“კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით” -ხათუნა ლაგაზიძე
“დღეს არავის შეუძლია იმის დანამდვილებით თქმა, გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მის სავარაუდო მოტივებზე.
ბოლო დროს ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი არა ტაქტიკური ბირთვული იარაღის, არამედ ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენებაზე, რომელიც რადიაქტიური ნარჩენებისგან კეთდება, მათზე კი რუსებს ხელი მიუწვდებათ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურშიც, რომელიც ახლა მათ ხელშია. ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ აქტიურად ეკონტაქტებოდა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს და მორიგ დეზინფორმაციას აწვდიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს უკრაინას სურს საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს |”ბინძური ბომბები”. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ამ ნათქვამიდან დასავლეთის ყველა ლიდერმა ერთნაირი დასკვნა გამოიტანა - კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით. `ცრუდროშის~ ოპერაცია საინფორმაციო ნიადაგის მომზადებაა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რის გაკეთებასაც თავად აპირებ”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით”.
“ესე იგი, მოსკოვს შეიძლება სურს თავად გამოიყენოს უკრაინაში რადიაციული ნარჩენებით სავსე ბომბები და შემდეგ უკრაინას დააბრალოს. წესით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ტაქტიკური ატომური იარაღი იქნება თუ “ბინძური ბომბები”, რუსეთისთვის უმძიმესი შედეგი მოჰყვება, რაც პირადად მისთვის ჰარაკირის ტოლფასია. ამერიკულ და არა მარტო ამერიკულ პრესაში სხვადასხვა ვერსია განიხილება იმის შესახებ, თუ რითი შეიძლება უპასუხოს ამერიკამ უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას: დაწყებული შავი ზღვის ფლოტის განადგურებით, დამთავრებული კონვენციური შეტევებით თავად რუსულ ინფრასტრუქტურაზე. აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ უკრაინა-ნატოს წევრი ქვეყნების საზღვარზე ამერიკის სპეციალური დანიშნულების ნაწილები განლაგდნენ. მართალია, ეს მოსაზრება არ გაუხმაურებიათ ოფიციალურ პირებს, მაგრამ პრესასა და მედიაში აქტიურად ვრცელდება, რაც ინფორმაციის მიზანმიმართულად გაჟონვას ანუ რუსეთის ირიბად გაფრთხილებასაც მოასწავებს. იოლი წარმოსადგენია, პირად საუბრებში ამერიკის თუ ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის ოფიციალურ პირებს რა კონტრზომების გამოყენებაზე ელაპარაკებიან, თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი ლიდერების მიერ პუტინის გარემოცვის დარწმუნება იმაში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მათი გადარჩენის კი არა, დასასრულის გზაა. არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დაუტოვონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინი ხელისუფლების შენარჩუნებას კი არა, ფიზიკურად გადარჩენასაც კი ვერ შეძლებენ. ახლა ყველაფერი დასავლეთზეა, ვინაიდან, კაცმა არ იცის, რას იზამენ კედელთან მიყენებული პუტინი და მისი გარემოცვა. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა შანტაჟი იყოს, რათა დასავლეთის ზეწოლით უკრაინას მოლაპარაკება აიძულოს. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს ბევრი გავლენიანი სამხედრო ექსპერტის შეფასება იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდასხმითი პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია და ახლა, ძირითადად, თავდაცვის რესურსი აქვს შერჩენილი. ამიტომ დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს და ამას ყველაზე კარგად კრემლი გრძნობს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნება. შეიძლება ეს შანტაჟიც დიდწილად ამ მიზანს ემსახურებოდეს. სხვათა შორის, რუსეთი მხოლოდ იარაღით არ იბრძვის ბრძოლის ველზე, პუტინი ისევ ცდილობს შავი ფულის