შეზღუდვების მოხსნის გეგმის ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია

“კვირის ბოლომდე საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გახსნის გეგმას წარმოადგენს. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა.

ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო შეზღუდვების შემსუბუქებაზე უკვე მუშაობს, რომელიც, დაახლოებით, 2 დღეში იქნება ცნობილი. “რეზონანსისთვის” ცნობილი გახდა რამდენიმე დეტალი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში ბიზნესის მცირე ნაწილი გაიხსნება, რის შემდეგადაც მოხდება ეპიდვითარების ცვლილებაზე დაკვირვება და სხვა სფეროების გახსნა ამის მიხედვით გადაწყდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვების მოხსნის გეგმის ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია / პირველ ეტაპზე გაიხსნება ვაჭრობა, შემდეგ - ტრანსპორტი და ავიაცია, გაზაფხულიდან კი - სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები.

 

“რეზონანსი” იმ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლის აღდგენაც, დიდი ალბათობით, ეტაპობრივად მოხდება. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება. ჯერჯერობით, არ გამართულა მსჯელობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებისა და “კომენდანტის საათის” მოხსნის შესახებ, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მეორე ეტაპზე, ანუ თებერვლის შუა რიცხვებიდან მოხდება. დაახლოებით, ამ დროს ამოქმედდება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე სრული მზადყოფნა არსებობს. “ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორისაც კი, სადაც ძალიან მწვავე პრობლემა იყო, არ აკრძალულა ტრანსპორტი. არაადამიანობაა, მობილობა შეამცირო იმ ხალხის ხარჯზე, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს”, ამობს მესხიშვილი, რომლის თქმით, “მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰყავს ავტომობილი და მათი გადაადგილების ერთ-ერთი საშუალება სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მე თბილისის მერიაში მქონდა საუბარი ტრანსპორტის სამსახურთან და შემიძლია ვთქვა, რომ დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახური მზად არის, მუშაობა განაახლოს და წესები ზედმიწევნით დაიცვას. ჩვენ კი, ვინც ამ სფერში ვართ, რეკომენდაციები მიწოდებული გვაქვს. ყველა ამბობს, რომ მათი შესრულება ნამდვილად შესაძლებელია. მაშინ რაღა დარჩა, რატომ არ მუშაობს ტრანსპორტი? ეს ეხება ბათუმსაც, ქუთაისსაც, მუნიციპალიტეტებს. დედაქალაქის მერიასა და ტრანსპორტის სამსახურს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგეს, რაც მისასალმებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მესხიშვილი.

 

“ქვეყანის დიდ ქალაქებში ამ ეტაპზე ისევ დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. რაც შეეხება პატარა ქალაქებსა და სოფლებს, იქ მეორე სემესტრი საკლასო ოთახებიდან დაიწყო. შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი შესაძლოა, სწორედ განათლებას დაეთმოს. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გაზაფხულზე, ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები მოიხსნას და სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. “ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ, ინფორმაციის გაცვლა ხდება და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დასტაბილურდება ეპიდმდგომარეობა. როდის გაიხსნება სკოლები, ზუსტი თარიღის დაანონსება ჯერ ადრეა, მაგრამ იქითკენ ნამდვილად მივდივართ და ვმუშაობთ”, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ. ჯერჯერობით, გაურკეველია საჰაერო მიმოსვლის ბედიც და უცნობია, როდიდან აღდგება რეგულარული ფრენა. ჯერ კიდევ დეკემბრის მიწურულს მთავრობისგან გაიცა დანაპირები, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა 2021 წლის თებერვლიდან აღდგებოდა, თუმცა ახლა დაუდგენელია, ეს პირობა ისევ ძალაშია თუ - არა. ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობა დანაპირებს შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაკომპანიები გაკოტრებას ვერ გადაურჩებიან”, - გასძენს გამოცემა.

 

“ახლა ყველა ელოდება თებერვლის თვეს. ჯერ არავის არ უთქვამს, რომ რეგულარული რეისები თებერვლიდან არ განახლდება. ყველა ელოდება, რომ ეს მაინც შემდეგ თვეში მოხდება. მეც მოველი, რომ აუცილებლად შესრულდება პირობა და მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება. ავიაციის სექტორი დიდი ხანია, გახსნას ელოდება. ჩაკეტვა არის სერიოზული კრიზისისა და ზარალის მომასწავებელი. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროპულმა სახელმწიფოებმა თავიანთი საჰაერო საზღვრები უკვე გახსენეს. საქართველოშიც ავიაციას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ამოისუნთქოს. მით უმეტეს, დაიხვეწა “პისიარ” ტესტები, დღეს უკვე პასპორტიზაციაც შეიძლება. ზოგადად, საავიაციო სეზონი იწყება აპრილის ბოლოს და მთავრდება ოქტომბერში. ამ პერიოდში ავიაციაზე დიდი მოთხოვნაა და თუკი კომპანიებს არ მიეცათ მუშაობის საშუალება, მაშინ ნამდვილად ვერ გადაურჩებიან გაკოტრებას, რადგან დიდი ხანია, კრიზისში არიან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იასე ზაუტაშვილი.

 

“ქვეყანაში ავიასექტორის აღდგენა ტუმიზმის ამუშავებას ხელს დიდად შეუწყობს. მართალია, საწყის ეტაპზე ქვეყანას ტურისტების დიდი ნაკადი არ ეყოლება, მაგრამ ბიზნესს ფეხზე წამოდგომაში მაინც დაეხმარება. შეზღუდვების შემსუბუქების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს ეკონომისტი ირაკლი ლატარია, თუმცა აღნიშნავს, რომ საჭიროა პირველსავე ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. “ახლა ეკონომიკური პრობლემა თითქმის ყველა სფეროს აქვს. კარგი იქნება, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსორტი გაიხსნას. წესით, ეს არ უნდა იყოს ძალიან დიდ პრობლემასთან დაკავშირებული, მაგრამ არ ვიცი, ჯანდაცვის კუთხით რა შეფასებებია. ვხედავთ, როგორი სიტუაციაა ქვეყანაში და ეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმაც იციან”, - განუცხადა ლატარიამ “რეზონანსს”. ყველაზე მეტად გაურკვეველია რესტორნების, კაფე-ბარებისა და ფიტნეს დარბაზების საკითხი. მათ წარმომადგენლებს, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ და ვერც ვერაფერს ამბობენ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 621 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.