“მსოფლიოში ახალი პროცესები იწყება და თუ დავაგვიანებთ, ეს ძვირი დაგვიჯდება”
“აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი არაერთი მიმართულებით შეიძლება შეფასდეს მნიშვნელოვნად, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში.
ამერიკა განუზომელ დახმარებას გვიწევდა აქამდეც თავდაცვის სფეროს განვითარებაში, ახლა კი ამ შეთანხმებით იწყება კიდევ ერთი ახალი ეტაპი. ამ ვიზიტს ასევე აქვს მრავალმხრივი კონტექსტი, რაც დაკავშირებულია ნატოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან. აღსანიშნავია, რომ ტურნეს ფარგლებში ის ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ნატოელ კოლეგებთან ერთად განიხილა ნატოს სტრატეგიული გეგმები, რუსეთთან დამოკიდებულება და ის გამოწვევები, რაც შავი ზღვის უსაფრთხოებას უკავშირდება”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მსოფლიოში ახალი პროცესები იწყება და თუ დავაგვიანებთ, ეს ძვირი დაგვიჯდება”.
“კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტია, რომ ნატო კვლავაც აგრძელებს მუშაობას სტრატეგიული კონცეფციის ბოლო შტრიხებზე, რამაც უნდა განსაზღვროს ალიანსის ათწლიანი სტრატეგია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ნატოში გაწევრებისთვის მნიშვნელოვანია როგორ იქნება მასში შავი ზღვის აუზის თემა წარმოჩენილი. ამასთანავე, ეს ვიზიტი იყო ერთგვარი პასუხი იმ ანტიდასავლური ჯგუფებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ამერიკის მიერ რეგიონის “მიტოვებას” ზეიმობდნენ და ამბობდნენ, რომ ავღანეთში მისიის დასრულების შემდგომ აშშ საქართველოს დაივიწყებდა.ამ ვიზიტმა ცხადყო, რომ ასე არ არის და საქართველო რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალიან ცდილობს რეგიონში თავისი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას. მოკლედ, ეს ვიზიტი ბევრ კონტექსტშია განსახილველი და ის უპირველესად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ზრდასა და საზოგადოდ, ქვეყნის გაძლიერებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“პარტნიორს შეუძლია ჩვენი სახელმწიფოსთვის გააკეთოს მხოლოდ ის, რაც შეუძლია და ევალება. ჩვენს გასაკეთებელს დასავლელი მეგობრები ვერ და არც გააკეთებენ. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის ქმნიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ამგვარ შესაძლებლობას მიეკუთვნება სწორედ ოსტინის ვიზიტის შედეგებიც, მაგრამ ამ შესაძლებლობებს სწორად გამოყენება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ გაუთავებელი შიდა დაპირისპირებების გამო მეორე პლანზე აღმოჩნდა, რაც არასწორია. ეს საკითხები შეიძლება ჩვენ დავივიწყოთ, მაგრამ ამით პრობლემების აქტუალურობა მცირედითაც არ იკლებს. მეტიც, იზრდება. ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. ეს გადადებული პრობლემები დროის გასვლასთან ერთად უფრო რთული მოსაგვარებელი ხდება, მით უფრო იმ პირობებში, რაშიც გვიწევს ცხოვრება და რა რეალობაც გვაქვს რეგიონსა და საზოგადოდ, მსოფლიოში. არავინ დაიწყებს იმის ლოდინს, როდის გაერკვევიან ქართველები საკუთარ პრობლემებში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ იცვლება - იწყება ახალი პროცესები. ამას ან აჰყვები, ან დააგვიანებ და შემდეგ ძალიან დიდხანს მოგიწევს ლოდინი წარმატების მისაღწევად და ეს ძვირი დაგვიჯდება. ის ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე გაერკვნენ ამაში და სწორი პოზიცია დაიკავეს, ვგულისხმობ, ბალტიის სახელმწიფოებს, დღეს ევროკავშირსა და ნატოში არიან. მიუხედავად მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, მათ ერთხანს დაივიწყეს პოლიტიკური ამბიციები და წინ დააყენეს სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ მაშინაც, როდესაც ნატოს დიდი გაფართოების დრო იდგა, ამისთვის ვერ მოვიცალეთ და მას შემდეგ გვიწევს ლოდინი, მაგრამ ახლა რომც გამოჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა, გამოვიყენებთ კი? თუ ისევე ჩვენს შიდა დაპირისპირებას გადავაყოლებთ ამ შესაძლებელობებს? თუ ჩვენ მზად ვიქნებით, წავალთ წინ, თუ არადა, ისევ დავტრიალდებით ისტორიის ამ სპირალზე და ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “პროცესების განსაკუთრებული რადიკალიზაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო...” - პასუხობს:
“ის, რაც დღეს ხდება, არის მართლმსაჯულების სისტემის, ჩვენი პოლიტიკოსების, საზოგადოდ, პოლიტიკური სისტემის გამოცდა. იმ დროს, როდესაც სააკაშვილის შესახებ შეფასებებს უნდა აკეთებდეს მართლმსაჯულება, შეფასებები გვესმის პოლიტიკოსებისგან. მერე გვიკვირს, რატომ აფასებს ვიღაც სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ ვითარების განმუხტვაზე, ისეთი რამეები ხდება, ისეთი განცხადებები კეთდება, ვითარება უფრო იძაბება. სააკაშვილის ჩამოსვლის დეტალებზე აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ, ფაქტია, არჩევნების მეორე ტურამდე დაძაბულობის პიკი იქნება. სამწუხაროდ, მეორე ტური “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისეთ ბრძოლად გამოაცხადეს, ან ყველაფერი, ან არაფერიო. ისეთი საარჩევნო დაპირისპირების მომსწრენი ვართ, ეს გვაფიქრებინებს, რომ მხარეები უფრო დიდ კონფრონტაციაზეც არიან წამსვლელი”.
