რა იცვლება ენმ-ში და რა გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე “რადიკალი მიშისტები”
“ნაციონალური მოძრაობაში” ახალი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ამით პარტიაში რადიკალური ფრთა ძლიერდება და სუსტდება მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიას პოზიციები, რაც თავად ენმ-ს შიგნით უთანხმოებასა და დაძაბულობას იწვევს. სავარაუდოდ, სწორედ ამაზე მიანიშნებს ნიკა გვარამიას კრიტიკული განცხადება “რადიკალ მიშისტებზე”. პარტიაში კი აცხადებენ, რომ სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი შეიცვალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იცვლება ენმ-ში და რა გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე “რადიკალი მიშისტები”.
“ენმ-ში ახალი სამდივნო ყალიბდება, რომელიც 12 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. თუ ვინ იქნებიან ახალი სამდივნოს წევრები, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ახალი სამდივნო მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. “ცენტრალურ ოფისში ყალიბდება სამდივნო, რომელიც მორგებული იქნება იმ პრობლემებსა და ამოცანებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას პირველ რიგში. პარტიამ უნდა იმუშაოს, რომ სწორი პასუხები გასცეს საზოგადოებას, თუ რა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს, რა მიმართულებით იქნება ჩვენი მუშაობა პრიორიტეტული. ამის პრეზენტაციას ჩვენ მოვახდენთ მომავალ კვირაში”, - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა. ამის პარალელურად კი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ “მიშისტების” ერთი კატეგორია სიძულვილს და აგრესიას ავრცელებს და არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეს ხალხი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს “მიშას ინტერესებით” ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი”, - წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია “ფეისბუქზე”. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნა და ჩამოყალიბება რა მიზანს ემსახურება, ცოტა რთული გასაგებია. მისივე შეფასებით, რაღაც ახალი დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა პარტიას არანაირ პოზიტივს არ მატებს და არც მის მუშაობას გააუმჯობესებს. რაც შეეხება ახალ სახეებს პარტიაში, ანჯაფარიძის აზრით, ისინი ძველისგან დიდად არ განსხვავდებიან”, - განაგრძობს გამოცემა.
“არ მგონია, რომ პარტიაში ახალმა დამატებით სტრუქტურის შექმნამ რამე ძირეული ცვლილებები მოიტანოს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი სახეები ძველ სახეებზე რადიკალურები არიან. პარტიაში მათმა მისვლამ საზოგადოებას რაიმე განსხვავებული და ახალი არაფერი მისცა. ამის მიზეზი პარტიის პოლიტიკაა. ამიტომაც რატომ და რის გამო გადაწყვიტეს, რომ პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნაა საჭირო, ნამდვილად ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ამან ენმ-ის მუშაობაზე რამე რადიკალური გავლენა მოახდინოს და რაიმე ცვლილება მოიტანოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც ბელადიზმით არიან დაავადებული. მას სწორედ ასეთი ელექტორატი ჰყავს და სააკაშვილიც სწორედ მათ შენარჩუნებას ცდილობს. როგორც ჩანს, ნიკა გვარამია და სხვებიც პარლამენტში მიხვდნენ, რომ პარტიას რადიკალიზმი აზიანებს. ხალხი ამ რადიკალიზმს არ იღებს და ვიღაც ხომ უნდა მიხვდეს, რომ ტაქტიკა შესაცვლელია. თუმცა ამ რადიკალიზმის წყარო მიხეილ სააკაშვილია. ყველამ მოისმინა მისი ბიძის თემურ ალასანიას განცხადება, რომ პარტიამ შეუძლებელი არ გააკეთა, რომ სააკაშვილი ციხიდან დაეხსნა. ეს რა არის, თუ არა შეფარული მოწოდებაზე რადიკალური ქმედებებისკენ”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს რომ “ნაციონალური მოძრაობა” ჩიხშია შესული და გამოსავლის ძიებაში არიან, თუმცა კრილოვის იგავის არ იყოს, მუსიკოსების ადგილების შეცვლით უკეთესი მუსიკოსები ვერ გახდებიან. “ენმ-ში ძველ ფიგურებს უბრალოდ ადგილებს უცვლიან და ჰგონიათ ამით საზოგადოებაში რამე მხარდაჭერას მიიღებენ, ან პარტიაში ცვლილებები იქნება. ახლა ამ ახალი სტრუქტურის შექმნით რის მიღებას ცდილობენ, გაუგებარია”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით, “საზოგადოებაში ამას რაიმე რეაქცია არ მოჰყვება”, - დასძენს გამოცემა.
“მე უფრო ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას პოზიციების შესუსტება ხდება და რადიკალური ფრთა კიდევ უფორ ძლიერდება. სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას ეს განცხადებაც ამით არის განპირობებული. გვარამია არ არის ზომიერი პოლიტიკოსი და მისგან ეს პოზიცია გასაკვირია, თუმცა სწორი და დროულია. პარტიას რადიკალიზმი დაღუპავს და ამას, როგორც ჩანს, პარტიის ლიდერების ნაწილი უკვე კარგად ხვდება. საზოგადოებას არ სურს რადიკალიზმი და პარტიაში ამის გააზრებას ვერ ახერხებენ. ამ შემთხვევაში ალბათ გვარამიას უნდა დავეთანხმო, რადგანაც ენმ 2012 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებას რადიკალიზმით ცდილობს. არადა სწორედ ამის გამო გაუშვა ხალხმა ისინი ხელისუფლებიდან. სანამ ამას არ გაიაზრებენ, პარტიაში რაიმე ცვლილებებს მნიშვნელობა არა აქვს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო