“პრეზიდენტმა მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა, მაგრამ...“

“როცა “ქართული ოცნების” პოზიციის მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ამას რამდენიმე ასპექტი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ისაა, რომ ეს გზა “ქართულმა ოცნებამ” ორ ცუდ არჩევანს შორის მისთვის ნაკლებად უარესის პრინციპით აირჩია - ან უნდა დაეთმო სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ან დაეკარგა ევროკავშირის კეთილგანწყობა.

როგორც ჩანს, დაასკვნეს, რომ პირველი “ოცნების” ძალაუფლებისთვის გაცილებით საშიშია, მეორე არჩევანი კი დასავლელი პარტნიორების შეშფოთება-აღშფოთებას გამოიწვევდა, ასევე მოკლევადიან პერიოდში ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვას. საბოლოოდ, ეს გზა უფრო ეიოლათ”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრეზიდენტმა მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა, მაგრამ...“

 

“გავიხსენებ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, აშშ გაითვალისწინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური დახმარება აღარ სჭირდებაო. უფრო გასაგებად თუ ვთარგმნით, ეს ნიშნავს, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტას უნდა ველოდოთ აშშ-ისგანაც. კიდევ ერთი მოტივი ხელისუფლების ამ ნაბიჯისა არის ისიც, რომ წინასწარ იცოდნენ, ევროკავშირი ამ დახმარებაზე უარს ეუბნებოდა, რაც წინასაარჩევნოდ არ აწყობდათ. მიიჩნიეს, რომ ეს “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე ნეგატიურად იმოქმედებდა და დაასწრეს ევროკავშირს და თვითონ გამოაცხადეს, არ გვჭირდება ფინანსები და უარს ვამბობთო. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლება ანალოგიურ შემთხვევაში ასეთ გზას არ დაადგებოდა. შეეცდებოდა სხვა ფორმები მოენახა საკუთარი ინტერესების დასაცავად, როგორც ძალაუფლების, ისე იმიჯის შენარჩუნების მიზნით. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ “ქართული ოცნებისთვის” პროდასავლური გზა არ არის ორგანული არჩევანი. კრემლი კარგად გრძნობს იმ იმპულსებს, რაც საქართველოდან მიდის. ამის პასუხია ლავროვის განცხადება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო. ბევრი ამბობს, რომ მან ამგვარი მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა და ასეც არის, მაგრამ ქვეყნისთვის სახის შენარჩუნებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ღიას ტოვებს დიალოგის დერეფანს დასავლეთთან ურთიერთობაში, რაც ასე აუცილებელია. რამდენად სტაბილური იქნება ის ამ მისწრაფებაში, რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტიდასავლური ნაბიჯების შემთხვევაში კვლავაც ასეთი პრინციპული პოზიციის გამოხატვას ან როგორ გაუძლებს, თუ მასზე ისეთივე მასირებული შეტევა დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, როგორც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, ამას დრო გვიჩვენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“თუ მომავალ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა, მივიღებთ უფრო აგრესიულ “ქართულ ოცნებას”, მით უფრო მან აშკარად აჩვენა, რომ დასავლეთის აზრის გათვალისწინებას დიდად აღარ აპირებს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდგომ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება სცადონ კიდეც. ისეც არ არის, რომ “ოცნება” ვერ აცნობიერებდეს დასავლეთის ფინანსური დახმარების მნიშვნელობას. ნიშანდობლივი იყო პრეზიდენტის აქცენტი ავღანეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების საჭიროებაზე. მან თქვა, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები და დასავლეთის მხარდაჭერაო, რაზეც საქართველოში ნაკლებად ფიქრობენ. ამაზე დიდად არც ხელისუფლება ნერვიულობს და არც ოპოზიცია, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ამ ქვეყნის დამატებით თავსატეხად იქცა. ყოველივეს ფონზე უაღრესად საინტერესოა ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი დოქტრინა. ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არის სახეცვლილება ტრამპის ხედვისა _ ამერიკა უპირველეს ყოვლისა! აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებაც იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომ აშშ აღარ ჩაერიოს იმ ქვეყნების შიდა საქმეებში, რომლებსაც თვითონ არ სურთ ცვლილებები და ტრანსფორმაცია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ავღანეთიდან გამოსვლა ჯო ბაიდენმა სწორედ ამით ახსნა. ეს ყველაფერი ჩვენთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ავღანეთი საქართველოს ანალოგად არ გამოდგება, თუნდაც იმიტომ, რომ ფინანსურად სად ავღანეთში გაწეული ხარჯი და სად საქართველო, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ დღევანდელ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და უკეთესი სახელმწიფოს აშენების მოსურნეთა რიცხვი ძალიან შემცირებულია, განსაკუთრებით პოლიტელიტაში. აქვე დავსვამდი ერთ შეკითხვას - რაში დაიხარჯა ის მილიარდები, რომელიც აშშ-მა და ევროპამ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლისთვის ჯერ კიდევ გახარიას პრემიერობის დროს მისცეს? რამე ეტყობა ქვეყანას, რომ ამდენი თანხა დაიხარჯა კორონავირუსთან ბრძოლაში? ლოგიკურად, ეს თანხები უპირველესად ვაქცინების შეძენას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ამ პროცესმა ძალზე დაიგვიანა და დღეს ასეთი მძიმე მდგომარეობა სწორედ ამიტომ გვაქვს. რეალურად ხომ გახარია ისევეა პასუხისმგებელი დღევანდელ უმძიმეს ვითარებაზე, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. საინტერესოა, რატომ არ ითხოვს ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას იმის გასარკვევად, რატომ არ დაიწყო დროულად ვაქცინაცია? სად წავიდა მილიარდები?! ოპოზიციას აზრადაც არ მოსდის მსგავსი ინიციატივით გამოსვლა. არადა, ქვეყნის თავდაცვის ხაზი დღეს სწორედ პანდემიასთან ბრძოლაზე გადის”, - თვლის ხათუნა ლაგაზიძე.

