“ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...”
“რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ დასავლეთს სირაქლემას პოზა მოერგო. ამისთვის, ჰიბრიდული ომის ხერხების გამოყენებით, შექმნა სურათი, თითქოს საქართველო პროვოკაციას წამოეგო და ომი დაიწყო.
კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს აბსურდია და ომი საქართველოს არ დაუწყია, რაც დღეს უკვე მსოფლიომ აღიარა. ამგვარი წარმოდგენის გათამაშებას ცდილობს ახლა უკრაინაშიც, რათა ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ თუ ომი დაიწყო, ეს უკრაინას დაბრალდეს”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...” / “ძალიან დამაიმედებელია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, გამოსვლა. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის პუტინის ცნობილი სიტყვის შემდეგ დასავლეთის არც ერთ ლიდერს ასეთი თამამი და საეტაპო გამოსვლა არ ჰქონია.
“უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გასამხედროებული ჯგუფები, რომლებსაც არ აცვიათ სამხედრო ფორმა, რუსული სცენარით ახორციელებენ კონფლიქტებს, რასაც შემდგომ რუსეთი იყენებს ე.წ. მშვიდობის იძულების ოპერაციის დასაწყებად - სწორედ ასე დაარქვეს 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოჭრას, ახლა კი იმავეს უფრო ფართო მასშტაბით იმეორებენ უკრაინაში. რუსეთი გამუდმებით ამტკიცებს, უკრაინის სეპარატისტული რეგიონები უკრაინიდან იბომბებაო, აჩვენებს რაღაც კადრებსაც, არადა უკრაინის ხელისუფლებაც და მთელი მსოფლიოც ადასტურებენ, რომ უკრაინას ცეცხლი არ გაუხსნია. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ამ მასშტაბური პროპაგანდისტული შეტევის დროს უკრაინა 2008 წლის საქართველოსთან შედარებით მყარად დგას. მან ისწავლა ქართული გაკვეთილი, ამიტომ ფსიქოლოგიურადაც გაცილებით მტკიცედ არის და საინფორმაციო ომსაც სათანადოდ ეწინააღმდეგება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“უკრაინაში მეტი დრო ჰქონდათ მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, რაც 2008 წელს საქართველომ ვერ მოასწრო. სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთს არ სჯეროდა, რომ რუსეთს შეეძლო მსოფლიო წესრიგისთვის ხაზი გადაესვა და ომით დაეწყო საზღვრების გადაწერა. ვფიქრობ, 2008 წლის ომის გაკვეთილები დასავლეთმაც აითვისა, მაგრამ დაგვიანებით, თუმცა დღეს ისე ჩანს, რომ რუსეთს ეს მაინცდამაინც აღარ ანაღვლებს. ყველაზე საშიში, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ რუსეთი უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებიდან 700 ათასამდე ადამიანის ევაკუაციას გეგმავს რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. კრემლი არაადამიანურად ექცევა თავისივე მოკავშირეებს - დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობას, რომელიც დღეს რუსული ცეცხლის პირველი სამიზნეა. კარგად უნდა დაფიქრდნენ კრემლის ქართველი აპოლოგეტები, რომ რუსეთის მომხრეებიც არ არიან დაზღვეული მისი აგრესიისგან. ეს ყველაზე კარგად წარმოაჩენს რუსეთის სახეს. ის მოკავშირეებს საკუთარი მიზნების აღსრულებისთვის ცოცხალ იარაღად იყენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს გაუგზავნა კრემლის ულტიმატუმზე დასავლეთის პასუხის პასუხი. ეს ვრცელი დოკუმენტია და რამდენიმე პუნქტზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთ-ერთი საქართველოსთან ანალოგიის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და აფხაზეთის ომთან პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს. რუსები ითხოვენ იმ დასავლური შეიარაღების გატანას, რომელიც უკრაინას ბოლო თვეების განმავლობაში მიაწოდეს, ასევე მოითხოვენ უკრაინიდან დასავლელი ინსტრუქტორების გასვლას. შეუძლებელია, ამან არ გაგვახსენოს აფხაზეთის ომის დროს რუსეთის მიერ თავს მოხვეული შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და ტექნიკამ დატოვეს აფხაზეთი, ამის შემდეგ კი რუსეთმა ეს რეგიონი სრულად დაიპყრო და იქ ჰუმანიტარული კატასტროფა და ქართველების გენოციდი მოაწყო. გასაგებია, რომ დღეს ამ მოთხოვნაზე რუსეთს არავინ დასთანხმდება, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთი იმავე სცენარით ცდილობს მოქმედებას”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს ნატოს შეიარაღების გატანას ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. ეს აჩვენებს, რომ თუ დასავლეთმა უკრაინა დათმო, კრემლის შემდგომი მცდელობები მიმართული იქნება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ვარშავის ბლოკის ქვეყნებზე გავლენის აღდგენისაკენ. ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში, დღეს უკრაინაში რუსეთი ქართველებს და უკრაინელებს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვის დასავლეთს და დასავლურ დემოკრატიას. კრემლი გამოცდის, არის თუ არა დასავლეთი ის ძალა, რომელზეც დღეს მსოფლიო წესრიგი დგას და ეს გამოცდა 2008 წელს დაიწყო. სწორედ ასე აფასებს რუსულ საფრთხეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ “ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში. უკრაინა ევროპის დამცავი ფარია უდიდესი არმიისგან... მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობა, მშვიდობა მსოფლიოს სჭირდება”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
“ძალიან უცნაური ვითარებაა შექმნილი - ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მაგრამ ვგულისხმობთ საქართველოს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, რიკოშეტის პრინციპით ეს ყველაფერი საქართველოსაც აუცილებლად მოსწვდება, მეორეც, თუ უკრაინაში კრემლს ეს ყველაფერი გაუვიდა, შემდგომი სწორედ ჩვენ ვიქნებით და არამხოლოდ ჩვენ. უკრაინასაც და საქართველოსაც ნატო სჭირდებათ მაშინ, როდესაც მათ უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, თორემ უკვე ოკუპირებულ უკრაინას და საქართველოს ნატო რაღას უშველის?!ცინიკურად გულწრფელი განცხადება მოვისმინეთ გერმანიის კანცლერისგან, როცა პუტინს მიმართა, ვიდრე მე და თქვენ ხელისუფლებაში ვიქნებით, ნატოს გაფართოების და უკრაინის გაწევრების საკითხი დღის წესრიგში არ დადგებაო, თან დაუზუსტა, როგორც ვიცი, თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში ყოფნასო. ეს განცხადება, ლოგიკურად, საქართველოსაც ეხება, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა და ისე გავხდეთ ნატოს წევრი, არც ველოდეთ. მეორე მხრივ, არსებობს გაცილებით რეალური სურათი იმისა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ნატოს კარი საქართველოსთვის დაკეტილი იქნება”, - თვლის რესპონდენტი.
“საქართველოც და უკრაინაც იქცნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მძევლად და მსხვერპლად: ერთი მხრივ, ამან გააჩინა არარეალური მოლოდინი და ამასთანავე, ამ ქვეყნებმა აღარ დაიწყეს უსაფრთხოების პარალელურ ქოლგებზე ფიქრი, თანაც ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, რუსეთის წინ აფრიალებულ წითელ ნაჭრად იქცა...დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? საერთოდ როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ, მნიშვნელოვანი პარტნიორის გარეშე? ჰიბრიდულ ომში რომ ყველა პარამეტრით დამარცხებული ვართ, ფაქტია, მაგრამ მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში, გამოდის, რომ სრულიად განიარაღებულები ვიქნებით მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისგანაც სრულიად მოშიშვლებული გვექნება ზურგი. ერთადერთ რეალურ შემაკავებელ ფაქტორად ისევ თურქეთი რჩება... ეს ყველაფერი მოიტანა გამრუდებულ სარკეში ყურებამ და ილუზიებით ცხოვრებამ”, - დაასკვნის ექსპერტი.
“ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური ომის ბოლო დღეებია. საქმე ის არის, ვის უმტყუნებს ნერვები. ბევრი ირაციონალურად აფასებს პუტინის მოქმედებებს, თუმცა, ჩემი აზრით, აქამდე სრულიად ცივი ლოგიკით მოქმედებდა და, როგორც წესი, ეს ლოგიკა უმართლებდა. ის ამოწმებდა დასავლეთის პოლიტიკური კასტრაციის ხარისხს, მაშინ, როცა დასავლეთი თავისი კომფორტის ტყვედ იქცა. აქედან გამომდინარე, პუტინს ბოლომდე არ სჯერა, რომ დასავლეთი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს მისი აგრესიის შესაკავებლად. თუ რუსეთი მზად არის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, ასევე არ სჯერა, რომ უკრაინელები სათანადო წინააღმდეგობას გაუწევენ. მეხუთე კოლონა იქაც ძლიერია, შესაბამისად, ალბათ, კრემლში ფიქრობენ, რომ ომი ხანგრძლივი და მომქანცველი არ იქნება”, - განმარტავს ლაგაზიძე.
“ძალიან დამაიმედებელია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, გამოსვლა. 2007 წლის პუტინის ცნობილი სიტყვის შემდეგ დასავლეთის არც ერთ ლიდერს ასეთი თამამი და საეტაპო გამოსვლა არ ჰქონია. ვფიქრობ, უპრიანია, მოვიხმოთ მისი გამოსვლის ფრაგმენტები: “არ უნდა დავუშვათ, რომ რუსულმა მუქარამ შეცვალოს ევროპის არქიტექტურა და არ დავუშვებთ ახალ იალტას; არ დავუშვებთ ჩვენი კონტინენტის ორ გავლენის სფეროდ დაყოფას; უნდა ჩავეხსნათ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას. ალტერნატიული მომარაგება და ტექნოლოგიები დაგვიხსნის რუსული საფრთხეებისგან; ჩვენ უნდა შევამზადოთ ჩვენი თავი რუსული დეზინფორმაციისთვის, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დარტყმა უკრაინაზე უკრაინის შეტევად შემოგვასაღოს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არავინ არის აქ სულელი; თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, დამარცხდეს და ის დამარცხდება; რუსეთის ხელისუფლება მწარედ ცდება, თუ ჰგონია, რომ საქმე აქვს 2014 წლის უკრაინასთან. რუსეთი ვერაფერს მოიგებს ამ კატასტროფული ომით და შეუძლია ყველაფერი წააგოს”, - ციტირებს რესპონდენტი.
“მშვიდობა რუსეთსაც სჭირდება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უსაფრთხო ევროპაზე, ეს თანაბრად ვრცელდება რუსეთზეც. და მთავარი მესიჯი, რომელსაც ჩვენ ამ კონფერენციიდან ვგზავნით, ჩვენი ერთიანობაა”, - თქვა ჯონსონმა. დიახ, მთავარია ეს ერთიანობა სიტყვიდან საქმედ იქცეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რუსეთის შეკავება.რაც შეეხება საქართველოს, ჩემთვის მთავარი კითხვაა, ვის აქვს გარანტია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ საქართველოსკენ არ მოტრიალდება. მესმის საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილის, მაგრამ დუმილი ერთია, მოუმზადებლობა და სრული კაპიტულაცია ჰიბრიდულ ომში - სხვა... სწორედ რუსული საინფორმაციო პროპაგანდის გამო დღეს საქართველოს საზოგადოების ნაწილი სრულად დემორალიზებულია. ეს უპატიებელია”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო