რას სთხოვს სააკაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას
“მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობისას პირადად მისი სამართლებრივი დევნის საკითხი დააყენონ.
რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს მოთხოვნა ახალი ულტიმატუმის სახით დაუყენოს? ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ექს-პრეზიდენტს სავარაუდოდ ორი მიზანი აქვს - ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ჩაშლა, ან “ოცნებაზე” მუდმივი ზეწოლის შენარჩუნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი სავაჭრო თემა - რას სთხოვს სააკაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას.
“პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. უნდა მოხდეს განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გამოვიდეს საპატიმროდან ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე. მეორე - უნდა შეწყდეს უამრავი ადამიანის პოლიტიკური დევანა. მესამე - მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯები გადასდგმელია. მე მოვუწოდებ ყველა პარტიას დადგნენ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების მაღლა. ნუ ჩათვლიან, რომ სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ, პირიქით გიძნელებთ. მე მინდა თქვენთან ერთად გადავლახო და სიტუაცია განიმუხტოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველამ გულწრფელად მოვინდომოთ სიტუაციის გამოსწორება”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმით, “წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მაინც არ დადგება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მის მოწოდებაში რამდენიმე ვერსია შეიძლება ასებობდეს. პირველი ის, რომ პროცესი ჩაიშალოს, ან “ქართული ოცნება” მუდმივად ოპოზიციამ ზეწოლის ქვეშ ამყოფოს, წაუყენოს ახალ-ახალი წინადადებები, რაც პროცესს მართლაც გააჭიანურებს. მე უფრო ვფიქრობ და როგორც ჩანს, სააკაშვილს უნდა, რომ თუ ამნისტია მიღებული იქნება, ეს ამნისტია მასზეც გავრცელდეს და თავისუფალი იყოს თავის ქმედებებში. ამას ითხოვს პარლამენტში შესული ოპოზიციისგან. ჩემთვის სულ ერთია სააკაშვილი აქ იქნება თუ კიევში, მაგრამ ხელისუფლებამ პოლიტიკური სადავეები ხელში უნდა აიღოს და 20 ივნისის პრობლემა ბოლოს და ბოლოს გადაჭრას. მერე რას იტყვის სააკაშვილი, ან მელია გამოვა თუ არა ციხიდან, მნიშვნელობა არ ექნება. მნიშვნელობა არ ექნება ასევე დასავლეთის პატნიორებისთვისაც. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციაც შეინარჩუნოს და ამნისტიის თემაც სავაჭრო არ გახადოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"