 

“დღევანდელ კრიზისულ ვითარებაზე დიდწილად პასუხისმგებელია ოპოზიციაც. ბოლო თვეებში რეგიონები შემოვიარე და რაც იქ ვნახე და მოვისმინე, გამაოგნებელია. ამაზე თვალის დახუჭვა სირაქლემას პოზაა. თბილისიდან და ტელევიზორიდან საქართველო თავისი რეალური პრობლემატიკით არ ჩანს და არც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული სიამტკბილობა ჩანს, რაც რეგიონებში განსაკუთრებით შესამჩნევია. სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიამბეს, რომ თურმე იქ ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მეუღლე მერის თანაშემწეა, ცოლისდაც იქვე მუშაობს. ჰოდა, სიმწრით ხუმრობდნენ, ეს ოპოზიციის ლიდერი რომ მიადგება მერს “გადადექის” ძახილით, გამოიხედავენ ფანჯრიდან ცოლი და ცოლისდა და ეძახიან, ჩვენ გვიკეთებ ამასო?! თითქოს სასაცილოა, მაგრამ სატირალი უფროა, რადგან ეს არ არის გამონაკლისი და ასეთი ვითარებაა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“ქართულმა ოცნებამ” კარგად გამონახა გზა იმისთვის, რომ ოპოზიციასთან “საერთო ენა” გამონახოს ბიუჯეტის ხარჯზე. იმას კი არ ვამბობ, რომ ოპოზიციის ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში არ უნდა დასაქმდნენ. ამ თვალსაზრისით სეგრეგაცია ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ასევე დაუშვებელია, რომ მათი დასაქმება ხდება ხელისუფლების მიმართ ლოიალობის პირობით, რაც მხარდამჭერებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. თორემ იმათ, ვინც არ არის ხელისუფლების გავლენაში და მათი ოჯახის წევრებს ოპოზიციისკენ გაუწევს გული, საჯარო სამსახურებს რა სისწრაფით ატოვებინებენ, კი ვხედავთ. ან ის რით აიხსნება, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს მოსახლეობასთან შეხვედრები არც დაუწყია. მეტიც, ბევრს საარჩევნო პროგრამაც არა აქვს. ისე ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობას ამ არჩევნებისადმი წინასწარ აქვთ კაპიტულანტური განწყობა და ამასთან, მომხმარებლის პოზიციაში არიან - ნარის გლეჯა სხვისი ხელით სურთ. ამ შემთხვევაში გახარიას ვგულისხმობ, სწორედ მისი იმედი აქვთ, მოახერხებს და რაღაცას მაინც წაჰგლეჯს “ქართულ ოცნებასო”, - დასძენს ექსპერტი.

