ორი დაპირისპირებული მხარე და მომრიგებელი “ნაცმოძრაობა” - რას ნიშნავს ოპოზიციაში გაჩენილი ახალი კონფიგურაცია

“ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ამ ეტაპზე ისიც კი გაუგებარია, შეძლებენ თუ არა ერთობის შენარჩუნებას მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე, რომელიც თვის ბოლოსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი - ერთის მხრივ “მოქალაქეები” და “გირჩი”, მეორეს მხრივ კი “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”.

“ნაციონალური მოძრაობა”ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ისინი არც ერთი ჯგუფის მხარეს არ დადგებიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, აქ ყველაზე საინტერესო სწორედ “ნაცმოძრაობის” პოზიციაა, რომელმაც ერთგვარი შიდაოპოზიციური ფასილიტატორის როლი მოირგო და პოზიციონირებს არა როგორც დანარჩენების თანასწორი პარტნიორი, არამედ ამ დაპირისპირებაზე მაღლა მდგომი და ოპოზიციის გამაერთიანებელი, ლიდერი პარტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი დაპირისპირებული მხარე და მომრიგებელი “ნაცმოძრაობა” - რას ნიშნავს ოპოზიციაში გაჩენილი ახალი კონფიგურაცია.

 

“რაც შეეხება დაპირისპირებულ მხარეებს, ერთი მათგანისთვის “ნაცმოძრაობის” ბოლო განცხადებები მიუღებელია, მეორესთვის კი - სავსებით ნორმალური. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ პირდაპირ აცხადებს, რომ ძალიან არ მოსწონს ნიკა მელიას განცხადება. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობაზე” ცუდს ვერაფერს იტყვის და მათ “ყველაზე ნორმალური პოზიცია” აქვთ. დაპირისპირების ფორმალური საფუძველი “მოქალაქეებისა” და გირჩის ინიციატივა გახდა. მათ სურთ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოცხადდეს და მისი შედეგების მიხედვით გადაწყდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს იმის დადასტურებად ჩაითვლება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია, პარლამენტის შემადგენლობა არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია ჩასატარებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ევროპულმა საქართველომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” ამის განხილვასა და “გირჩი”-“მოქალაქეებთან” შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. “ნაცმოძრაობის” ახალმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი პარტიის შიგნით გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დრო ითხოვა და მზადაა ელისაშვილს თვის ბოლოს შეხვდეს. მთელი ეს შიდა დაპირისპირება საბოლოოდ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლამდე დადის. ანალიტიკოსთა ერთსულოვანი შეფასება ისაა, რომ “გირჩსა” და “მოქალაქეებს” ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეს ახალი შეთავაზება მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტში თავისი მომავალი შესვლა გაამართლონ. თუმცა, ამაზე არათუ სხვადასხვა პარტიებს შორის, არამედ ცალკეული პარტიების შიგნითაც, როგორც ჩანს, სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ამ მხრივ თვალში საცემია “ლელოში” მიმდინარე პროცესებია. მაგალითად, დავით უსუფაშვილის მიერ პოლიტიკური პროცესებიდან დროებით ჩამოშორება და ამის ფონზე, პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან ელისაშვილის კრიტიკა და პარლამენტის ბოიკოტის იდეის კიდევ უფრო რადიკალური მხარდაჭერა. რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებელს”, პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოზიცია, როგორც ჩანს, შედარებით ზომიერია. თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ ვაშაძე მათთან შეხვედრისთვის მზად იყო და შემდეგ მოულოდნელად გადაიფიქრა, შესაძლოა პარტიის სხვა ლიდერების გავლენით, რომლებიც “გირჩი”-“მოქალაქეების” მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. თავად ვაშაძე კი ბოლო დღეებში მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებასა და ე.წ. “მესამე პოლიტიკური ძალის” შექმნის დაწებაზე საუბრობს. ყველაზე რადიკალური კი “ევროპული საქართველოს” პოზიციაა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “მოქალაქეები” და “გირჩი” განგრენას შეადარა, რომელიც უნდა მოიკვეთოს. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მასთან და “გირჩთან” ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე “ნაციონალურ მოძრაობას” “ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს”, - დასძენს გამოცემა.

 

