რა სურს სინამდვილეში რუსეთს უკრაინაში შექმნილი დაძაბულობით
“უკრაინის საკითხზე ნატოსა და აშშ-სგან კვლავ დიდი მობილიზაციაა - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე პერსონალური სანქციებით ემუქრება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს გარკვეული გარემოებების გამო დიდი უპირატესობა აქვს, რუსეთი კი ამის გადაფარვას უკრაინის საკითხით ცდილობს, სურს ამერიკა მოლაპარაკებებში ჩაითრიოს და რაღაცეები დაათმობინოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ კრემლი წერილობით პასუხს ელოდება და მოქმედებას ამის შემდეგ დაიწყებს. “ის, თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს”, - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა სურს სინამდვილეში რუსეთს უკრაინაში შექმნილი დაძაბულობით / “აშშ დიდ დათმობებზე არ წავა, თუმცა, შესაძლოა, შემცირდეს წვრთნები უკრაინაში, შავი ზღვისპირეთში და საქართველოში”.
“კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა - “დიახ, მე ამას განვიხილავ”. “ჩვენ განზრახული არ გვაქვს, უკრაინაში ამერიკული ძალების, ნატოს ძალების, განთავსება. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუკი ის შეიჭრება, ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება”,- თქვა ჯო ბაიდენმა. გასულ კვირას ჟენევაში აშშ-ის სახელმწფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი აშშ-სგან წერილობით პასუხს მიიღებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ რუსეთისთვის წერილობითი პასუხის მიწოდება უახლოეს დღეებში, თუმცა ნატო-ს მომავალი გაფართოების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუკი რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებზე დასავლეთი კონკრეტულ პასუხს არ წარადგენს, მოსკოვი აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს. “თუ არ იქნება კონსტრუქციული პასუხი და დასავლეთი გააგრძელებს აგრესიულ კურსს, მაშინ მოსკოვი, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, მიიღებს აუცილებელ საპასუხო ზომებს", - თქვა ლავროვმა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ყოფნის გაძლიერებას განიხილავს და ეს შეიძლება მოიცავდეს ნატოს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებაზე ამბობს, რომ: “მან (სტოლტენბერგმა) უკვე დაკარგა კავშირი რეალობასთან”. საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს ამერიკას რუსეთთან მიმართებაში დიდი უპირატესობა აქვს, ამიტომაც რუსეთი უკრაინის საკითხით ამის გადაფარვას და აშშ-ს მოლაპარაკებებში ჩათრევას ცდილობს, რათა გარკვეულ საკითხებზე დათმობებზე მაინც წაიყვანოს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ სანამ რუსეთი ამერიკელებისგან წერილობით პასუხს მიიღებს, მანამდე შესაძლოა თავი მოაჩვენოს, როგორც მშვიდობისმოყვარულმა”, - დასძენს გამოცემა.
“აქ საქმე უფრო ამერიკასთან ორმხრივ ურთიერთობას ეხება, კონკრეტულად ისეთ თემას, როგორიცაა საშუალო სიშორის რაკეტები, რუსეთს ეშინია და არაა გამორიცხული, რომ ამერიკამ უკრაინაში ეს რაკეტები განალაგოს. თუ რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, ბუნებრივია, რომ შეიძლება საქმე აქამდეც მივიდეს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ანტისარაკეტო სისტემებია, რადგან რუსეთი გეოგრაფიულად ნაკლებადაა დაცული, ვიდრე ამერიკა. ამერიკას უპირატესობა დიდი აქვს, მას შეუძლია პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიებზე ანტისარაკეტო სისტემები განალაგოს და რუსეთი ამითი, ბუნებრივია, ზარალდება. ამერიკას სერიოზული უპირატესობა აქვს, დისბალანსია, რუსეთი კი ამის გადაფარვას უკრაინაზე ზეწოლით ცდილობს, რომ აშშ მოლაპარაკებებში ჩაითრიოს და მისგან დათმობები მიიღოს. ესაა ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ ორმხრივ მოლაპარაკებებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“დათმობებზე უფრო მიდის საუბარი, ვიდრე თვითონ უკრაინაზე. მით უმეტეს რუსეთს იმის შიში დღეს არ აქვს, რომ შესაძლოა უკრაინა ნატოში მიიღონ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია წაართვა და თუ მიიღებენ, მაშინ ამ ეტაპზე მხოლოდ არაოკუპირებული უკრაინა უნდა მიიღონ. ალბათ უკრაინელები ამას ასე მარტივად არ იზამენ, მათი ნატოში ინტეგრაცია ძალიან გართულდება. მე მაინც მგონია, რომ ალბათ რუსებს სურთ, რომ ამერიკელებს რაღაც-რაღაცეები დაათმობინონ, ის რაღაცეები, სადაც ამერიკელებს საკმაოდ სერიოზული უპირატესობა აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ს პარტნიორები ჰყავს, რუსეთს კი ასეთი პარტნიორები თითქმის არ ჰყავს... ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ სერიოზულად გაიწელება და რუსეთს საბოლოო ჯამში ერთ-ერთი გამოსავალი ალბათ ექნება ის, რომ შეიძლება დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიაროს და მერე იდეაში მიიერთოს. ამერიკა “ჩრდილოეთ ნაკად 2”-ს რეალურად არ ბლოკავს. იმიტომაც მგონია, რომ ომი არ იქნება, რუსეთს ეს უკრაინასთან არ სჭირდება, რადგან “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის სახით ბერკეტი ექნება, ნებისმიერ დროს შეიძლება უკრაინას დაემუქროს, რომ გაზს საერთოდ შეუწყვეტს”, - დაასკვნის შარაშენიძე.
“რუსეთი მანამ ამერიკელებისგან წერილობით პასუხს მიიღებს “კეთილ ნებას” იჩენენ, ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი პოზიციით ამერიკელებს რაღაც დათმობებზე წაიყვანონ და ისინი მათთვის რთული სიტუაციიდან ასე გამოვიდნენ. მეორე ვარიანტი ასეთი პოზიციისა არის ის, რომ შესაძლოა ეს ნიღაბი იყოს, მოაჩვენოს თავი, რომ თითქოს მშვიდობისდამცველია და შემდგომში უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ. სანქციები პუტინისთის ნაკლებად ხელისშემშლელია. ჩემი აზრით მას რეალურად ის სურს, რაც თქვა, ნატოს არგაფართოვება, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ნეიტრალური პოლიტიკა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“რაც შეეხება “ჩრდილოეთ ნაკად 2”-ს, ევროპა არ წავა იმაზე, რომ ეს გაზსადენი გაუქმდეს. უკვე მზადაა ყველაფერი და ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, ათი კილომეტრია დასამთავრებელი და ვფიქრობ, რომ გაუშვებენ... ყველა აშშ-ის წერილობით პასუხს ელოდება, დიდ დათმობებზე ამერიკა არ წავა, შესაძლოა, მცირე მეორეხარისხოვან დათმობებზე იყოს საუბარი. მაგალითად ის, რომ უკრაინა სანამ პრობლემებს არ გამოასწორებს, ნატოში არ მიიღებენ. ასევე, მაგალითად შემცირდება ნატოს საერთო წვრთნების რაოდენობა უკრაინაში შავი ზღვისპირეთში და დავუშვათ საქართველოში, ეს კი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - დასძენს მაისაია.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო