"რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მათი მიზანი მძიმე და შავბნელია" - გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე
რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყავდეთ - მათი მიზანი ძალიან მძიმე და შავბნელია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი სამოქმედო გეგმა ქვეყნის დანგრევას გულისხმობს.
„რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყავდეთ. ამ მაყურებლების „ბაბლში“ გარკვეული რაოდენობა შეაგროვეს, მაგრამ მთლიანად საქართველოზე გავლენა ვერ მოახდინეს. დაიშალნენ იმ იდეით, რომ ეჩვენებინათ, თითქოს, პლურალისტური ოპოზიციური საზოგადოებაა, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან ერთი მიმართულებით უტევს, მაგრამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნია. ჩამოყალიბდნენ, დავიწროვდა მათი ეს სამოქმედო გეგმა, ერთ კალაპოტში ჩაჯდა და ქვეყნის დანგრევას გულისხმობს. ისინი არც იმ დაშლის ვითომდა პერიოდში, არც ერთად ყოფნის პერიოდში, არასდროს უარყოფდნენ, რომ ლიდერები იყვნენ „ნაცმოძრაობაში". ამას არასდროს უარყოფდნენ არც მოქმედებებით, არც განცხადებებით.
იგივე ხალხია, იგივე გენპროკურორი, იგივე გენერალური მდივანი, იგივე მინისტრი, იგივე პოლიტსაბჭოს წევრი და „ნაცმოძრაობასთან" და სააკაშვილთან დაკავშირებული. სააკაშვილი მათი ლიდერია. რასაკვირველია, ამასაც არავინ მალავს, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მთავარია, რა არის მათი მიზანი. მიზანი ძალიან მძიმე და შავბნელია. იქით სალომე ზურაბიშვილს საერთოდ აღარ ახსენებენ. იქით „ლელო" და გახარიას პოლიტიკური პარტიები გვერდზე დარჩნენ, თითქოსდა, ამ ხნის განმავლობაში არასდროს უთანამშრომლიათ. ამით ცდილობენ გარკვეული პლურალისტური გარემოს შენარჩუნებას, მაგრამ რეალურად, საზოგადოებამ გადაუსწრო ცოდნაშიც, ინტელექტშიც და ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. სალომე ზურაბიშვილს ენერგიაც აღარ აქვს. ხელში „ქარტია“ მისცეს, „ქარტიას“ ხელი ყველამ მოაწერა და ახლა მოუწოდებდნენ, რომ ეს „ქარტია“ კაბინეტიდან სააბაზანოში გადაიტანოს. ეგ არის ის პრობლემა, რომელიც ახასიათებს მას. პრაქტიკულად, დატოვეს ისეთ პოზიციაში, როდესაც პრეზიდენტის დროშით ხელში დაიარება და ამბობს პრეზიდენტი ვარო. უკვე ეჭვებს ქმნის საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ როლში დატოვეს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ყველა მონაცემი გააჩნდა, რომ კარგი, მართალი, სწორი, ინტელექტუალური ლიდერი ყოფილიყო ამ ქვეყანაში," - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.
სიახლეები
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - დონალდ ტრამპი
- „დედიკოებო შეგიძლიათ ყოველი დღე საოცრებად აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ბარბარე ნიშნიანიძე
- "2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს"
- "შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - მიხეილ სააკაშვილი
