ახალი მოთამაშეები ქართულ პოლიტიკაში - ვინ იხეირებს ამით და ვინ დარჩება ხახამშრალი
“ქართულ პოლიტიკურ ფლანგზე ახალი მოთამაშე ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოდის.
როგორც მან საზოგადოებას ამცნო, პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მის ორგანიზაციას “ერთობა, რაობა, იმედი” ერქმევა. ბიზნესმენმა ახალი ორგანიზაცია შემოკლებით “ერი” დააფუძნა. ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვაა, რომ მან საკმაოდ მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება მიიღო. რატომ მიიღო ბიზნესმენმა ეს გადაწყვეტილება და ვისთან ერთად შეიძლება ის ვიხილოთ, ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ვერსიები, რომ ის შესაძლოა მომღერალ “უცნობთან” იგივე გია გაჩეჩილაძესთან ერთად გამოჩნდეს. ასევე არაა გამორიცხული, რომ მან საპატრიარქოსგან დიდი მხარდაჭერა მიიღოს. ჩნდება ეჭვიც, რომ ვასაძე “ნამახვან ჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მხარდაჭერითაც საგებლობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი მოთამაშეები ქართულ პოლიტიკაში - ვინ იხეირებს ამით და ვინ დარჩება ხახამშრალი.
“თუმცა ვასაძესთან ერთად პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიასაც ელიან. ვინ ვისი კონკურენტი იქნება და რა გავლენას მოახდენენ ისინი პოლიტკურ ველზე, ჯერ უცნობია. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვასაძე არ არის იმ დონის ფიგურა, რომელმაც პოლიტკურ ცხოვრებაში რამე ცვლილება შემოიტანოს. მას ჰყავს თავისი მიზნობრივი აუდიტორია და ელექტორატი, რომელთა შორის კონკურენტებიც კი არიან. “მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ კერძო პირის მდგომარეობას და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არის, პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური”, აცხადებს ლევან ვასაძე. ის ფლობს მრავალმილიონიან ბიზნესებს რუსეთსა და საქართველოში. საზოგადოების ნაწილი მას “პრორუს ბიზნესმენადაც” მოიხსენიებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ოფიციალურად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, თუმცა პირველ საჯარო პრესკონფერენციაზე მას არ დაუკონკრეტებია, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას. ჟურნალისტების კითხვას, ვიხილავთ თუ არა მომღერალს და შოუმენს, გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) მის პარტიაში, ვასაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე გაჩეჩილაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ბიზნესმენის ადასტურებს, რომ “უცნობი” მისი მეგობარია, პატივს სცემს მის საქმიანობას, თუმცა ამ საკითხზე მათ შორის საუბარი არ შემდგარა. ვასაძის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ეხმაურება - “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება და შესაძლებლობა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. რაც შეეხება მის შანსებს, ამას, მათი თქმით, არჩევნები აჩვენებს. “ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუკი ვინმეს რამე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფრის პასუხი იქნება არჩევნებზე გაცემული”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ლევან ვასაძე არის პრორუსი და რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მას მაღალი შანსები ქართულ პოლიტიკაში არ აქვს”, - დასძენს გამოცემა.
“პრორუს ადამიანებს და პოლიტიკოსებს და დეკლარირებულ რუსულ აგენტურას, რაც ნაკლები მხარდაჭერა ექნება საქართველოში, ვიქნები ამით უფრო ბედნიერი. ვასაძე არც მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე და ღიად ქადაგებს პრორუსულობას და იმას ლაპარაკობს, რაც რუსებს აწყობთ”, - აცხადებს პარლამენტის წევრი და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი. იგივე პოზიციას იზიარებენ “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე და “ევროპული საქართველოს” რეგიონული მდივანი ლაშა დამენიაც. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ის როგორც სამოქალაქო პირი ადრეც აქტიურობდა, ამიტომაც მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს. რაც შეეხება იმას იქნებიან თუ არა ის და უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე ერთად, ძაბირაძე ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან”, - წერს სტატიის ავტორი.
