შესაძლოა თუ არა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?
ამ ცოტა ხნის წინ, ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
"ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისათვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს - "ქართულ ოცნებას“, ან "ნაციონალურ მოძრაობას". უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება... ამ ალიანსს ვხედავ როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტეციალს ქმნის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:
"ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვიქნები, რომელიც დემოკრატიულობის და სტაბილურობის ბრძოლაა, მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ისევე, როგორც ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემს როლს ვთამაშობდი“.
მარგველაშვილის ამ განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი და მოლოდინი იმისა, რომ ექსპრეზიდენტი აქტიურ პოლიტიკას განსხვავებული იმიჯით უბრუნდებოდა და არც თუ უსაფუძვლოდ. როგორც ambebi,ge-სთვის გახდა ცნობილი, შეიძლება გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრემიერ - გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, რომელიც ბოლო დროს ასევე გააქტიურდა პოლიტიკური განცხადებებით, პოლიტიკურ გაერთიანება შექმნას. ამ ალიანსში ასევე მოიაზრება საგარეო საქმეთა ექსმინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდმარის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, გასული წლის ივნისში დაარსებული პარტიის "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები: ლევან გოგიჩაიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი მარგველაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აღარაფერზე აკეთებს. მან არც უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია. " ხალხი ბევრ რამეს ამბობს და მომავალშიც იტყვის", - განაცახდა მან.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ჯაბა ჯიშკარიანსაც.
- რამე რომ იყოს, აუცილებლად გეტყოდით. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ჩემი მეგობარია. დასამალი არაფერია, მე და "გოგიჩა" მივდიოდით, შემთხვევით შევხვდით მას, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ. ვიცი, ვიღაცეები კი მოაბამენ კუდს, მაგრამ ჩვენ რამის თქმა და გაკეთება რომ გვინდოდეს, ვერავინ დაგვასწრებს, ვინაიდან ყველაფერს საჯაროდ ვაკეთებთ.
- შემოთავაზების შემთხვევაში თანამშრომლობაზე დათანხმდებით?
- უნდა ავწონ-დავწონოთ რაღაცები, ვიღაცებმა საკუთარი პოზიცია ღიად უნდა გამოხატონ - ვინ ვინ არის, ვის რა უნდა, რა პოზიცია აქვს, სად დგას ეროვნული ინტერესი, როგორ ხედავენ მომავალს, როგორ ხედავენ "ქართული ოცნების“ განვლილ 9 წელს და ყველაფრის გაანალიზების მერე გადავწყვეტთ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"