“რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო”

“იმ პროცესებში, რაც დღეს ხდება, რთულია რამე პოზიტიურის დანახვა, მაგრამ, როგორც წესი, მედალს ორი მხარე აქვს. დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ შექმნილი ვითარება, გარკვეულწილად, დასავლეთის ელიტის თვალის ახელის ინსპირატორად იქცა.

ეს შეიძლება მთელ დასავლეთს არ ეხება, მაგრამ ნაწილს ნამდვილად მოუწია იმ რეალობის აღიარებამ, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ქმნის. ისინი ამაზე თვალს ვეღარ დახუჭავენ და მოუწევთ, შეიმუშაონ რუსეთის შეკავების სტრატეგია. მე ამ ნაწილს თვალახელილ დასავლეთს ვუწოდებ, რომლის მთავარ სახედ და ლიდერად ჩანს სწორედ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაციონალურობითა და რუსეთის მიმართ სიმკაცრით დაგვამახსოვრა თავი”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო”.

 

“ბლინკენი ადეკვატურ სახელს არქმევს 2008 წლიდან დღემდე რუსეთის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს და ძალიან მკაცრია სანქციებზე ლაპარაკისასაც. ის იმ ძლიერი ამერიკის სახეა, რომელიც მშველელად და დამცველად ეგულებოდა ბევრ ქვეყანას მსოფლიოში. ამ ფონზე 21 იანვრის შეხვედრა ცოტა უფრო მშვიდი იყო. აშკარაა, რომ დასავლეთი ცდილობს, კრიზისიდან გამოსასვლელად დიპლომატიური გზები მოძებნოს. არსებითი შედეგი ამ შეხვედრას არ მოჰყოლია, მაგრამ როგორც მონაწილეებმაც აღნიშნეს, ამას არც ელოდნენ. ერთადერთი სიახლე იყო განცხადებები, რომ აშშ რუსეთს წერილობით გააცნობს თავის პოზიციებს. აქ ერთი მომენტია საინტერესო: როგორც ამერიკულ, ისე რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის წერილობით პოზიცია არ გახმაურდება, რაც დასავლურ მედიაში ეჭვის საფუძველი გახდა. ეს არის მომენტი, რომელიც დაგვაფიქრებს, რა არის ამ დოკუმენტის გასაიდუმლოების საფუძველი და სიფრთხილისკენ გვიბიძგებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“სანქციების კანონპროექტი ეს 55-გვერდიანი დოკუმენტია და შეეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებსაც. მისი მიზანია, შემუშავდეს ნაბიჯები და სტრატეგია რუსეთის აგრესიის, მათ შორის - არაკონვენციური, ე.წ. პროქსიძალების შესაკავებლად. ამაში იგულისხმება ის გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს ოფიციალურად რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არ არიან, მაგრამ, ფაქტობრივად, კრემლიდან იმართებიან. როგორც წესი, ეს დაჯგუფებები იქმნება ამა თუ იმ ქვეყანაში რუსული აგენტურის და პრორუსულად განწყობილი ადამიანების ბაზაზე, ან ამაში უშუალოდ რუსული სპეცრაზმი მონაწილეობს, ოღონდ ისე, რომ მათ მოქმედებაში რუსული კვალი მაქსიმალურად არის დაფარული. აღარაფერს ვამბობ იმ მასირებულ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და რომლის მძიმე შედეგებსაც ახლა ყველა ერთად ვიმკით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“თავის დროზე რუსეთი “ცივ ომში” დამარცხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისი ენერგორესურსების გაყიდვის წყალობით სამხედრო თვალსაზრისით წელში გაიმართა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ქვეყანამ დასავლეთზე სერიოზული ჰიბრიდული შეტევა დაიწყო. მართალია, ამ მასირებულ ჰიბრიდულ ომში რუსეთი მთლად გამარჯვებული ვერ არის, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარად აღწევს წარმატებას. უკრაინასთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, როგორ არის გაყოფილი პოზიციები დასავლეთში და როგორ მოახერხა რუსულმა ფულმა, რომელიც ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია, ეყიდა დასავლეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი და გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე, რაზეც უკვე დასავლეთშიც ლაპარაკობენ. ამ ორიოდე დღის წინ საქართველოში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი და როცა წამოიჭრა საკითხი, რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, უპირველეს ნაბიჯად რუსული ფულის შეკავება დასახელდა, რაც დამანგრევლად მოქმედებს დასავლეთზე და მას “ბაბილონის გოდოლად” აქცევს, სადაც სულ უფრო რთულდება საერთო პოზიციების შემუშავება”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“მეტიც, ნატოს ზოგიერთ ქვეყანაში გაჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთმა გადაწყვიტა თავისი სამხედრო გემების შავ ზღვაში შეყვანა, რასაც მოჰყვა ზოგიერთი საპარლამენტო პარტიის უკმაყოფილება, რომელთა ნაწილი დაუფარავად გამოხატავს რუსეთის მიმართ სიმპათიას. და ამ მხრივ ესპანეთი გამონაკლისი არ არის. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ამის უკან რუსეთი იდგეს. მეორე ფაქტორი, რის გამოც დასავლეთმა ყურადღება მოადუნა, არის საბაზრო ეკონომიკა, რომლითაც ის რუსეთის მობმას იმედოვნებდა. დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ეკონომიკური ჩართულობა და სავაჭრო-საფინანსო ურთიერთობები განაპირობებდა რუსეთში იმგვარი ელიტის ჩამოყალიბებას, რომელიც დასავლური დემოკრატიული საზოგადოების ნაწილად უფრო იგრძნობდა თავს და შეაკავებდა რუსეთის სვლას ავტორიტარიზმისა და იმპერიული ტენდენციებისკენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დასავლეთის ეს მიდგომა რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტად კი არ იქცა, პირიქით, რუსეთმა, გაეხსნა რა დასავლეთში სავაჭრო-ეკონომიკური სივრცე, თვითონ მიიბა იქაური ბიზნესის ინტერესები და დღეს ძალიან მსხვილი ევროპული ბიზნესის ნაწილი რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

 

“კონგრესში წარდგენილი სანქციების კანონპროექტი საინტერესო დოკუმენტია, მასში პირდაპირ გვარ-სახელებით არიან მოხსენიებული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, პუტინით დაწყებული, ამ ჩინოსანთა ოჯახის წევრებით დამთავრებული. იქ ლაპარაკია, რომ უნდა გამოიკვლიონ მათი ქონება, ყველა ანგარიში და შემდგომ ეს ყველაფერი გამოქვეყნდეს. ასევე სანქციების ჩამონათვალში ხვდებიან ბანკები, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, ანუ ენერგორესურსებისა და მინერალების მომპოვებელი კომპანიები. ეს შეეხება “ჩრდილოეთ ნაკად 2”-ის პროექტთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებსაც. ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე: აშშ-ში ქონების დაბლოკვასა და ვიზების არმიცემაზე ან მოქმედი ვიზების გაუქმებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ...” - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“ისმის კითხვა: რისი იმედი აქვს პუტინს, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის ეკონომიკაც ურთულეს მდგომარეობაშია? სამწუხაროდ, მას აქვს სწორედ იმ უპირატესობის იმედი, რომელიც მან დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში მოიპოვა: ევროპის ქვეყნებში საზოგადოების რყევა, ინსტიტუციების მიმართ ნდობის დაკარგვა, ნიჰილიზმის დამკვიდრება და ა.შ. მოკლედ, ის ყველაფერი, რასაც საქართველოში ვხედავთ. დასავლეთში არაერთი კვლევითი ცენტრი იკვლევს რუსეთის მოქმედებას. ვითარება ასეთია: იცი, ვინც გებრძვის, მაგრამ ეფექტიანი კონტრსტრატეგია არ გაქვს. დასავლეთში ჯერ ვერ მოიფიქრეს, როგორ შეაკავონ რუსული ფული და რუსული გავლენა საინფორმაციო ველსა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ელიტაზე, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება ამას აჩვენებს... ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, რომლის პასუხადაც მუქარანარევი გაფრთხილება მოვისმინეთ _ იმედია, საქართველო გაითვალისწინებს არსებულ გამოცდილებას და უფრო დაბალანსებული იქნება რუსეთთანო.. რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რაღაც თქვენი სიჩუმე არ მომწონს და კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო”, - ამბობს ექსპერტი.

 

“ზოგადად, რუსული პოლიტიკის სტილია, რომ ის ერთი დათმობით არასდროს კმაყოფილდება. თუ რამე დაუთმე, მეტს და მეტს ითხოვს და მარწუხებში მანამდე გაქცევს, ვიდრე თავის სურვილს ბოლომდე არ აისრულებს.… არადა, ამ ხელისუფლებამ მეტი რაღა უნდა გააკეთოს, რაც ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა გააკეთა, როდესაც ევროპარლამენტარები, ფაქტობრივად, ქვეყანაში არ შემოუშვა. ევროპარლამენტარებისთვის კარის მიხურვა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ხელწერის - დასავლეთის მიმართ შეურაცხმყოფელი რიტორიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ქმავე დროს, ხელისუფლებისგან ვისმენთ განცხადებებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, გვაქვს გარანტიები, რომ ივნისში, ნატოს მადრიდის სამიტზე, ძალიან მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ნატოში შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისითო - ასეთი ტექსტი ამ ხელისუფლების პირობებში, მეტიც, 2008 წლის შემდეგ, არ მომისმენია”, - ამტკიცებს ლაგაზიძე.

 

“თავისთავად ეს ფრაზა იმედის მომცემია, მაგრამ მეორე მხრივ, მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, უკრაინის ნატოში გაწევრება ახლო პერსპექტივის საქმე არ არისო. და თუ არ გაწევრდება უკრაინა, საინტერესოა, რა იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ? მით უფრო, თუ უკრაინაში ომი დაიწყო… მოკლედ, საქართველოსთვის ამ თვალსაზრისით მიცემული გარანტიები ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია. ამერიკელები ამბობენ, რუსეთის სავარაუდო ნაბიჯების საპასუხოდ 18 კონტრსცენარი გვაქვს შემუშავებულიო და შესაძლოა, ესეც ერთ-ერთი სცენარის ნაწილი იყოს... რუსეთის “არგაღიზიანების” პოლიტიკა სწორედ ის არის, რაც ობამას პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკასა და ევროპაში ხდება, რასაც გადატვირთვის პოლიტიკა დაარქვეს და რამაც არ გაამართლა. სწორედ ამ პოლიტიკამ განაპირობა დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში რუსეთის უპირატესობა, რამაც არა მხოლოდ დასავლეთის, როგორც ერთი ნების მქონე სივრცის პარალიზება გამოიწვია და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობა გააღრმავა, არამედ უშუალოდ ამ ქვეყნებში ისეთი პრობლემები შექმნა, რომელთა გადასაჭრელად უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა უწევთ”, - დასძენს ექსპერტი.

წაკითხვა 346 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.