“თუკი უცნობიც პოლიტიკაში შემოსვლას ასე ღიად დაანონსებს, მაშინ მათ ერთი საერთო ელექტორატი ეყოლებათ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელსაც ასევე უკვე გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკაში შემოვა, ის ყველაზე გავლენიანი და მძიმეწონიანი ფიგურაა, ამიტომაც მისთვის უცნობი და ვაშაძე კონკურენტები ვერ იქნებიან. ოპოზიციურ ფლანგზე ახლად შემოსული პოლიტიკური ძალები ძირითადად მაინც ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე იმუშავებენ. “ლევან ვასაძე უფრო რუსული ვექტორის მიმართულებით აღიქმება. თუმცა ამ მხრივ პოლიტიკურ ველზე არაერთი მოთამაშეა და დიდი კონკურენციაც იქნება. დიდად ამ ვექტორის პოლიტიკოსებს და პარტიებს ჩვენი მოსახლეობა არ წყალობს. გავიხსენოთ იგივე მარში, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვნახეთ რა შედეგიც მიიღეს”, - ამბობს ძაბირაძე. მისი თქმით, არ იცის “უცნობი და ვასაძე ერთად იქნებიან თუ არა, მაგრამ თუ გაჩეჩილაძეც პოლიტკურ ველზე შემოსვლას გადაწყვეტს, მაშინ ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება შეიძლება ოპოზიციურ ველზე კონკურენციას სპეციალურად ზრდის, რათა მათი დაქსაქსულობით ხმების 43%-ი უფრო ადვილად აიღოს, ცოტა ლოგიკას მოკლებული მგონია. ვაშაძე თუ ვინმეს ხმებს წაიღებს, ეს ძირითადად მაინც „ოცნების“ ამომრჩეველი იქნება და არა „ნაციონალური მოძრაობის“. მმართველ გუნდს ახალი პარტიების გამოჩენა პოლიტკურ ველზე მაინც და მაინც ხელს არ აძლევს”, - მიიჩნევს ძაბირაძე. მისივე თქმით, ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მას ხმას მისცემენ, მაგრამ ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერს ნიშნავს. ძაბირაძე ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად პრორუსული ორიენტაციის ამომრჩეველია, რომელიც ნაციონალური და პატრიოტული განცხადებებით გამოირჩევიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აკეთებს განცხადებას და აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას “ერთობა, რაობა, იმედი”, რომელიც დიდი ალბათობით მომავალში პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება. პოლიტიკურ ველზე მეორედ გამოჩენას ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც საკმაოდ ხისტი შეფასებები მოჰყვა. ვასაძემ მოძრაობის დაფუძნებაზე განცხადება “თბილისი მარიოტში” სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ”ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური,ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური,იდეოლოგიური თვალსაზრისით”, - აცხადებს ვასაძე. რაც შეეხება ბიზნესმენის სამომავლო გეგმებს, მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში აქციას გამართავს. აქციის ჩატარებამდე კი თავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვასაძე პოლიტიკაში მოდის და პირველი გზავნილი საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნებაა.
“ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აპირებს 16 მაისს ჩაატაროს საჯარო აქცია. აქციის ადგილად გვინდოდა პარლამენტის წინ, თუმცა იქ პერმანენტული კარვების ქალაქია გაშლილი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს “ნაცებმა” და “ქოცებმა”. ხალხში ტყუილად არ არის გაჩენილი ტერმინი - ნაცქოცები და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ორი ძალა თეატრალურად ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ერთმანეთის მკვებავია. ჩვენ ძალიან დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს 10-15 კაცს, თუმცა ასობით თანამოაზრე გვყავს. ეს არიან პოლიტიკური ექსპერტები, იურისპრუდენციის და ეკონომიკის ექსპერტები. დომხალში გაუსვრელი და პატიოსანი ხალხი, რომელთაც საქართველოში დიდი ავტორიტეტი აქვთ. ზეგიდან მოგზაურობას დავიწყებ საქართველოში, დავიწყებ მესტიიდან, მერე ზუგდიდი, სენაკი, გურია, ქართლ-კახეთი. 16 მაისამდე რამდენსაც მოვასწრებ, ვივლი”, - აღნიშნა მან. ვასაძეს მიაჩნია, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას უნდა დაუბრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ძლიერი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ ის გადაიქცეს ისეთ ტირანად, როგორადაც იქცა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა თუ არ გაქვს ასეთი ინსტიტუტი, მაშინ გარანტირებულად გაქვს ის ქაოსი, რომელშიც ჩვენმა მრჩეველებმა შეგვაგდეს ახლა”, - ამბობს ბიზნესმენი”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"