“სააკაშვილის დაბრუნებამ პოლიტიკურ ველზე შუა ისევ გაკრიფა, მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობისა, რომ ერთობა შექმნას სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ვნახეთ, რომ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად თბილისის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინეს, მაგრამ ამ ყველაფერს საზოგადოება მაინც ორ პოლუსად აღიქვამს. მოკლედ, რაც დღეს ხდება, ეს არის ტესტი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გადავლახავთ ამ დაპირისპირებას. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ყოფნა საპყრობილეში უხერხული და პრობლემური საკითხია ქვეყნისთვის, ცხადია. ასე იქნებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. ისიც ცხადია, როდესაც ამ ტიპის პოლიტიკოსზეა ლაპარაკი, როგორც საქართველოს კეთილმოსურნეების, ასევე მისი მტრების ყურადღება გაათმაგებულია. დამერწმუნეთ, ამ ვითარებისგან სარგებლის მიღებას აუცილებლად შეეცდებიან ჩვენი ავის მოსურნეები. ვნახოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას კრიზისის დაძლევა, რამდენად მომწიფებული და ფუნქციონირებადია სახელმწიფო ინსტიტუტები იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევა ღირსეულად გადაილახოს. მოკლედ, ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ ფაზაში”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.
“ხშირად დასავლელი მეგობრებისგან ძალიან ბევრს ველით, ისეთ რამეებს, რაც მათი ხელწერა არ არის. მათ სააკაშვილის შესახებ ძალიან მკაცრად განაცხადეს, რომ ელოდებიან სამართლიან სასამართლოს, სადაც ექსპრეზიდენტს ექნება საშუალება თავისი არგუმენტები წარადგინოს. ასევე გამოთქვამენ დიდ იმედს, რომ პროცესი არ იქნება პოლიტიზებული. ახლა ბურთი არის ჩვენს მხარეს და იმისდა მიხედვით, როგორი იქნება ჩვენი ქმედებები, გაკეთდება შესაბამისი შეფასებებიც და გადაიდგმება ნაბიჯებიც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ამდენი პრობლემაა, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში ვინმე იმაზე ფიქრით იძინებს, რა ხდება საქართველოში, ძალიან ცდება, მაგრამ ამ ყველაფერს შეფასება აუცილებლად მოჰყვება. ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და შემდგომი ნაბიჯები თუ თანამშრომლობის პერსპექტივები ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული. იმაზე არ არის ლაპარაკი, უნდა დარჩეს თუ არა ციხეში. ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი პოლიტიკისგან. სამწუხაროდ, დღევანდელი სურათი ამისგან რადიკალურად განსხვავებულია”, - თვლის რესპონდენტი.
“თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი მართლაც რაღაც ახალია ქართულ პოლიტიკაში და საინტერესოც ჩანს. არ ვიცი, კონკრეტულად ეს ერთობა რა შედეგს მოიტანს. ნებისმიერი პროექტი რეალურად შეიძლება იქცეს, თუ საზოგადოება მოისურვებს. ვფიქრობ, ოდესმე უნდა მივხვდეთ - ფორმულა, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, დამღუპველია უპირველესად იმავე გამარჯვებულისთვის. საქართველოს ყველა ხელისუფლებას საბოლოოდ ერთი და იგივე პრობლემა წარმოეშვა - მის ხელში აღმოჩენილ ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო. რაც უნდა ძლიერი იყოს პოლიტიკური სუბიექტი, გარკვეული დროის შემდეგ იღლება და ამ ყველაფერს ვეღარ ზიდავს. ამასთან, როდესაც გადაწყვეტილების ინკლუზიურად მიღების მექანიზმი არ არსებობს და ყველაფერი ერთი გუნდის ხელშია, შეცდომებიც მეტია. ამიტომაც არის ხოლმე, ავირჩევთ ვიღაცას გიჟური პროცენტებითა და დიდი აღტაცებით, თუმცა გავა დრო და ისევ ჩვენ ვითხოვთ მის გადადგომას”, - განმარტავს ექსპერტი.
“ხელისუფლების გაზიარება არის პასუხისმგებლობის გაზიარებაც და შეკავების პრინციპის რეალიზაციაც. ეს არის ის კულტურა, რაც უნდა ვისწავლოთ. შეიძლება ძალიანაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ მეორე მხარეს, რომელსაც მოწინააღმდეგედ თუ მტრად მივიჩნევთ, არცთუ ცოტა მხარდამჭერი ჰყავს. როდესაც ამბობ, რომ ის მეორე მხარე უნდა მოსპო, ამით უპირისპირდები საკუთარი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც შენი მოწინააღმდეგის მომხრეა. ამგვარი დაპირისპირების უფლება კი ყველაზე მეტად სახელისუფლებო ძალას არა აქვს. როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, შენ ხარ მთელი ქვეყნის ხელისუფლება და არა მხოლოდ შენი მხარდამჭერებისა. ამგვარმა არასწორმა დამოკიდებულებამ შეიძლება ქვეყანა ძალიან მწვავე დაპირისპირებამდე მიიყვანოს. კეთდება უკიდურესად რადიკალური განცხადებები. ერთი შეხედვით ეს საარჩევნო პროცესის კონტექსტში ხდება, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ მეორე ტური დასრულდება და ეს ყველაფერი მორჩება. რადიკალიზაციის დონე ისეთი მაღალია, უცებ ვერ დაიწევს. კი, არჩევნები ერთ კვირაში დასრულდება, მაგრამ ამ სიძულვილისგან ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდებით”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"