“თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება” - ზურაბ ბატიაშვილი
“ამერიკამ სამხედრო ნაწილები და ტექნიკა გადაისროლა რეგიონში და კიდევ აგრძელებს. ბრძანების შემთხვევაში ირანზე შეტევა დაუყოვნებლივ დაიწყება. აშშ მოითხოვს ირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას და ახლო აღმოსავლეთში ე.წ. პროქსიჯგუფების - “ჰეზბოლას”, “ჰამასის”, ჰუსიტებისა და სხვათა დაფინანსების შეწყვეტას.
ირანი ამ პირობებს არ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ეს კაპიტულაციად შეფასდება და შესაძლოა რეჟიმის დამხობაც გამოიწვიოს. აშშ ზრდის სამხედრო ზეწოლას ირანზე და ისრაელიც ემზადება შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის. შეტევის შემთხვევაში ირანი შეეცდება საპასუხო სამხედრო დარტყმები მიაყენოს არა მხოლოდ ისრაელს, არამედ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს და იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა საჰაერო სივრცე დაუთმონ აშშ-ს ან სხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ. არ არის გამორიცხული, ირანმა იერიში მიიტანოს ამ ქვეყნების ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზეც მათი ეკონომიკური დაზარალებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება”.
“გასული წლის ირან-ისრაელის 12-დღიანი დაპირისპირების დროს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი განადგურდა, თუმცა დაახლოებით 15% რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით აღადგინეს. პირველ სამიზნედ სწორედ ეს აღდგენილი სისტემები იქცევა. ამის შემდეგ სამიზნეში შეიძლება ამოღებულ იქნეს ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე ბაზები ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონში აშშ-ის ბაზებსა და მის მოკავშირეებს. ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ირანის ნავთობგადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განადგურება, რადგან აშშ-შიც და ისრაელშიც ფიქრობენ, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ირანს ეკონომიკური აღდგენა დასჭირდება, თუმცა პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში ეს მიდგომა შესაძლოა შეიცვალოს. შარშანდელმა 12-დღიანმა დაპირისპირებამ ბევრი რამ გამოაჩინა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობის მხრივ. საქმე ის არის, რომ ეს სისტემები ირანს რუსული ჰქონდა, რუსული კი თითქმის ყველაფერი უხარისხოა. საზოგადოდაც, ირანის სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული წარმოებისაა. თუ კონფლიქტი აშშ-სთან მართლაც დაიწყო, კვლავ ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდია ტექნოლოგიური სხვაობა დასავლურ და რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს შორის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.
“ჯერ არდაწყებული კონფლიქტის შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა ჰიპოთეზურად თუ დავუშვებთ, რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, პროამერიკული ძალა მოვა. თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, სომხეთი და აზერბაიჯანი დღეს უფრო დასავლეთზე არიან ორიენტირებული, მეტიც, უკვე პროამერიკულ სახელმწიფოებადაც კი განიხილებიან, ასეთ შემთხვევაში საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დარჩება, რაც ანომალიური ვითარებაა. ამიტომაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება და გავლენას მოახდენს. სხვა მხრივ, რთულია იმის თქმა, პროცესები როგორ განვითარდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ირანი უზარმაზარი, 90-მილიონიანი ქვეყანაა, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ტერიტორიით, ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგებით, მაგრამ სანქცირებულია, რამაც ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თუ კონფლიქტი გაიწელა და ეკონომიკაც ჩამოექცათ, მაშინ გარდაუვალი იქნება ჰუმანიტარული კრიზისი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ლტოლვილთა ნაკადებს. ამხელა ქვეყანაში 2%-ც რომ იქცეს ლტოლვილად და სადმე წავიდეს, ეს ძალიან დიდი ტალღა იქნება. ისინი ნამდვილად არ წავლენ არც ავღანეთისკენ და არც პაკისტანისკენ, შეიძლება წავიდნენ ჩრდილოეთით - კავკასიისკენ, ან დასავლეთით - თურქეთ-ერაყისკენ. ამხელა მასასთან გამკლავების საშუალება კი ყველა ქვეყანას არ გააჩნია და შესაძლოა ამან დამატებითი ჰუმანიტარული კრიზისები წარმოშვას ირანის მეზობელ ქვეყნებში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ირანში არ არსებობს კლასიკური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა - ძლიერი პარტიები, დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და ინსტიტუტები. საუბარია შაჰის შესაძლო დაბრუნებაზე, თუმცა თავად აცხადებს, რომ მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა და მერე ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ ენდომებათ მმართველად და ცხოვრების რა წესს აირჩევენ. მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა - ირანს არ გააჩნია დემოკრატიული ცხოვრების ტრადიციები, რაც, როგორც წესი, ძალიან აძნელებს დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას... რუსეთის დახმარება, სავარაუდოდ, შემოიფარგლება საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ისიც შეზღუდულად, რადგან თავადაც რესურსების დეფიციტი აქვთ. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთის გავლენა ძალიან სუსტდება - ჩვენ ეს დავინახეთ როგორც ყარაბაღის ომში, ასევე სირიაში, სადაც ყველასთვის მოულოდნელად ჩამოაგდეს ასადის რეჟიმი, რომელიც რუსულ ხიშტებზე იდგა. ეს ამბავიც, რაც ირანის თავს ხდება, აჩვენებს, რომ რუსეთს ძალა აღარ აქვს თავისი გავლენის შენარჩუნებისთვის, ირანის რეჟიმის გადარჩენისთვის”, - დასძენს ზურაბ ბატიაშვილი და შეკითხვაზე - “რას იტყვით ამგვარ შეთქმულების თეორიაზე, რომ შესაძლოა დასავლეთმა საქართველო რუსეთს “დაუთმოს”? - პასუხობს:
“სრულიად არარეალურია “ვაჭრობასა და დათმობაზე” ლაპარაკი. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე მოხდებოდა და “ქართული ოცნება” უკვე იზეიმებდა ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას. მთავარი ის არის, რომ ქართველი საზოგადოება არ დათანხმდება რუსეთის სივრცეში ცხოვრებას და არც დასავლეთს აქვს საქართველოს რუსულ ორბიტაზე დატოვების ინტერესი. პროცესი რთული და ხანგრძლივია, თუმცა საბოლოო არჩევანი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე გადის. ჩვენს წინაპრებს რომ იმგვარად ეცხოვრათ, რასაც დღეს "ქართული ოცნება" ქადაგებს, ეს ქვეყანა დღეს არ იარსებებდა”.
სიახლეები
- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის
- "მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის, თუ არც ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ"
- "როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს" - ირაკლი კობახიძე
- " უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს" - ოთარ ფარცხალაძე