“დღეს ვაშაძე გამოვიდა და თქვა - ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასო. ეს იცით როგორი გაუგებარი რამეა?! პარლამენტში არ შედიხარ, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს ზურგი აქციე და იძახი, რომ ბოიკოტს ვუცხადებო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადები, შე დალოცვილი, ისევ თამარ ჟვანიასთან, რომ მიხვიდე?! ეს არის ის, რაც ვერც ჩემს ტვინში ლაგდება. ჩვენ მაინც შევალთ, ჩვენ გვინდა პირნათლები ვიყოთ და ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ ამბავს. არ დავზოგავთ თავს და ზუსტად ვიცით მეც და ლევანმაც რისთვის მივდივართ და მართლა ხალხის პრობლემების გამხმოვანებლები ვიქნებით ჩვენ და გვინდა, რომ უბრალოდ ამოვწუროთ ეს შესაძლებლობა და ყველას დაველაპარაკოთ. ხალხო, რა გჭირთ?! შეხვედრა რა უდგას წინ?! “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს - ვერ ვიტყვი ვერაფერს ცუდს, ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ნიკა მელიამ თქვა, ითხოვა დრო თვის ბოლომდე, რომ ახალი თავმჯდომარე ვარ და პარტიაში რაღაცები მაქვს დასალაგებელიო. კი, ბატონო, ძალიან პატიოსანი სიტყვაა. სხვებმაც თქვან, პირობები დააყენონ, ინიციატივა გვითხრან, ყველაფერზე მივყვებით. არ მოსწონთ ეს აზრი? უკეთესი გვითხრან”, - განაცხადა ელისაშვილმა. ნიკა მელია ამბობს, რომ მას არავისთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს და ყველას მოუსმენს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“მელიას თქმით, “ნაციონალურმა მიძრაობამ” მოსმენა ისწავლა და ამბობს, რომ კოლეგების მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული იქნება, რადგანაც ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. მისი მტკიცებით, როცა კონფლიქტია ან ერთია მართალი და ან მეორე. ამიტომ მას სიტუაციის გამწვავება არ უნდა. საზოგადოება მათგან სამოქმედო გეგმას ელის. ხოლო ოპოზიციიის ნაწილს თუ პარლამენტში შესვლა უნდა, შევიდნენ და ძალით ვერ დააკავებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციის დაპირისპირებაში ნიკა მელიას ქცევა და პოზიცია საკმაოდ საინტერესოა. როგორც ჩანს, მელიას როგორც პარტიის ლიდერობა, ასევე მთლიანობაში გაერთიანებული ოპოზიიცის ლიდერობის ამბიციები აქვს. როგორც ჩანს, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს, რომ იგივე შეცდომები აღარ დაუშვას. მელიას ტაქტიკა ძალიან სწორად აქვს არჩეული და დიდი ალბათობით მას არა მხოლოდ პარტიის ლიდერობა, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიედრობაც სურს. ამიტომაც სწორად იქცევა, რომ სიტუაციას კიდევ უფრო არ ძაბავს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც იგივე აზრზეა და ფიქრობს, რომ ნიკა მელიას სახით შესაძლოა საკმაოდ საინტერესო პოლიტიკოსი და ლიდერი მივიღოთ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“ვფიქრობ, სააკაშვილმა მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცა და ამ ეტაპზე, როგორც ვხედავთ, არ ერევა. შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით. საინტერესოა ის მიგნებაც, რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი მას დადებითად ახასიათებს და ამბობენ, რომ მასთან კომუნიკაცია არ უჭირთ. ვფიქრობ მელია სიტუაციის დალაგებას ცდილობს და ვანხოთ ეს როგორ გამოუვა. მაინც მგონია, რომ “მოქალაქეები” და “გირჩი” პარალმენტში შევლენ. ყოველ შემთხვევაში ამისთვის ნიადაგს ამზადებენ. მელია ცდილობს, რომ ელისაშვილი, იოსელიანი და “გირჩის” წევრები იმაში დაარწმუნოს, რომ პარლამენტში მათი შესვლა ოპოზიციის ერთიანობას ჩრდილს მიაყენებს. მელიას სურვილია, რომ ოპოზიციური ერთობა, როგორც ხელისუფლებასთან ბრძოლის ბერკეტი, არ დაკარგოს. თუ ელისაშვილმა და სხვებმა მაინც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, მაშინ მელიას სათქმელი ექნება, რომ მათ გადარწმუნებას ეცადა მაინც. ეს არის პროგრამა მინიმუმი, ხოლო მაქსიმუმი მელიას დიდი ალბათობით მთლიანი ოპოზიციის ლიდერობა უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე,

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ოპოზიციური პარტიებზე ერთად აღებული უფრო მეტი ხმა აიღო. ამიტომაც ლოგიკურია მელიასაც და პარტიის სხვა წევრებსაც ლიდერობის ამბიცია აქვთ. “ნაციონალების” გარეშე ოპოზიცია პარლამენტშიც რომ შევიდეს, დიდს ვერც ვერაფერს გააკეთებენ. ამიტომ პარტიასაც და მის ლიდერსაც სიტყვა ეთქმის და ლოგიკურია, რომ მელია მომრიგებლის როლს ირგებს. არც მას და არც “ნაციონალებს” ოპოზიციის შიგნით ასეთი დაპირისპირება არ აწყობთ. მელიას ქმედება ტაქტიკურად სრულიად გამართლებული და სწორია. უკვე იკვეთება, რომ მელია დამოუკიდებელი ლიდერია, რომელის საქმეშიც სააკაშვილი ამ ეტაპზე არ ერევა. დიდი ალბათობით ასეც იქნება, რადგანაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას სააკაშვილზე უკეთესად მელია იცნობს და მისი გადაწყვეტილებებიც შესაბამისად უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე სააკაშვილის, რომელიც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე უშუალო ინფორმაციას ვერ ფლობს”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 453 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.