 

“გახარია ტექნოლოგიურად სწორად მუშაობს: მუშაობს “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე. ნიშანდობლივი იყო მისი განცხადება, რომლითაც ტოლობის ნიშანი დასვა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის და ეს კონკრეტული ფაქტებით გაამყარა. ამით ცდილობს “ოცნებას” ის ამომრჩეველი ჩამოაშოროს, ვინც მას მხარს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით უჭერს. როცა გახარიას ჰკითხეს, თუ ვისთან შეიძლება შეკრას კოალიცია, მან “ნაციონალური მოძრაობა”გამორიცხა, სამაგიეროდ, თქვა, არჩევნების მერე “ქართული ოცნება” დაიშლება და ამ სახეცვლილ და ნაწილებად დაშლილ ჯგუფებთან არ გამოვრიცხავ პარტნიორობასო. ეს დანარჩენი ოპოზიციისთვის ყურადსაღები გზავნილი უნდა იყოს: ისინი კი ფიქრობენ, რომ გახარიაა “მესიის მახვილი” და მან უნდა ჩამოშალოს “ოცნება”, მაგრამ საბოლოოდ გახარია ისევ სახეცვლილი `ოცნების" სიცოცხლის გახანგრძლივებას მოემსახურება” - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

 

“თუმცა მანამდე ვერც მარტო აღებული გახარია და ვერც “ნაციონალური მოძრაობა” ერთად “ოცნების” 43%-ისთვის ხელის შეშლას ვერ შეძლებენ. თუ ოპოზიციაში ნამდვილად სურთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს 43%, მაშინ სხვა პარტიებმაც უნდა გამოიღონ ხელი. მეჩვენება, რომ ოპოზიციის ნაწილი მუშაობს პრინციპით: გამოცხადებული წაგების ქრონიკა. არადა, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, ცხადია, “ქართული ოცნების” ჩამოშლა დაჩქარდება. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი “ქართული ოცნებისთვის” 43%-ის აღება. ეს მისთვის უპირველესად ფსიქოლოგიური ბარიერია”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ექსპრემიერის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებამდე გახარია-კალაძის შეხვედრის ამბავმა...” - პასუხობს:

 

“დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულ არ აინტერესებს, ვინ ვის ხვდება და ვინ ვის რას ეჩურჩულება, მაშინ როცა რეალური პრობლემები და სატკივარი გვერდზე რჩება. რაც შეეხება შანსებს, თბილისში აუცილებლად იქნება მეორე ტური. რაც შეეხება იმას, თუ ვის ვიხილავთ მეორე ტურში: გახარია ნამდვილად ძლიერი კანდიდატია, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომლის მაქსიმალური მობილიზებაც მოხდება მელიას გარშემო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ “ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე თბილისი წააგო. ამიტომაც მელიას აქვს გარანტირებული პროცენტები, რაც მეორე ტურში გადასვლის უპირატესობას აძლევს. რა მოხდება კალაძესა და გახარიას შორის? - გახარიას არ ეყოფა “ოცნებიდან” წამოღებული ხმები მეორე ტურში გადასასვლელად, მაგრამ თუ მოახერხა და ამ ხმებთან ერთად ოპოზიციური, არა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ელექტორატიც შემოიკრიბა, შესაძლოა სწორედ ის ვიხილოთ მეორე ტურში”.

წაკითხვა 409 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.