რატომ ვერ გარისკა მთავრობამ შეზღუდვების სრულად მოხსნა
“28 ნოემბრიდან შემოღებულ შეზღუდვებს, გარკვეული ეფექტი მოჰყვა, რაზეც თუნდაც სტატისტიკა მეტყველებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა შობა-ახალი წლისათვის ამ შეზღუდვების სრულად გასაუქმებლად.
სწორედ ამის გამო, მთავრობამ ადრე დაანონსებული გეგმა შეცვალა და 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში ყველა შეზღუდვის დროებით გაუქმების ნაცვლად მხოლოდ 2 შეზღუდვას ამსუბუქებს და ისიც ნაწილობრივ. სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა ამას მხოლოდ მიესალმება. მათი თქმით, ნოემბრის ბოლოს ქვეყანა სრულ კატასტროფას სწორედ ამ შეზღუდვებით გადაურჩა და ამ რეჟიმის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეთა ნაწილი კი სამშაბათს გამოცხადებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ისინი პირველ რიგში იმას აპროტესტებენ, რომ, დაპირების მიუხედავად, 24 დეკემბრიდან დიდ ქალაქებში არ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ვერ გარისკა მთავრობამ შეზღუდვების სრულად მოხსნა - სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. გამონაკლისი ახალი წლისა და შობის ღამე იქნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა ისევ ძალაშია, ასევე ძალაშია მთელი ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვაც. რისკების გამო, ბაზრობები არ გაიხსნება, ამ პერიოდის განმავლობაში სავაჭრო ობიექტები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ. ამ შემთხვევაში კი დამატებითი რეგულაციები იმოქმედებს, მაღაზიების სამუშაო დრო 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრა, ადამიანების სავაჭრო სივრცეში დაშვება მკაცრი მართვით უნდა მოხდეს, ფართის ყოველ 20 კვმ-ზე არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში. ტანსაცმლის მაღაზიებში არ ინფუნქციონირებს გასახდელები. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე, “რეზონანსთან” აღნიშნავს, შეზღუდვების შენარჩუნება გამართლებულია, რადგან სპეციალისტების რეკომენდაციაც ეს იყო და ამით მორიგი ეპიდაფეთქებაც თავიდან იქნა აცილებული. “ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდვები საერთოდ ყოფილიყო შენარჩუნებული. მაგრამ გაიხსნა ყველა ის დაწესებულება, სადაც გარკვეული გარანტიებია იმისა, რომ ადამიანთა მოძრაობა გაკონტროლდება. რა თქმა უნდა, სოციალური თანასწორობა შესაძლოა ითქვას, რომ გარკვეულწილად ირღვევა, იმიტომ, რომ ბაზრობა არ იხსნება, მაგრამ ეპიდემიოლოგიური კუთხით უფრო სწორი გადაწყვეტილება ალბათ ეს იყო. თუმცა, უნდა ვნახოთ, თუ რამდენად შეძლებენ ადამიანების ნაკადის გაკონტროლებას, რომ ეპიდემიის აფეთქება ისევ არ მოხდეს. დაწესებულებების თანამშრომლებმა შესაძლოა თავი დაიცვან, მაგრამ როდესაც ადამიანები რიგში დადგებიან და საერთო სივრცეში იმოძრავებენ, შესაძლოა სწორედ იქ მოხდეს გადადება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საფრთხეა. მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა, ნამდვილად არ მინდოდა, რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი. შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო, ძალიან დიდი ალბათობით, სიეტლის ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის გათვლებით, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, დღეში 150 სიკვდილობა გვექნებოდა, რაც ეროვნული კატასტროფაა”, - ამბობს ზოიძე, რომლის თქმით, “ამ შეზღუდვებმა, რა თქმა უნდა, გარკვეული სტაბილიზაცია მოგვიტანა, მაგრამ ესეც მყიფეა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შობა-ახალი წელი მაქსიმალურად ოჯახურ წრეში გავატაროთ. მოდით ამ ახალ წელს ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც მძიმე შედეგად დაგვიჯდება. ყოველდღიური შემთხვევებიც რომ გვერდზე გადავდოთ, რომელიც შესაძლოა ნაწილი ტესტს არ იკეთებს და ა.შ., ყველაზე ტრაგიკული სიკვდილობის რაოდენობაა. დღეს რომ 50 ადამიანი გვეღუპება ესაა სამი კვირის წინ რომ 5 ათასზე მეტი შემთხვევა იყო, იმის შედეგი. ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია და 150 კი სამჯერ მეტს ნიშნავს, ანუ დაახლოებით 18 შემთხვეაზეა საუბარი. მთავარია, რომ აქამდე არ მივიყვანოთ. თუ აქამდე მივიდა, ვეღარაფერი ვეღარ გაუძლებს, რომლის შემდეგაც შემთხვევებიც და სიკვდილობაც კოსმოსური სისწრაფით იმატებს და ამ შეზღუდვებით ასეთი შავი სურათი უნდა ავიცილოთ თავიდან. ძირითადი ლოზუნგი კი ისაა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ თავს და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ამ დაავადების სივერაგე ისაა, რომ მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ხარ პასუხისმგბელი. წინააღმდეგ სემთხვევაში ძალიან დიდი ეროვნული დონის ტრაგედია გვექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
“ამავე აზრისაა ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძეც მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვება გამართლებულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგეს. “უბრალოდ აღარც ექიმები და აღარც მთავრობა რისკზე აღარ მივდივართ იმიტომ, რომ ერთხელ წავედით და რაც მივიღეთ, თქვენც ნახეთ, რომ დიდი აფეთქება მოჰყვა. მე თავიდანვე ვამბობ, რომ მაინც სჯობს, რომ ცოტა შევიზღუდოს, ახალი წელი კიდევ მოვა და მაინც სჯობს, რომ ჩვენ ცოცხლები დავრჩეთ. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც უკმაყოფილობის ტალღა ყოველთვისაა ხოლმე. ყველა ადამიანს ერთნაირი დამოკიდებულება არ აქვს. ზოგს სიტუაცია ბოლომდე გათვითცნობიერებულიც არ აქვს, თუ რა დიდი საშიშროების წინაშე დგას. ხშირად გამიგია ლაპარაკი - რაღა მე დამემართებაო. უკვე ყველას ჰგონია, რომ პირბადეს გაიკეთებს და ვირუსი არ დაემართება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს ასე არაა და ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც დასნებოვნდა და მძიმე შედეგებით დამთავრდა, ყველა მათგანი წესებს ძალიან მკაცრად იცავდა”, - განმარტავს ხმალაძე, რომის თქმით, “მიუხედავად ამისა სოციალური დისტანციის დაუცველობამ ეს პრობლემები გამოიწვია”, - დასძენს გამოცემა.
“თითოეული ადამიანისაც მესმის, რომ დღესასწაული წელიწადში ერთხელაა და ადამიანებთან შეხვედრა უნდა და ა.შ. მაგრამ როდესაც პანდემიაა, რომელ დღესასწაულზეა საუბარი?! ერთი ნაბიჯიღა გვქონდა დარჩენილი კარვების გაშლამდე და საველე ჰოსპიტლებამდე, კლინიკებში ადგილები თითქმის აღარ იყო დარჩენილი. ახლა როგორც იქნა რაღაცას მივაღწიეთ და კიდევ იგივე შედეგი მივიღოთ, რაც აკრძალვებამდე გვქონდა?! ეს არ უნდა განმეორდეს. მოვუწოდებ ყველას, რომ კარგად გააცნობიერონ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, თან ზამთარია, იმუნიტეტი დაცემულია, ადამიანის ორგანიზმი ისეთი ძლიერი არაა, როგორიც ზაფხულში. იმიტომ იყო, რომ ზაფხულში ბევრად ნაკლები ადამიანი იღუპება, ახლა კი მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა მცირდება, ლეტალობამ შედარებით მოიმატა. ბევრ ქვეყანაში აკრძალვები ყველასთვის კარგი და მისაღები ვერ იქნება. როდესაც ასეთი სიტუაციაა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა ის წესები, რასაც პროფესიონალები გვაწვდიან, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი გადარჩენისთვისაა და არა ფულის გასაკეთებლად და დროის გასატარებლად. შეზღუდვები, რომ სრულიად მოხსნილიყო, ინფიცირების დონე მოიმატებდა”, - თვლის გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“ეს ის ინფექციაა, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და მერე უკვე გეომეტრიული პროგრესიით მიდის, თან ახლა ვირუსს მეტი ვირულენტობა და გადამდებლობის უნარი აქვს. ერთი დღით გახსნამ 6 ათასი შემთხვევა თუ მოგვცა... თან ნუ გვავიწყდება, რომ კორონავირუსი ბევრმა უკვე მოიხადა, მაგრამ მაინც, დღეს რომ შეზღუდვები სრულიად მოხსნილიყო, შემთხვევევათა რაოდენობა მაინც ძალიან დიდი იქნებოდა და კაცმა არ იცის როგორი მიმდინარეობა ექნებოდა. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება დაიღუპოს. ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, რომ ახალგაზრდა ყოველგვარი თანმხლები დაავადებების გარეშე დაიღუპა. აქ საუბარია გეომეტრიულ პროგრესიაზე, როდესაც ერთი ინფიცირებული კი არ ემატება, არამედ ხუთჯერ, ათჯერ მეტი დაინფიცირების კერა ემატება. შესაძლოა 10 ათასზე და მეტზეც გასულიყო, საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რიცხვები, რომელიც სხვისთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ძალიან დიდია. ჩინეთში შესაძლოა ამდენი ინფიცირებული ერთ სოფელში ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამმილიონახევარი ვართ. ამიტომაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჯერ ჩვენს თავს და მერე იმას, რომ სხვებისთვის ინფიცირების წყარო არ გავხდეთ”, - დაასკვნის ხმალაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"