სამჯერ აქვს მოწერილი. ამიტომაც პარასკევის შეკრებაზე არ მივა, თუმცა მანდატზე უარს იტყვის. მისი აზრით, მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში არ უნდა შევიდეს. ამიტომაც ის ელისაშვილის არგუმენტებს რაღაც ნაწილში იზიარებს. “ალეკოს ვეთანხმები იმაში, რომ ლაპარაკის გაგრძელება სწორია. რამით დასრულდება თუ არა, ამას ალტერნატივა არ აქვს. არ მგონია ელისაშვილი რაიმე სატყუარას გადაყლაპვას აპირებდეს. უბრალოდ მას უნდა ტექნიკური გამოსავალი დაინახოს, რომელსაც მე ვერ ვხედავ. პერსპექტივაში მე მგონია, რომ შეუძლებელია ახლა ხმების გადათვლა. ავიღოთ საიტზე დაჯამებული ცეესკოს მონაცემები და შევადაროთ იქ შენახულ ოქმებს, რომელიც უკვე გადასწორებულია? არ ვიცი ხვალ ვინ მიდის ხელის მოწერაზე, მაგრამ მსგავს რაღაცაზე ხელი 3 ჯერ მაქვს მოწერილი”, - ამბობს ჯაფარიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “მსგავსი სპექტაკლები არ არის საჭირო”, - წერს სტატიის ავტორი.
“ ხელის მოწერა იქნება თუ სიტყვით იტყვიან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დარბაზში ხვალ ვინ იქნება. მე ხვალ არ ვიქნები, რადგანაც უკვე სამჯერ მოვაწერე ხელი. ეს არის რაღაცა ცერემონია, რომელის გზავნილიც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ უნდა გააგზავნონ. პრაქტიკაში რაცაა გასაკეთებელი - მანდატზე უარის თქმა - იმას გავაკეთებ”, - თავს ჯაფარიძემ. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ეს ყველამ ერთად უნდა გააკეთოს. ცალ-ცალკე ვინმეს იქ შესვლას აზრი არ აქვს, რადგანაც იმ მოლაპარაკების მაგიდაზე რა შეთანხმებაც მოხდება, თუნდაც ეს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით იყოს, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა და 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამიტომაც მისთვის გაუგებარია, ჯერ ერთი, რომ არ შედიან და ამით რას მიაღწევენ და მეორეც - ცოტაც რომ შევიდნენ ამითაც ვერაფერს მიიღებენ. ხოლო ხელისუფლება კი გარეთ დარჩენილებს გარეთ “მოგუდავს” და შიგნით შესულებს შიგნით “გაგუდავს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“ჯერ მარტო ე.წ კარუსელებით 3%-იანი გაყალბების ამოგდებაა შესაძლებელი. ამით ხომ ოპოზიციას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომაც მომხრე ვარ, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და პარლამენტში თუ შევლენ, ყველა შევიდეს. ელისაშვილი სხვების აზრს რატომ ახმოვანებს, გაუგებარია. თუ ბნელები იყვნენ ოპოზიციაში, ამდენი ხანი იმათთან ერთიანობაზე რატომ მეპრანჭებოდა? ბოკერია რომ ბნელია, ახლა გაიგო? თქვას პირდაპირ, რომ შესვლა უნდა. სხვა რას ამბობს, ვერ გავიგე. მის შესვლას მხოლოდ რა აზრი აქვს? ხაზარაძეს მოსწონს, რომ ელისაშვილი აბრალებს, რომ ბოკერიას ის მძევლად ჰყავს? მოვუწოდებ სახეს საერთოდ ნუ დაკარგავენ. 113 კაცი თუ არ იქნება პარლამენტში, რა პირობას შესარულებს ხელისუფლება? როგორ მოახერხებს საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, თუ “ნაციონალები” არ შევლენ? თუ არ არის იმის გარანტია, რომ შეივსება, ელისაშვილის განცხადება ტყუილია. თუ ორი კაცი შეპროწიალდა, რა აზრი აქვს?! ეს დაპირება ფარატინა ქაღალდი იქნება და მეტი არაფერი. მეორეც, მანდატებზე უარის თქმა იურდიული პორცედურაა და ასე საჯაროდ რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერა კი არ უნდა მოხდეს, ცესკოს უნდა მიმართონ ოფიციალურად. მხოლოდ სიების ჩახსნა არაფერია, ყველამ განცხადება ინდივიდუალურად უნდა დაწეროს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"