ოპოზიცია საარჩევნო ბლოკს ვერ აყალიბებს - ლეიბორისტული პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად გავა

“გაერთიანებული ოპოზიცია” საარჩევნო სტარატეგიაზე კიდევ ვერ შეთანხმდა.

რამდენიმე დღის წინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ ერთ კვირაში გამოაცხადებდნენ დარჩებოდნენ “ძალა ერთობაშიას” რიგებში თუ ახალ ფართო კოალიციას შექმნიდნენ. ერთი კვირა ხვალ იწურება, ისინი კი ამ თემაზე არაფერს ამბობენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საერთო სააჩევნო ბლოკს ვერ ქმნიდა, აქამდეც არაერთხელ გავრცელდა. საუბარი იყო ასევე პოლიტიკური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დაშლაზეც. “ნაციონალურ მოძრაობაში” ღიად საუბროდნენ იმ უთანხმოებაზე, რაც მათ შორის მოხდა. როგორც აცხადებდნენ, სურდათ უფრო ფართო კოალიციის შექმნა, რაზეც “ძალა ერთობაშია” არ დათანხმდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიცია საარჩევნო ბლოკს ვერ აყალიბებს - ლეიბორისტული პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად გავა.

 

“რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე “რეზონანსთან” ამბობდა, რომ პარტიაში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ახალი ფართო კოალიციის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავენ. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც “ძალა ერთობაშია” საჯაროდ შეუთანხმებლად მოქმედებდა. მაშინ, როდესაც მათ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანიდატად დაასახელეს თაკო ჩარკვიანი, “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებდნენ, რომ ისინი ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. ამ ყველაფრის ფონზე კი ლეიბორისტული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. როგორც პარტიაში ამბობენ, ცესკოში შესაბამისი დოკუმენტი უკვე შეიტანეს და დარეგისტრირდნენ. მათი განცხადებით, პარტია “გაერთიანებული ოპოზიციის” შეთანხმებას არ გამოეთიშება და შალვა ნათელაშვილი ნაძალადევის ოლქში მისი კანდიდატი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამასთან, რამდენიმე დღის წინ თაკო ჩარკვიანმა “რეზონანსს” უთხრა, რომ მისი პარტია, “კანონი და სამართალი” აპირებს ერთ ბლოკში გაერთიანდეს გიორგი ვაშაძის პარტიასთან. “რეზონანსთან” რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობდა, რომ 1%-იანი ბარიერი პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილს აღუძრავდა და არ გამორიცხავდა, რომ ამის გამო ოპოზიციას საარჩევნო ბლოკი ვერ შეექმნა.„1%-იანი ბარიერი როდესაც შემოიღეს, მაშინვე გაჩნდა რეალური მოსაზრება იმის შესახებ, საჭიროა კი ამ შემთხვევაში კოალიცების გაკეთება? ვლაპარაკობ საარჩევნო ბლოკებზე. საარჩევნო ბლოკების ჩამოყალიბებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ გარანტირებულია, რომ ის პირველ ადგილზე გავა. თუ ამის გარანტიები არ არსებობს, მაშინ ლიდერი პარტია ამით ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობს”, - ამბობდა ძაბირაძე “რეზონანსთან”, - დასძენს გამოცემა.

 

“ოპოზიციის ნაწილი მას შემდეგ გაერთიანდა, რაც სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა. ისინი სწორედ ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდნენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ. რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებას “ძალა ერთობაშია”, ის 2018 წელს შეიქმნა და მასში 11 პოლიტიკური სუბიექტია გაერთიანებული. ესენია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი”, “ახალი საქართველოსთვის”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, “ქრისტიან-კონსერვატიულიპარტია”, “ევროპელი დემოკრატები”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “ემსახურე საქართველოს”. 8 მარტის შეთანხმებით 2020 წლის საპარლამეტო არჩევნები შერეული სისტემით 120/30 (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 550 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.