სააკაშვილის “დეკემბრის თეზისები” - ცხადია, რომ ექსპრეზიდენტი ემოციური რიტორიკით რევოლუციური მუხტის აგორებას ვერ ახერხებს
“რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ახალი და რა იკითხებოდა მის გზავნილებში. მიუხედავად მძლავრი ემოციური რიტორიკისა, სავარაუდოდ მის ძალისხმევას რამე დიდი გამოხმაურება ახლაც არ მოჰყვება.
ხალხში იმხელა წყენაა დაგროვებული, რომ სააკაშვილი თუნდაც ამ გამოსვლებით რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. “ნაციონალურ მოძრაობას” ხუთასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს და სასამართლო სხდომების დროს 200 ან 300 კაცი ძლივს იკრიბება,“ - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სანდრა რულოვსზე სააკაშვილის პასაჟმა გამოიწვია როცა თქვა, რომ “სიამოვნებით იჯდებოდა მასთან ერთად საბრალდებო სკამზე", - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილის “დეკემბრის თეზისები” - ცხადია, რომ ექსპრეზიდენტი ემოციური რიტორიკით რევოლუციური მუხტის აგორებას ვერ ახერხებს.
“მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთ შშმ ბავშვზე, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია. ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ სამედიცინო სფეროში საქართველოში 100 მილიონი ევროს გრანტი შემოიტანა. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი... სანდრა არ არის კორუფციონერი? სანდრა და მე გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფოდ ნიუ -იორკ ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია და დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი? რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ჰკითხეთ ყველა იმ კლინიკას - იყო ეს კოსმეტიკური პროცედურა თუ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე...”, - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმით, მისი გზა არის “მწამებლური” და სიკვდილისთვისაც მზად იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ასე გაგრძელება აღსასრულს ნიშნავს. რომ ვთქვი, სიკვდილისთვის მზად ვარ, თქვენც ნახეთ, რომ ამისთვის აბსოლუტურად მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ. ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა ვიკამათოთ, ვისაუბროთ, იდეების გენერაცია მოვახდინოთ, თქვა ექსპრეზიდენტმა, რომლის აზრით ქვეყანა კი არ იმართება, ინგრევა: “დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ისინი არიან ძალიან სუსტები, შეშინებულები და კედელთან მიყუჟულები. ამჯერად თავის დაძვრენის საშუალება არავის მივცეთ. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოს აქვს სუპერ მომავალი, ეს იქნება სუპერ სახელმწიფო. აქ რაიმე თანამდებობისთვის არ მივისწრაფვი, მაგრამ ერთი სული მაქვს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ა.შ როგორ შეშურდებათ ისევ ჩვენი. ახლა ყველაზე მაჩანჩალა ვართ”. სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან სიტყვა “კორუფციის” ხსენება წაღმოუდგენელია”, - განაგრძობს გამოცემა.
“უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა “კორუფციის” ხსენებას მე ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ “მსოფლიო ბანკმა”, ერთადერთი შემთხვევა იყო როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე ქვეყანაში. ეს მოახერხა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ და ეს იყო საქართველო, ამაზე გამოუშვეს წიგნი. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია გენერალურ პროკურატურაში, ნამდვილ პროკურატურაში და არა ამ სიმახინჯეში, ლექცია წამეკითხა კორუფციასთან ბრძოლაზე ჰოლანდიელი პროკურორებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს. ამას გარდა, მოიწვიეს 9 ყოფილი გადამდგარი პროკურორი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ორი მილიონი, ეს რატომღაც არ იყო ფლანგვა, რამე მაინც გვიპოვეთ სააკაშვილზეო, მათ კი ხელები გაშალეს, ბოდიში, ვერაფერი ვიპოვეთო, ორი წელი იარეს უაზროდ იმათ”, - განაცხადა სააკაშვილმა. სასამართლოს შემდეგ კი პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრიფინგი გამართა, სადაც სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა”, - დასძენს გამოცემა.
“ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს, ნამდვილად თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის საფასურის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი, 2 დღის განმავლობაში დარჩა, 60 ათასი ლარი ღირდა, თითქოს და ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ, პირობითად ლას-ვეგასში დასვენება - მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს ნებისმიერი პირი მსოფლიო მასშტაბით, რომ თითქოს მას ამ პერიოდში შეხვდა”, - განაცხადა გიორგი მუჯირმა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამოსვლა წინა გამოსვლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ამბობს, რომ 2 დეკემბრის სასამართლოზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა”, - წერს სტატიის ავტორი.
“სააკაშვილი ნახევარს მაინც იგივეს იმეორებდა და თითქმის იმავე პათოსით საუბრობდა, რაც წინა სასამართლოზე ისაუბრა. კვლავ საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, რომ იმდენად კარგი რეფორმები გაატარა, რომ ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები უნდა ეპატიოს. გამოსვლის ფინალი მაინც იმის მოწოდება იყო, რომ საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რათა გამოუშვან ციხიდან. თუმცა რასაც თვალს ვადევნებდით და რა რაოდენობის ხალხიც სასამართლოს გარეთ იდგა, ის რელობას სრულიად მოწყვეტილია. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს იმაზე დიდი მოლოდინი აქვს, ვიდრე ეს ჩანს. ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობდა... შეიძლება იმ 9 მილიონიდან ბევრ რამეზე სასამართლომ გაამართლოს კიდეც, მაგრამ იმდენად დიდია თანხის რაოდენობა, მილიონამდე მაინც დარჩება და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სასჯელი გამოუტანონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ვფიქრობ, სააკაშვილს ზედმეტი მოლოდინი აქვს, როგორც ვხედავ, საზოგადოება არ იქნება აქტიური და არ მგონია მომავალშიც რამე დიდი გამოხმაურება მოჰყვეს. ხალხში იმხელა წყენაა დაგროვებული, რომ სააკაშვილი თუნდაც ამ გამოსვლებით რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. “ნაციონალურ მოძრაობას” ხუთასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს და სასამართლო სხდომების დროს 200 ან 300 კაცი ძლივს იკრიბება. მისსავე ამომრჩეველში საპროტესტო განწყობა არ არის. მით უმეტეს სააკაშვილი არც ბოდიშს იხდის და არც ნანობს იმ სისტემურ დანაშაულებს, რის გამოც ის გადაირჩიეს“, - დაასკვნის ძაბირაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო