"მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს"
“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტსაბჭოზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომაშტაბიანი აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამჯერად ისინი მარტო იქნებიან და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ აქციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს აქციები ძირითადად მაინც დასავლელ პარტნიორებზეა გათვლილია და თავად “ენმ”-შიც აცნობიერებენ, რომ პროტესტი ვერ მიიღებს ისეთ მასშტაბებს, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულონ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდ ნაწილს სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ ანაღვლებს. ამიტომაც ნაკლები მოლოდინი არსებობს, რომ “ენმ”-ის ამომრჩევლის გარდა, მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმა ამ აქციებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა პარტიას სხვა გზაც არ აქვს, რადგანაც მათი ლიდერი ციხეშია და იძლებული არიან რაღაც მოიმოქმედონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მარტო დარჩენილი “ნაცმოძრაობა” აქციებს იწყებს.
“რაც შეეხება თავად სააკაშვილის მომავალს, ანალიტიკოსთა ვარაუდით, ყველაზე უფრო რეალისტური სცენარი მისი უკრაინაში ექსტრადირებაა. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმალური საფუძველით მას დაახლოებით ერთ წელიწადში გაათავისუფლებს ციხიდან და შეეცდება სააკაშვილის ფაქტორი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პირველი მასშტაბური აქცია 14 ოქტომბერს დაინიშნა. აქციის მონაწილეები საღამოს 6 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა. “უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის...” - განაცხადა მელიამ. ამის პარალელურად პარტია სრული დატვირთვით გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას და 30 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. ამ პარტიებს შორისაა, “ევროპული საქართველო”, “გირჩი - მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. “ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, “ევროპული საქართველო” იზიარებს სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, მაგრამ რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” და ცხადია, აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იქნებიან, შესაბამისად “ევროპული საქართველო” აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. “გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ “ენმ”-ის აქციაზე მოუცლელობის გამო ვერ მივა. “ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია. არ ვაპირებ მისვლას, რადგან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის შიდა პარტიული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი. რაც შეეხება მის პოლიტპატიმრობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა” - განაცხადა ჯაფარიძემ, რომლის თქმით, ვიდრე არ იქნება ნორმალური სასამართლო, მანამდე ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი”, - განაგრძობს გამოცემა.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გამართული აქციები შედეგს ვერ გამოიღებს, რადგანაც ჯერ ერთი, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისი თავისუფლება არ ანაღვლებს და ვისაც ანაღვლებს, ისინიც ქუჩაში გამოსვლისგან დიდად თავს არ შეიწუხებენ. საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს იქნება მხოლოდ “ენმ”-ის პარტაქტივს შეტოვებული აქციები, რომელიც მასშტაბურ სახეს ვერ მიიღებს. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის ეფექტმა უკვე მაქსიმუმი გააკეთა და ალბათ ნაწილობრივ მეორე ტურებშიც იმუშავებს, თუმცა არჩევნების შემდეგ ის ისევე მიავიწყდება ყველას, როგორც ეს ახალაიას, მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში მოხდა. თუკი “ენმ” ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებიც წააგო, პარტიის შიგნით სერიოზული რყევა და დაპირისპირება დაიწყება. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ “ენმ”-ის მიერ დაანონსებული აქციები მხოლოდ პარტაქტივის გამოყვანით შემოიფარგლება. შესაბამისად, მას ფართომასშტაბიანი აქციების სახე ვერ მიეცემა. მისი აზრით, პარტიას სხვა გზა არც აქვს, რადგანაც მათი ლიდერი ციხეში ზის და გარკვეული აქტივობაა სჭირო და არ აქვს მნიშვნელობა ამას რაიმე შედეგი მოჰყვება თუ არა”, - დასძენს გამოცემა.
“ალბათ თავად “ენმ”-შიც კარგად იციან, რომ ამ აქციებს არანაირი ეფექტი არ მოჰყვება. ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს სააკაშვილის ციხეში ყოფნა სულაც არ ანაღვლებს. ალბათ მისი პარტაქტივის რაღაცა ნაწილის გარდა, ეს საკითხი მოსახლეობას არც აინტერესებს. ხოლო იმ პარტაქტივშიც, ვინც არჩევნებზე ხმას აძლევს “ენმ”-ს, უმეტესობა აქციებზე არ დადის. სააკაშვილის ჩამოსვლამ პირველივე ტურში იმუშავა. “ნაციონალები” თავის მაქსიმუმს უკვე ჩავიდნენ, მეორე ტურებში რაღას იზამენ?.. მით უმეტეს, რომ დანარჩენი ოპოზიცია გვერდით აღარ უდგათ. ამიტომ მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლის ეფექტი არჩევნების მერე დაიკარგება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ასეთი მნიშვნელოვანი თავად “ნაციონალებშიც” აღარ იქნება. საქმე ისაა, რომ რასაც ვუყურებ, სააკაშვილის ამ უცნაური ვოიაჟით თავად პარტიაშიც დაბნეული არიან. სიმართლე გითხრათ, მეც ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა. ფაქტობრივად პოლიციას ჩაბარდა. კი, ბატონო, ზედაპირზე თითქოს რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჩანს, მაგრამ სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, მგონია, რომ მას უკრაინაშიც აღარ დაედგომებოდა და ამიტომ ჩათვალა, რომ საქართველოში, ციხეში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. სხვა ახსნა მართლა არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ თავის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინა. მისმა ფაქტორმა პოლიტიკური ველი ისევ პოლარიზებული გახადა. ამიტომ არჩევნების შემდეგ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ციხეში მის ყოფნას, რთული სათქმელია, მაგრამ ის ხელისუფლებისთვის ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, არ ველი, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება და ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით ამის გამო პრობლემები შეექმნება. უბრალოდ საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან რთულია პრეზიდენტი ციხეში გეჯდეს და არასამართლიანი სასამართლოს პირობებში ამბობდე, რომ ის ციხეში სამართლიანად ზის. ფაქტობრივად ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა - ის რომ პოლიტიკაში არ ჩარეულიყო არც დავიჭერდითო. ამიტომაც უფრო დასავლეთიდან და ევროპიდან იქნება გარკვეული აქტიურობა, რის გამოც ხელისუფლება სააკაშვილს დაახლოებით ერთ წელიწადში მაინც გაათავისუფლებს. ყოველ შემთხვევაში, მისი ფაქტორი 2024 წლისთვისაც სჭირდებათ და გარეთ გამოშვება უფრო მომგებიანი იქნება. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი უკრაინაში ექსტრადირება მოხდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"