“იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოსალოდნელი გარიგება ჩვენ არ დაგვაზარალებს”
“ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე ახლანდელი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მომხდარს არც ქვეყნისთვის და არც რეგიონისთვის კარგი არაფერი მოუტანია - დახოცილი ადამიანები, გადამწვარი შენობები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები...
ყაზახეთი დღემდე რეგიონში იყო ერთ-ერთი სტაბილური, განვითარებული ქვეყანა, რომელსაც, შუა აზიის კვალობაზე, თურქმენეთსა და უზბეკეთს რომ შევადაროთ, ნაკლებად ოდიოზური რეჟიმი მართავდა. ნურსულთან ნაზარბაევმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის გამოცდილება არ ჰქონდა, აქცია სახელმწიფოდ, გადაჭრა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შესაძლოა რაღაც გარიგება შედგეს და...” .
“მოგეხსენებათ, ყაზახეთში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა არცთუ მცირეა და ნაზარბაევმა ამასთან დაკავშირებული პრობლემაც ისე უმტკივნეულოდ მოაგვარა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაიფუჭა. ძირითად ენად დაამკვიდრა ყაზახური და რუსული ნელ-ნელა განდევნა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვიღაც-ვიღაცებმა, შეიძლება ითქვას, წყალს გაატანეს... არ მგონია, კრემლს ხელს აძლევდეს სამეზობლოში არასტაბილურობა, მით უფრო, რომ ყაზახეთის მმართველი რეჟიმი რუსეთისადმი აქამდეც ლოიალურად იყო განწყობილი. ვფიქრობ, კრემლს ერჩივნა, მეტი ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის, ვიდრე ყაზახეთის სახით ზედმეტი პრობლემები მოეგვარებინა. რუსეთის რესურსებიც არ არის ამოუწურავი. ასე სწრაფად ჯარის შეყვანა, ვფიქრობ, იმითიც იყო განპირობებული, რომ არ აწყობდათ ყაზახეთის სრულ ქაოსსა და დესტაბილიზაციაში ჩაძირვა. თუ დღეს რუსეთმა იქ ვითარება სწრაფად მოაგვარა, მათი გავლენა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაიზრდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თქვენ სწორად გაიხსენეთ, რომ ქუჩებში შეიარაღებული ხალხი მოგვიანებით გამოჩნდა. როგორც ირკვევა, ამ ხალხს სამხრეთით, სადღაც მთებში, საიდუმლოდ ამზადებდნენ და ამ მზადების უკან კონკრეტული ადგილობრივი კლანი იდგა. ბოლოს და ბოლოს, ისე ჩანს, რომ ეს ყველაფერი კლანური ბრძოლის შედეგია. საქართველოში ზოგიერთი ამბობს, ნუ აყენებთ ყაზახ ხალხს შეურაცხყოფას და ნუ ამბობთ, რომ არ აქვთ სახელმწიფოებრიობის გამოცდილებაო, მაგრამ ეს ფაქტია - საქართველოსგან განსხვავებით, ყაზახეთში სახელმწიფოებრიობა არ ყოფილა. ნაზარბაევმა ახლა შექმნა სახელმწიფო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსა, კლანები არსად წასულან, მათ შორის ბრძოლაც სულ მიმდინარეობდა, ახლა კი გამწვავდა. ერთ-ერთმა კლანმა, როგორც ჩანს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რამდენიმე ათასი “ბოევიკი” მოამზადა და ეს ხალხი დაუპირისპირდა ტოყაევის ხელისუფლებას, რომელმაც დასახმარებლად რუსეთს უხმო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ყაზახეთში ჯარის შეყვანისა და რეჟიმის გადარჩენის სანაცვლოდ რუსეთი, რა თქმა უნდა, რაღაცას მოითხოვს... სავარაუდოდ, ის ყაზახეთში ჯარს დიდი სიამოვნებით დატოვებს. ყველამ იცის, რომ რუსეთის რესურსები ამოუწურავი არ არის, ამიტომაც ყაზახეთის პრობლემა დღეს კრემლისთვის უფრო ტვირთია, ვიდრე სარგებლის წყარო, მაგრამ როგორც გითხარით, თუ ყაზახეთში ვითარება სწრაფად, მინიმალური მსხვერპლის ფასად მოაგვარა და თანაც ამ ქვეყანაში დარჩა, მისი პოზიციები ყაზახეთშიც და რეგიონშიც გაძლიერდება... მახსოვს, 2005 წელს ყირგიზეთში მოხდა რევოლუცია, რომელიც იყო სოციალური ამბოხი და გადაიზარდა ძალადობასა და მარაზმში. მსგავსი ე.წ. რევოლუცია მერეც ბევრი მოხდა ყირგიზეთში, თუმცა არაფერი გაუმჯობესებულა. როდესაც მსგავსი რაღაც ხდება ყაზახეთში, როგორ ფიქრობთ, რას უფრო დაემსგავსება ეს პროცესები - ყირგიზულ ამბოხს თუ ქართულ “ვარდების რევოლუციას”? რა თქმა უნდა, ყირგიზულს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ეს ერთი სივრცეა, მეზობლები არიან და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, როცა კი სადმე პროტესტი და ამბოხის მცდელობაა, რატომღაც ელის, რომ იქ აუცილებლად დემოკრატიული რევოლუცია მოხდება და თანაც იგივე საქართველოშიც აუცილებლად უნდა განმეორდეს, არადა, ყაზახეთი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა. რაც იქ ხდება, ჩვენთან რატომ უნდა განმეორდეს? ქვეყნის განვითარება თუ გვინდა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნებით... სიმართლე გითხრათ, “ვარდების რევოლუციის” გამეორებაც კი არ მინდა, რადგან ამან თავი ამოწურა. “ვარდების რევოლუციას” არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა მოჰყვა, მაგრამ ბევრი ცუდიც მოხდა... მოკლედ, არ ვარ პროცესების რევოლუციური განვითარების მომხრე, მიუხედავად იმისა, რომ არც მე ამომდის მზე და მთვარე ამ ხელისუფლებაზე. მით უფრო არ მინდა, რომ მოხდეს ის, რაც ყაზახეთში მოხდა: დაიხოცონ ადამიანები, გადაიწვას შენობები, დაიწყოს სახელმწიფო დაწესებულებების შტურმი, მერე - სამოქალაქო ომი და საბოლოოდ შემოვიდეს რუსეთი”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.
“10 იანვრის აშშ-რუსეთის მოლაპარაკება არის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. მნიშვნელოვანი საკითხები ერთი შეხვედრით არ წყდება. ეს პროცესი კარგა ხანს გაჭიანურდება. ალბათ, გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ დაუშვებელია ფართომასშტაბიანი კონფლიქტი და დიდი ომი და რომ აუცილებელია მოლაპარაკება. დამერწმუნეთ, არავინ დასთანხმდება რუსეთს, ნატოს გაფართოება აუკრძალოს... თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთისთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება: ამ ეტაპზე, როდესაც ასეა გაძლიერებული ჩინეთიც და რუსეთიც, ერთდროულად ამ ორ გიგანტთან კონფრონტაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შეიძლება რაღაც გარიგება შედგეს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გარიგება ჩვენ არ დაგვაზარალებს”, - დასძენს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ეროვნული თანხმობის” ინიციატივაზე მინდა გკითხოთ: როგორ შეიძლევა დასრულდეს ეს წამოწყება?” , - პასუხობს:
“ჩემი აზრით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო კარგი პრეცედენტი. ამას იოლად შერიგება არ მოჰყვება, ვიდრე პოლიტიკურ ველზე ასეთი დაპირისპირებაა ორ მთავარ პარტიას შორის, რომლებიც ერთმანეთის განადგურებაზე ოცნებობენ. თანხმობის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ თუნდაც ეს ცერემონიული შეხვედრები და ფოტოების გადაღება კარგ ატმოსფეროს ქმნის. სულ არაფერს სჯობს შეხვდნენ ერთმანეთს და ილაპარაკონ. ვნახოთ, იქნებ უფრო საინტერესო შედეგიც მივიღოთ”.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო