რა შეცვალა ლატარიამ - წახალისების მიუხედავად, აცრის მსურველთა რაოდენობა იკლებს

“ბოლო ერთ კვირაში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის წამახალისებელი ლატარია დაწესდა, ორი დოზით აცრილთა რიცხვი 107,206 ადამიანით გაიზარდა.

დღეისათვის სრული ვაქცინირებულია მოსახლეობის 24.6%, რაც ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, არასაკმარისია წლის ბოლოსთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. 19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 646 441 აცრაა ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეცვალა ლატარიამ - წახალისების მიუხედავად, აცრის მსურველთა რაოდენობა იკლებს.

 

“12 სექტემბერს, ანუ წამახალისებელი ლატარიის დაწყების წინ, ერთი დოზით აცრილი იყო 897 427 მოქალაქე, ხოლო სრულად ვაქცინირებულია - 593 944. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 სექტემბერს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიური აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 14 071 ადამიანი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წამახალისებელი ლატარიის მიუხედავად, ბოლო დღეებში ქვეყანაში აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება შეინიშნება. “ზოგადად ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიდის სტაბილიზაციისკენ. ერთადერთი, რაც გუშინ, გუშინწინდლიდან გამოჩნდა, ეს არის სამწუხაროდ აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება. შაბათ-კვირას ისედაც გვიმცირდებოდა ხოლმე, მაგრამ უკვე პარასკევსაც და ხუთშაბათსაც შეეტყო, რომ შემცირების ტენდენცია აქვს აცრების მაჩვენებელს და ეს ძალიან ცუდია. ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება აგვისტოს ბოლო დეკადიდან ძირითადად განპირობებული იყო იმ რეგულაციებით, რაც იყო შემოღებული, აცრების შედარებით მაღალი მაჩვენებლით და კარგი გამყოლობით. ასევე, აღსრულების კონტროლის უფრო გაუმჯობესებით”, - თქვა გამყრელიძემ, რომლის აზრით, “თუ ეს ახლა მოეშვა, რა თქმა უნდა, იქნება ეპიდსიტუაციის კვლავ გაუარესების საშიშროება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე გამყრელიძეს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ტემპები დამაკმაყოფილებელია თუ არ ჩავთვლით იმ ზოგად ტენდენციას, რომ შაბათ-კვირას გაცილებით ნაკლები ადამიანი იკეთებს აცრას, ვიდრე კვირის სხვა დღეებში. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, თუ რა გავლენა აქვს წამახალისებელ ლატარიას ვაქცინაციის პროცესზე, თუმცა მოქალაქეებისთვის მეტი სტიმულის მიცემაა აუცილებელი. `ჯერჯერობით მაინც ვერ ვიტყვით, რომ ლატარიამ ვერ შეძლო მოქალაქეთა მობილიზება აცრისაკენ. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი წამახალისებელი ღონისძიება ამ მხრივ მისასალმებელია, ვნახოთ რა იქნება მომავალ დღეებში~, - ამბობს კახაძე, რომლის თქმით, `საკმაოდ შესამჩნევ ტენდენციად იქცა ის ფაქტი, რომ აცრილთა ყოველდღიური მაჩვენებელი შაბათ-კვირას ანუ დასვენების დღეებში ზოგადად საგრძნობლად იკლებს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მე ვერ ვხვდები ამის გამომწვევ მიზეზებს - ნუთუ უკეთესი არ არის სწორედ დასვენების დღეებში ვაქცინირება, მაშინ, როდესაც სრულად ვთავისუფლდებით სხვა საქმეებისგან? მართალია, ნელი ტემპით მიმდინარეობს ეპიდსიტუაციის დარეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ პოპულაციური იმუნიტეტი არის ერთ-ერთი დამცველი რგოლი ნებისმიერი შტამის წინააღმდეგ. ძალიან კარგი იქნება, თუ აცრების ყოველდღიური რაოდენობა 30 000 გადასცდება, რადგან ვირუსი სწორედ იმ ადამიანის ორგანიზმში გენერირდება რომელიც ვაქცინირებული არ არის, ხოლო ვაქცინაცია ამ პრობლემას მთლიანად აღმოფხვრის და აგვაცილებს ახალ საფრთხეებს. ჩვენ დავწიეთ ასაკი და 18 წლის ნაცვლად 16 წლიდან არის დასაშვები ვაქცინაცია. თუ ამ ასაკის მოზარდებშიც გაიზრდება აქტივობა, წლის ბოლომდე, ნებისმიერი შეფერხების მიუხედავად, მოსახლეობის 60-70 % გვეყოლება სრულად ვაქცინირებული, რაც ძალიან კარგია. უკეთესია მეტსაც მივაღწიოთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ სტაბილურ ვითარებას მივიღებთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

წაკითხვა 388 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.