მეშვეობით გავლენა გააძლიეროს დასავლელ პოლიტიკოსებზე. მას ისედაც ძალიან ბევრი გავლენის აგენტი ჰყავდა დასავლეთში. ეს უკრაინაში ომის დაწყების წინა პერიოდში კარგად გამოჩნდა. ახლა, როდესაც თვითგადარჩენის რეჟიმშია გადასული, ყველანაირად ეცდება მთელი ფინანსები და გავლენის აგენტების არმია მომართოს იმისთვის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებებში შეამციროს უკრაინისთვის მხარდაჭერა და მოამწიფოს ვითარება მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის დასასმელად. ალბათ, ყველას ახსოვს ილონ მასკის ტვიტი, სადაც ის განიხილავდა მოლაპარაკების დაწყებისა და დათმობაზე უკრაინის წასვლის ალბათობას...”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“რაც შეეხება ილონ მასკს, შეიძლება ის უბრალოდ მოექცა იმ ინფორმაციულ ნაკადში, რომლის გაცნობის შემდეგ ჩათვალა, რომ მსოფლიოში მშვიდობის გადასარჩენად ჯობს უკრაინა მოლაპარაკებას დათანხმდეს. საინფორმაციო მანიპულაციის შესაძლებლობები იმდენად უსაზღვროა, რომ შესაძლოა თავად თანამედროვე ტექნოლოგიების მეფე ილონ მასკიც გახდა მისი უნებლიე მსხვერპლი. ინფორმაციულ დივერსიას ადამიანის გონებაზე ისეთივე დამანგრეველი ეფექტის მოხდენა შეუძლია, როგორიც ბირთვულ ბომბს ადამიანის ფიზიკური განადგურება. თუმცა მასკთან დაკავშირებული ეს ისტორია ძალიან კარგი ტესტი აღმოჩნდა დასავლელი საზოგადოების განწყობის გასარკვევად: მის ტვიტზე რეაქციებმა ცხადყო, რომ დასავლეთი კვლავ მზად არის დაუჭიროს მხარი უკრაინას, რადგან ამას საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევად აღიქვამს. მსოფლიო სულგანაბული ელოდა, როგორი იქნებოდა უკრაინასთან დაკავშირებული ბრიტანეთის ახალი პრემიერის რიში სუნაკის პირველი განცხადება, მან კი თქვა, რომ უკრაინისთვის ბრიტანეთის მხარდაჭერა იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
“კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, დასავლეთმა გააცნობიერა, რომ “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი” პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო იმაზე ბჭობს, გამოიყენებს თუ არა პუტინი ატომურ ბომბს. საგულისხმოა ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებებიც, სადაც ის უკრაინის დეოკუპაციის პარალელურად აქცენტს აკეთებს საქართველოს დეოკუპაციაზე და ამბობს, რომ ყირიმის პლატფორმის პარალელურად უნდა შეიქმნას პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციას და ამ კონტექსტში პირდაპირ დაასახელა დნესტრისპირეთი და აფხაზეთი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიან კონტექსტში და ასევე ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილად, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, - ამტკიცებს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ომისთვის “ახალი შინაარსის” მისაცემად კრემლში ცდილობენ ის “წმინდა ომად" და "სატანისტებთან ბრძოლად" წარმოაჩინონ...”, - პასუხობს:
“მოსახლეობის ნაწილის პუტინისადმი ლოიალურობას მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც მობილიზაცია გამოცხადდა. სანამ რუს ხალხს პუტინის იმპერიალისტური ამბიციები პირად დისკომფორტს არ უქმნიდა და პირიქით, მათ იმპერიალისტურ ეგოს აკმაყოფილებდა, მხარს უჭერდა პუტინის დაპყრობით ომებს, მაგრამ როგორც კი რუსები სეირის მაყურებლის როლიდან ამოვარდნენ და ომმა თითოეული მათგანის პირად სივრცეში შეაღწია, მაშინვე მისცეს საპასუხო რეაქცია ქვეყნიდან გაქცევითა და დამალვით. ის, რომ კრემლი თავისი მოქალაქეების რწმენას პროპაგანდისთვის იყენებს, ნიშნავს, რომ უკვე ყველა იარაღი გასროლილი აქვს და ბოლო ტყვიის იმედზეა დარჩენილი. წარმოუდგენელი ამბავი ხდება - რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს თავისი ბრიყვი მოსახლეობა, რომ მართლმადიდებლურ უკრაინაში სატანისტებს ებრძვის. გამორიცხულია, ამან პუტინს სასურველი შედეგი მისცეს”.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო