“დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათოა...” - გია ხუხაშვილი

“როდესაც დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვლაპარაკობთ არა მარტო გეოპოლიტიკურ, არამედ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაზე, სამყაროს აღქმის ორ სრულიად განსხვავებულ კონცეფციაზე. რუსეთი კვლავაც ხელმძღვანელობს მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი პრინციპებით, როდესაც სამყარო იყოფა გავლენის სფეროებად და რა დროსაც ძლიერები თავისი ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ სუსტებს.

შესაბამისად, სამყაროს გეოგრაფია ლაგდება ამგვარი პრინციპით - რაც უფრო ძლიერი ხარ, მით დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს შენი გავლენა. დასავლური კონცეფცია კი ფასეულობათა სისტემიდან გამომდინარე აგებულია სუსტის და ძლიერის უფლებრივ გათანაბრებაზე - ანუ სუსტი ხარ თუ ძლიერი, შენ გაქვს შენი სუვერენული უფლება იმისთვის, რომ აირჩიო შენი გზა. სწორედ აქ არის კონფლიქტი - რუსეთი არ აღიარებს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ სუვერენული უფლება თვითონ აირჩიონ განვითარების გზა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათოა...”

 

“როდესაც კონფლიქტი ატარებს მსოფლმხედველობრივ ხასიათს, შეთანხმება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. რადგან ეს არის სამყაროს აღქმის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები. ამიტომაც არის დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო... შეიძლება ითქვას, რაც დღეს უკრაინასთან ხდება, პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, უფრო სწორად, საქართველოც ამ პაკეტის ნაწილია, ანუ ორივე ქვეყანა დღეს დიდი გლობალური დაპირისპირების მონაწილეა. ის, რაც მოხდება უკრაინაში, დიდი ალბათობით მოხდება საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლოა ჩვენ ეპიცენტრში არა ვართ. არა მგონია, ეს ყველაფერი ცხელ ფაზაში უახლოეს მომავალში გადავიდეს. ბირთვულ დაპირისპირებაზე ლაპარაკიც მხოლოდ კუნთების თამაშის ნაწილი მგონია, თუმცა მაღალი ტემპერატურა, ალბათ, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. რუსეთი შეეცდება სარფიანად ივაჭროს დასავლეთთან. მოკლედ, მიდის, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური ვაჭრობა, რაც, ჩემი აზრით, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ ვიქნებით პერმანენტული კრიზისის ფაზაში, რეალურად საფრთხე დიდი იქნება, ორივე მხარე შეეცდება თავისი ხაზი გაატაროს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“რაც შეეხება ე.წ. "3+3" პლატფორმას, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს აქვს სხვა კოზირებიც. ერთ-ერთი არის ეს ფორმატიც, რაც ქმნის დამატებით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, საქართველომ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, მაგრამ დიდ თამაშში, რომელშიც დიდი მოთამაშეები მონაწილეობენ, ზოგჯერ ჩნდება ისეთი წინადადებები, რაზეც უარის თქმა არც ისე მარტივია. ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ ისეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც დაგვრჩება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის; სიტუაციაში, როდესაც შესაძლოა ასეთი ალტერნატივის წინაშე დავდგეთ - ან ამ ერთობაში შესვლა, რაც ნიშნავს სამი დიდი ქვეყნის, ირანის, თურქეთისა და რუსეთის გავლენაში ყოფნას, ან რუსეთმა გვაიძულოს “ტრაქტატ 2”-ზე ხელმოწერა. ყველა დეტალზე, თუ როგორ შეიძლება ამ სცენარების გათამაშება, ახლა ვერ ვილაპარაკებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სავარაუდო სახიფათო სცენარების დამუშავება-გაანალიზება ხელისუფლებაში დაწყებულია, რათა ისევ არ აღმოვჩნდეთ ერეკლე მეორის მდგომარეობაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“სამწუხაროდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მოწყვლადია ასეთი მძიმე ტიპის თამაშებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული გვაქვს დასავლური ვექტორი და სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული კატეგორია. ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული სისტემა. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ისე იქცევა, რომ თითქოს მისი გეოგრაფიული არჩევანი დასავლეთია, მაგრამ რეალურად, მმართველობითი სისტემის გათვალისწინებით, მისი არჩევანი უფრო მეტად რუსეთია - ავტორიტარიზმისკენ გადახრილ მმართველობას ვგულისხმობ. დასავლეთს აქვს საქართველოში თავისი ინტერესები, მაგრამ ეს ქვეყანა მისთვის დარჩება უცხო სხეულად, სანამ ის მმართველობითი მოდელი არ იქნება მიღებული ჩვენთანაც, რომელიც შეესაბამება დასავლურ ფასეულობათა სისტემას. საქართველოში რუსული პროპაგანდის მასშტაბის ზრდაც საკმაოდ მარტივად ასახსნელია - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება, ის რეალურად არც პროდასავლურია და არც პრორუსული”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“თუ გადავხედავთ ბოლო წლების საარჩევნო პოლიტიკას, ვნახავთ, რომ სახელისუფლებო ძალა სათავისოდ კარგად იყენებდა სწორედ იმ ულტრარადიკალურ, ულტრანაციონალისტურ და ანტილიბერალური შინაარსის გზავნილებს საზოგადოების იმ ნაწილის მისამხრობად, რომელზეც რუსული პროპაგანდაც მუშაობს - ანუ ამ შემთხვევაში ემთხვეოდა ხელისუფლებისა და რუსული პროპაგანდის გზავნილები ერთმანეთს. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებამ იზრუნოს ამის შეზღუდვაზე? ხომ გახსოვთ კამპანია “გარეჯი საქართველოა”? ეს ხომ რეალურად მხოლოდ საარჩევნო მანიპულაციისთვის შემოტანილი თემა იყო, რომლითაც ცდილობდნენ საკუთარი თავი ეკლესიის, რელიგიის დამცველად შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, რაც პირდაპირ ემთხვევა რუსული პროპაგანდის შინაარსს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება და ღარიბაშვილი თვითონ იყვნენ, უკაცრავად და, “ალტინფო”. მათი ყალბი ულტრაპატრიოტული წინასაარჩევნო კამპანია ულტრაკონსერვატიზმში გადადიოდა. თუ გავიხსენებთ ღარიბაშვილის განცხადებებს წინასაარჩევნოდ, არაფრით განსხვავდებოდა რუსული პროპაგანდის აქაური რუპორების განცხადებებისგან”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

 

“გასაგებია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რწმენის ან რუსული ვექტორის კი არა, პოლიტტექნოლოგიური საკითხი იყო, მაგრამ რიგ შემთხვევაში ამის გამიჯვნა ძალიან რთულია. ამგვარი განწყობების დათესვით, ერთგვარი ოქლოკრატიის დაწესებით, ადვილია საზოგადოების მართვა. ოქლოკრატია არის ბრბოს ძალაუფლება, ვითარება, როდესაც ცდილობ, რომ ადამიანს გაუთიშო გონება და დაუსახო ირაციონალური საფრთხე, მიმართო მისი განწყობა ამ საფრთხისკენ და ყველა პრობლემა ქვეყანაში დააბრალო მას, რაც ოდნავადაც არ არის ახლოს რეალობასთან. როდესაც ხელისუფლება ასეთ სიბნელეს კვებავს, ამას აკეთებს წმინდა პოლიტიკური მიზნით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ პარალელურად რომ რუსულ პროპაგანდას აძლიერებს და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, ამაზე არავინ ფიქრობს. ეს პრობლემა გაცილებით ღრმაა, ეს განწყობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ინერგებოდა, მერკანტილური მიზნისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ამით იხეირა რუსეთმა, რადგან ჩვენი საზოგადოების ნაწილი დაავადდა ამ პროპაგანდით. ყველას არ ჰყოფნის განათლება იმისთვის, რომ გაარჩიოს ამ ყველაფერში ფარსი და რეალობა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“ვფიქრობ, სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება და ამით მანიპულირება შეეძლო როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უკრაინულ ოლიგარქიასაც. სააკაშვილი არის ფიგურა, რომელსაც შეიძლება უბიძგო და ათამაშო ის თამაში, რაც სამივე მხარეს აწყობს. თუ დღეის მდგომარეობით შევაფასებთ სააკაშვილის ჩამოსვლის შედეგებს, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და იმავე ოპოზიციისთვის უარყოფითია. წარმოიდგინეთ, ორი თვის განმავლობაში რა აბსურდში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა და კვლავაც აქვს უზარმაზარი პრობლემები, ვიღვიძებდით და ვიძინებდით სააკაშვილით, რაც კომფორტული იყო ხელისუფლებისთვის, რომელსაც ძალიან ბევრ პრობლემაზე პასუხები არა აქვს და ურჩევნია იქილიკოს სააკაშვილზე... საბოლოოდ ნახეთ, სადამდე დავედით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის სააკაშვილის გათავისუფლება, არ ჩამოსულიყო და არ იქნებოდა ამის მოთხოვნა საჭირო. პოლიტიკური პროცესიც მეტად სტაბილური იქნებოდა. რეალურ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე აპელირებით, ვფიქრობ, ოპოზიციასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა. იმდენი ენერგია დაიხარჯა ჯერ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე, ახლა მის გათავისუფლებაზე ლაპარაკით... პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად 50, 60 და მეტი ადამიანი გვეღუპება "კოვიდით". ამ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერი ღირს?!” - ამბობს ექსპერტი.

 

“სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, ვფიქრობ, სულ სხვა პოლიტიკური ვითარება გვექნებოდა და ხელისუფლებაც ვერ იქნებოდა ასეთი გაჯეჯილებული. არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა ეს შეგნებულად გააკეთა. მას ეს შეიძლება “შეუსრულეს”... იქ უკრაინელ ოლიგარქებს სურდათ მისი თავიდან მოცილება, აქ `ქართული ოცნებისთვის~ აღარ იყო საკმარისი სააკაშვილი შორს და აქ იმის ძახილი, მგელი მოდისო, და, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ ამაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობასაც... ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ფაქტორი არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, ამ ეტაპზე `ქართულ ოცნებაში~ მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება მათთვის მომგებიანია. თუ რაღაც მომენტში სააკაშვილი უფრო მეტ თავსატეხად იქცა, შეიძლება იფიქრონ კიდეც ქვეყნიდან მის გაყვანაზე. ეს როდის მოხდება, დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, მათ შორის ოპოზიციის ადეკვატურობაზე. პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ პროცესის განვითარების ორივე ვარიანტი დევს პოლიტიკურ დახლზე”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 355 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.