"ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი" -გია ხუხაშვილი
“კოვიდმა” დროის უდიდესი ნაწილის ჩვენს მიკროსამყაროში, ოჯახში გატარების საშუალება მოგვცა.
სხვა ბევრ რამეზეც დაგვაფიქრა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა სიტუაციის ფართო სპექტრში დანახვა მჩვევია. სხვათა შორის, პროფესიით არც ეკონომისტი ვარ, მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ეს იყო ჩემი პირველადი განათლება, ეკონომიკაში დისერტაცია დავიცავი. ჩემი სპეციალობით მუშაობასაც ვგეგმავდი, მაგრამ 9 აპრილის ცნობილმა მოვლენებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა... “ვარდების რევოლუციაში” აქტიურად ვიყავი ჩართული. ზურაბ ჟვანიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. კოსტავას ქუჩაზე პირველი ლიტერატურული კაფე ჩემი ინიციატივით გაიხსნა. დაუმორჩილებლობის შტაბის ფუნქციას ასრულებდა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა”.
“სააკაშვილი თავიდანვე მაშფოთებდა, მაგრამ ზურა იყო გარანტი, რომ პროცესი ნორმალურად განვითარდებოდა. მისი თხოვნით სამეთვალყურეო საბჭოშიც ვიყავი. ჩემი მთავარი მიღწევა რკინიგზაში შავი სალაროს ამოძირკვა იყო. მაშინ ლევან ვარშალომიძე იყო დირექტორი და ერთად ვიბრძოდით. შემდეგ ლევანი აჭარაში წავიდა, დირექტორი დავით ონოფრიშვილი გახდა და ძალიან მალე მოვიდა ახალი სქემების დალაგების დირექტივა. იქიდან დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლებასთან. წამოვედი რკინიგზიდან და საჯარო განცხადებები გავაკეთე, რის შემდეგაც თავს დამესხნენ. სხვათა შორის, პირველი პოლიტიკური თავდასხმის მსხვერპლი მე ვიყავი. ეს დღეს არავის ახსოვს - ქვედა და ზედა ყბა დამსხვრეული მქონდა, 6 საათს მიკეთებდნენ ოპერაციას. ამ შემთხვევიდან 10 დღეში დაიღუპა ზურაბ ჟვანია და ამის მერე დაიწყო ჩემი დაპირისპირების ეპოპეა რეჟიმთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“პირველი ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პოლიტიკაზე სასაუბროდ, მე გახლდით. “მინდა მე და შენ დავიწყოთ” - ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები. სამი დღე ვუყურე ტელევიზორს და შენ აგარჩიეო. შევპირდი, დავეხმარებოდი, მაგრამ პოლიტიკაში არ შევიდოდი. მეორე დღიდანვე გავმართე კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისთან ერთადაც ბიძინა ბრძოლის დაგეგმვას აპირებდა. პირველი შეხვედრა გავმართე რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებთან”. საჯარო მონაწილეობაზე თავიდანვე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ კულისებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. პირველი ნაბიჯები ნამდვილად მე გადავდგი კოალიციის ფორმირებაში. შემდეგ ვიფიქრე, კულისებში ყოფნა სწორი აღარ იქნებოდა და საჯაროდ ჩავერთე საქმეში. დღეს აღარავის ახსოვს და შეთქმულების თეორიებს აწყობენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გავდგებოდი განზე. სამწუხაროდ, არჩევნები მოვიგეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა. დავაპირე, მაგრამ ივანიშვილმა მთხოვა რამდენიმე თვე არ წავსულიყავი, რადგან იყო საკითხები, რომელთაც ჩემ გარდა ვერავინ მოაგვარებდა. სწორი იქნებოდა, რომ არ დავთანხმებულიყავი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ასე ვერ მოვიქეცი. ამიტომაც მივიღე რეპუტაციული ზიანი. ბინძური კამპანია დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ, არა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, არამედ თავად გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ მავანთ ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ, ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი. ვიცოდი, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეს, საქმის კურსში ბიძინაც ჩავაყენე, მაგრამ ზერელედ შეხედა ამ პრობლემას. მაშინ მივხვდი, უკვე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. ისევ მთხოვა დარჩენა, ამის გამო ურეკშიც ჩამიყვანა, მაგრამ მე აზრი აღარ შევიცვალე... ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა - ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის. მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ასევე ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს”, - ამბობს ექსპერტი.
“არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ, ირაკლი კობახიძე კი არა - კობახიძე დაჯდება პროკურატურაში და დაწერს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო, ის მავალებდა ცუდ საქმეებსო... ივანიშვილი ტაქტიკოსია, სტრატეგიებზე არ ფიქრობს. ის ასე უყურებს ცხოვრებას: გაჩნდა პრობლემა, გადაწყვიტე. მერე შეხედავს, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაიმე დააკორექტიროს. ამ წუთში ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ტაქტიკური ამოცანა გადაწყვიტა. ახლა აკვირდება მოვლენებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. არანაირი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. ოპოზიციის ერთადერთი აქტივი ერთიანობაა, ივანიშვილი ცდილობს მათ დაშლას და დაპირისპირებას. ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს: დაშინებას, დაშანტაჟებას, მოსყიდვას. თუ ამას ვერ მოახერხებს, აუცილებლად შეცვლის პოზიციას. არ არის ხისტი ადამიანი, რომელიც მეთოდურად ერთ სქემაში ზის. მას ახასიათებს ადამიანებში ცუდი თვისებების ძიება, პოვნა და მერე ამით მანიპულირება. ასეთი ტიპის მენეჯერია. ის ახლა ფიქრობს, შეიძლება არც მე ვარ მთლად წელში გამოყვანილი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან, ორ შაურად იყიდებიანო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის მოპოვება”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გახარიასაც კარგად იცნობთ. თქვენი მეზობელია და მთავრობაშიც თქვენ წარადგინეთ”, - პასუხობს:
“დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში გახარია იმ იშვიათთაგანია, ვისგანაც სერიოზული სახელმწიფო მოღვაწის ჩამოყალიბება, გამოთლა შეიძლებოდა. თუმცა დღევანდელი მმართველობითი ალგორითმიდან გამომდინარე, გახარია ვერასდროს მოახერხებს ამ უნარების გამოვლინებას. ივანიშვილს არ სჭირდება განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ის ყველას რესურსად იყენებს. როგორც კი ამა თუ იმ პირის რესურსი ამოიწურება, მაშინვე განზე გასწევს. წულუკიანის მაგალითი ნახეთ - სანამ სჭირდებოდა, მისი ხელით ბევრი ცუდი საქმე აკეთა, ახლა განზე გასწია, ვითომ ამბიციაც დაუკმაყოფილა, კულტურის სფერო ჩააბარა. თუმცა ახლა მისი მთავარი საქმე ის იქნება, თუ რომელი როიალი იყიდოს პარლამენტისთვის”.
“ივანიშვილმა გახარიაც განზე ძალიან მკვეთრად გასწია - უთხრეს, არა ხარ პოლიტიკური ლიდერი, პანდემიასა და სოციალურ პრობლემებს მიხედეო. მინისტრთა კაბინეტის შეცვლის უფლებაც არ მისცა. ეს კაბინეტი არ არის გახარიას გუნდი, ის ივანიშვილის გუნდია. ამით პირდაპირ უთხრა, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო. ყველას ასე ეუბნებოდა, მათ შორის კვირიკაშვილსაც. თუ დასჭირდა ოპოზიციასთან კონსტრუქციულობანას თამაში, გახარიას ისევ შემოსწევს და კობახიძეს დამალავს. ხომ გახსოვთ, კობახიძემ ძალიან რომ გადაამლაშა, როგორ გადამალა. ახლა ასე სჭირდება და ისევ წინა ხაზზე გამოიყვანა. ამით კობახიძესაც აჩვენებს, რომ არაფერს წარმოადგენს 8-წლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის სტატუსის შეცვლა არც მის წასვლას ნიშნავს და არც მოსვლას - ძალაუფლება მაინც მხოლოდ მის ხელში იქნება. შეიძლება საბელი ცოტა დააგრძელოს, მერე ისევ დაამოკლოს. სააკაშვილი და ივანიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს, მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა - მიდის, მაგრამ არ მიდის”, - დასძენს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"