მელიას ლამის ეხვეწებიან, ციხიდან გამოდიო - პროკურატურის შეთავაზებას არესტანტი ჯიუტად უარით პასუხობს

“პროკურატურა ენმ-ის დაკავებულ ლიდერს შანსს აძლევს, რომ ციხე დატოვოს. ამისთვის კი გირაო უნდა გადაიხადოს, 40 ათასი ლარი.

თუმცა, როგორც ჩანს, გირაოს გადახდას, ნიკა მელია არც ახლა აპირებს. თავიდან მისმა თანაპარტიელმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ “ის არასოდეს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე”. მერე კი ადვოკატმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ გირაო გადახდილი არ იქნება. ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ მელია კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა თქვა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავს. გენერალურმა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის ადვოკატების სააპელაციო სარჩელი დაუშვებლად ცნო სასამართლომ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მელიას ლამის ეხვეწებიან, ციხიდან გამოდიო - პროკურატურის შეთავაზებას არესტანტი ჯიუტად უარით პასუხობს.

 

“ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა თვითმიზანი. ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”, - თქვა გულუაშვილმა. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ამისა, მელია გირაოს არც ახლა გადაიხდის. აი, რას ამბობს პროკურორის განცხადების კომენტირებისას ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე. “მოვისმინეთ აბსურდული და სხვათა შორის, ხაზი მინდა გავუსვა, შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ემსახურება. პროკურატურის ეს განცხადება, ემსახურებოდა იმას, რომ ნიკამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით თავისუფლება მიიღოს. ამიტომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად, დიდი შემართებით და ის არასოდეს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე”, - თქვა დეკანოიძემ. მერე ადვოკატმა უკვე დაუფარავად თქვა, რომ მელია გირაოს არ გადაიხდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ფაქტია ერთია, რომ ნიკა მელიამ პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის იმიტომ, რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, მას აქვს პრინციპული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად სასამართლო განხილვის დროს ფაქტიურად დადასტურდა, რომ ნიკა მიმართ პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. პროკურორის ბრიფინგისას ჩვენ მოვისმინეთ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება არა იმიტომ რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ამოცანები იქნეს მიღწეული, არამედ იმიტომ, რომ ნიკა მელიას არ აქვს გირაოს თანხა გადახდილი. გირაოს მცველებად გვევლინებიან. კარგად გვესმის ის მძიმე მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ხელისუფლება იმყოფება. ისინი ცდილობენ თავიანთ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნებას, რადგან ისინი გულზე მჯიღს იცემენ”, - განაცხადა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. არ არის გამორიცხული, რომ თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის წინ “ოცნებამ” მელიას გათავისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მანამდე კი ევროპარლამენტის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს პარტიათაშორისი დიალოგის განახლებაზე იმუშაოს. მათ შეშფოთება გამოთქვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის პატიმრობის, ასევე იმის გამო, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა ნიკა მელიას დაკავება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს არსებულ ვითარებას. მათი თქმით, ძალის გამოყენება და რევანშიზმი დომინანტური ტენდენცია გახდა, პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. “ნაციონალურ მოძრაობაში” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აცხადებენ, რომ მართლმსაჯულებისადმი უნდობლობის მიუხედავად მაინც პატივისცემა გამოიჩინეს პროცედურების მიმართ და სწორედ ამიტომ შეიტანეს საჩივარი სააპელაციო სასამართლოშიც. სამწუხაროს უწოდებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი იმას, რომ ეს საშუალებაც არ იქნა გამოყენებული სიტუაციის განსამუხტავად. “სტრატეგია აღმაშენებელში” ამბობენ, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, პაატა მანჯგალაძის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ენმ-ს ლიდერის მიმართ შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი”, - დასძენს გამოცემა.

 

“ლელოს” წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კანონის ხარვეზის მიუხედავად სასამართლოს შეეძლო ეს საჩივარი წარმოებაში მიეღო. ამბობს, რომ ამ პროცესებში მთავარი პრობლემა პოლიტიკურ ნებაშია - სწორედ პოლიტიკური ნება იყო ნიკა მელიასთვის პატიმრობა შეფარდებაც და ამის აღსრულებაც. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სამართლებრივად ყველაფერი სწორად განვითარდა და სასამართლოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. “რეალურად რა უნდა ექნა შემდგომ ინსტანციას და როგორ უნდა გამოეყვანა ეს სიტუაცია სხვანაირად, რომ მელიას ეს არ ჩაუდენია, არ გაუკეთებია, სამაჯური არ შეუბამს და არ მოუხსნია და არ გადაუგდია? ე.ი. დათანხმებოდა ადვოკატების კონცეფციას, რომ არ არსებობს სასამართლო, ვერ დაიჭერენ, არც გადაიხდის და არაფერი არ მოხდება? რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ პოლიტიკური სიმპათიებიც კი რომ ჰქონდეს ვინმეს მიმართ?” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“სასამართლოს არაფრის დიდებით არ უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და სხვა კრიტერიუმებით, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებს სცილდება. მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან, რომელმაც ახსნა, რომ ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების ის მექანიზმი, რომელსაც მიმართეს ნიკანორ მელიას ადვოკატებმა. ამის გასაჩივრების წესი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული,” - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 450 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.