“რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს, არ იცის, ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს”

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში უკრაინა-რუსეთის ომზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავი მახეში მოიქცია.

ამიტომ ის ახლა გამოსავლის ძიებაშია. ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი საკმაოდ მძიმე შედეგს მიიღებს, ამიტომ ომს დაიწყებს წაგებულია, არ დაიწყებს და მაინც წაგებული იქნება. ის ქვეყნის შიგნით და მის გარეთ სახეს დაკარგავს, რაც პუტინის დასასრულის დასაწყისი გახდება. ზაქარეიშვილი ასევე საქართველოს შესაძლოა “სამთა კავშირში” გაწევრიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის გაერთიანების შემთხვევაში, საქართველოს ამ ალიანსში მიწვევა კარგი იქნებოდა, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას ეს არ სურს. ყოფილი სახელმწფო მინისტრი გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლონდონში ამ მიზნით იმყოფებოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს, არ იცის, ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს” - ზაქარეიშვილი.

 

“საქართველოს ხელისუფლება დღეს იმდენად არის დამფრთხალი, რომ არ ველი ამ სამთა კავშირს მიუერთდეს... საქართველოს აეროპორტი ყოველთვის სანდო სარეზერვო აეროპორტად გამოიყენება. ხშირად ყოფილა, როცა გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში დამჯდარა, ან საწვავს იღებენ ან კიდევ სხვა დაუგეგმავი ვიზიტი ხდება ხოლმე. ამიტომაც იყო, რომ პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა. სამთა კავშირზე სასაუბროდ მას საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა შეხვედროდა, მაგრამ ქულების ჩაწერის მიზნით ზურაბიშვილი შეახვედრეს. ამაში რაიმე სხვა ქვეტექსტს მე პირადად ვერ ვხედავ. ჯერ ერთი, ეს უფრო ევოპული კონცეფციაა, არადა წამყვანები ბრიტანელები ჩანან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“მაინც მგონია საქართველოს ხელისუფლება რუსეთის განწყობებს ანგარიშს უწევს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ 3 + 3-ში, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ სამთა კავშირში ვყოფილიყავით, თუმცა დიდი ენთუზიაზმი არც მათი მხრიდან არ ჩანს... პაპუაშვილი პარლამენტის წევრი და ლიდერია. ამიტომ ის უბრალოდ სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ასევე გამორიცხულია ოპოზიცია ამაზე ბრიტანეთის ხელისუფლებას ესაუბრებოდეს, ეს პარლამენტის საქმე არაა, ეს ჩვენი მთავრობის საქმეა. საქართველოს ხელისუფლება ახლა ძირითადად იქითკენ არის მიმართული, რომ “არ შემაწუხოთ”. ამიტომ იმაზე რაც უკრაინაში ხდება, პოზა აქვს დაჭერილი, რომ მას არ ეხება. ეს კი მკაფიოდ გამოჩნდა იმაში, როცა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. ამიტომ მეეჭვება დახურულ კარს მიღმა ამ თემაზე საუბრი ყოფილიყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“პუტინი ომს წინასწარ არ აცხადებს და ამას ყოველთვის მოულოდნელად აკეთებს. ასე იყო საქართველოსთან მიმართებაში და ყირიმთან დაკავშირებითაც. კი ბატონო, რუსეთის არმიის მნიშვნელოვანი დანაყოფები უკრაინის საზღვართან თავს იყრის, მაგრამ ლოგიკით მან თებერვლის ბოლოს ომი არ უნდა დაიწყოს. როცა თოვლი დნობას იწყებს და მიწა ტალახდება, ასეთ დროს მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს. რუსეთს საჰაერო ძალით რაც არ უნდა წარმატება ჰქონდეს, ჰაერით ომს ვერ მოიგებენ. ეს უბრალოდ დახმარებაა იმისთვის, რომ სახმელეთო გზით ჯარს და ტექნიკას გადაადგილება გაუადვილდეს. ამიტომ ალოგიკურია თებერვალში ომი დაიწყოს. ჩემი აზრით, რუსეთი ივნისის ნატოს სამიტს დაელოდება. რუსეთს ომი ნამდვილად არ აწყობს, მაგრამ თუ დასჭირდა, არც მაგის ეშინია. 2008 წელს ეშინოდა ომის დაწყება არ დაბრალებოდა, ახლა კი ამისიც აღარ ეშინია. უკრაინაში პირიქით, ძალის ჩვენება აწყობს. დასავლეთს ეტყვის მე ხომ გეუბნებოდით, რომ პირობები უკან წაიღეთ და ომი არ იქნება. პუტინი მაქსიმუმის გამოვაჭრებას ცდილობს. ფაქტია, დასავლეთი უკან თავისი პირობების წაღებას არ აპირებს, ამიტომ პუტინსაც ომის საბაბი ექნება”, - მიიჩნევს ყოფილი სახელმწფო მინისტრი.

 

“ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიას ებრძვის. მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს პოროშენკო იქნება პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე, მთავარია გავლენა არ დაკარგოს. ამიტომ თუ საქართველოში და უკრაინაში დემოკრატიამ გაიმარჯვა, პუტინი ამ ქვეყნებს კარგავს. პუტინმა შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ დასავლეთი დასუსტდა. ეგონა ბაიდენი მოხუცია და სისულელეებს ლაპარაკობს. გერმანიის კანცლერი მერკელი წავიდა. მაკრონის შებმა შეიძლება და მოდი, ამ ხალხს ომით შევაშინებ. პუტინს ეგონა, რომ უკრაინის და საქართველოს გამო ევროპა რუსეთთან დაპირისპირებაში არ შევიდოდა. აუტკივარ თავს არ აიტკიებდა. რუსეთს ეგონა ევროპას შეაშინებდა, ხელიდან კი უკრაინას და საქართველოს გააგდებინებდა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს არ იცის. ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს, რომ როგორღაც პუტინმა ამ ჩიხურ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს და მსოფლიო ნაკლებად დააზარალოს”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 382 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.