რა შეცვალა “სამართლიანი არჩევნების” შეცდომის გამოაშკარავებამ

“გაიმყარა თუ არა ხელისუფლებამ პოზიციები ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტის გამოქვეყნების შემდეგ და რამდენად შესაძლებელია, რომ მოლაპარაკების მე-5 რაუნდი საერთოდ აღარ გაიმართოს?

რჩება თუ არა ოპოზიციას დოკუმენტალურად გამყარებული რაიმე არგუმენტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისათვის და რამდენად დასუსტდა მათი პოზიციები მას შემდეგ, რაც ცნობილი ხდება, რომ “სამართლიანი არჩევნების” ხმების გადათვლილი შედეგი ცეესკოს მონაცემებს სულ რაღაც 1%-ით ცდება და ფაქტიურად მის მონაცემებს ემთხვევა?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ელემენტარული არითმეტიკის პრობლემები ქართულ არჩევნებში - რა შეცვალა “სამართლიანი არჩევნების” შეცდომის გამოაშკარავებამ.

 

“გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე მონაცემები დააკორექტირა. საბოლოო სურათით, მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად კი, “ქართულმა ოცნებამ” 48.2% მიიღო. 1%-ით გაიზარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” შედეგიც და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგებით კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით - 0.1% გაზრდილია. “სამართლიან არჩევნებში” მომხდარის მიზეზი ახსნეს. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე მედიასთან ამბობს, რომ ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის შეცდომა, რომელმაც ბათილად ცნობილი ბიულეტინებიც დაითვალა, რამაც რამდენიმე პროცენტიანი ცდომილება მისცათ. ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და წუხს იმაზე, რომ ასეთ გავლენიან ორგანიზაციას მსგავსი შეცდომა მოუვიდა. ნიჟარაძის განმარტებით, ხელისუფლება ამ მონაცემებით მანიპულირებს და დაკორექტირებულ ვარიანტს მანდატების რაოდენობაზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს ორგანიზაციისთვის მძიმე ფაქტი იყო. სამწუხაროდ, პროგრამაში ხარვეზი გამოვლინდა, რამაც ასეთი ცდომილება მოგვცა. ესაა საარჩევნო სუბიექტებთან ერთად ბათილი ბიულეტინების დათვლილი შედეგი, რაც შეცდომაა. არ ვიცი პოლიტიკურად რა გავლენას ახდენს და “ქართულმა ოცნებამ” ამის შესახებ წინასწარ საიდან იცოდა. ეს ინფორმაცია ჩვენ წინასწარ არ მიგვიწვდია. ჩვენდა სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ სატელეფონო მიყურადება ხდება. ეს ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ ყველას გვისმენენ. რა თქმა უნდა, ამის მტკიცებულება არ მაქვს... ესაა კიდევ ერთი თემა რითაც “ოცნება” მანიპულირებს - ეს არ არის მთავარი ცდომილება. რეალური პრობლემები ამ არჩევნების რაც არის, ესაა უბნებზე დაფიქსირებული დისბალანსი, ის, რომ “კარუსელებს” ჰქონდა ადგილი და ამას ჩვენი ორგანიზაცია ვერ დაითვლიდა. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში მომხდარი დარღვევები. ესაა კითხვის ნიშნები, რაზეც საზოგადოებას პასუხი ხელისუფლებისგან უნდა ჰქონდეს და არა ჩვენგან”, - აცხადებს ელენე ნიჟარაძე. რომლის თქმით, ხელისუფლებაში ცდილობენ ეს სკანდალურ ინფორმაციად წარმოადგინონ. ახლა ხელისუფლების მთავარი სტრატეგია ესაა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ქართულ ოცნება” ბოდიშის მოხდას ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ “თავისუფალი არჩევნების” პარალელური დათვლა ეხება მხოლოდ ოქმებს და მასში არაა ასახული სხვა დარღვევები, რომელიც, მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. დეკანოიძე ამტკიცებს, რომ იმ ოქმებში, რომელიც ორგანიზაციამ დათვალა, არსებობს 8%-იანი ცდომილება, რომელიც საერთო შედეგზე გავლენას, დაახლოებით, 4.1%-ით ახდენს. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, დეკანოიძე ამბობს, რომ მხარეები მზად არიან პროცესში მონაწილეობა გააგრძელონ, თუმცა არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები (მათ ოპოზიციას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს) მოლაპარაკებების პროცესს წარმატებას ვერ მოუტანს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ორგანიზაციაში ხმების გადათვლა უცხოელების მიერ მოხდა, რომლებმაც კონკრეტული ეჭვის საფუძველზე აუდიტი ჩაატარეს. საყვარელიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქ რაიმე ქრთამის აღებაზე და ვიღაცის სასრაგებლოდ ხმების გადათვლაზე საუბარი ზედმეტია. მისი თქმით, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიციამ ამ ორგანიზაციის დასკვნა ლამის მთავარ არგუმეტად გაიხადა, მისი გადამოწმება აუცილებელი იყო. ანალიტიკოსი კი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ ოპოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე მტკიცებულების სერიოზული საყრდენი გამოეცალა. ამიტომაც ხელისუფლება დიდი ალბათობით მოლაპარკების მეხუთე რაუნდზე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ უფრო ხისტი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 457 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.