მძიმე პროგნოზი - ჩაანაცვლებს თუ არა საქართველო ბელარუსს?!

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” სიის დაკომპლექტების მეთოდი არ შეიცვლება - როგორც აქამდე აკომპლექტებდნენ სიას მორჩილების პრინციპით, ასევე გაგრძელდება. ვფიქრობ, შემადგენლობას ახლა გაცილებით მკაცრად შეარჩევენ, რადგან წინ უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისია, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს.

“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რომც დარჩეს, პარლამენტში ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი და შიდასაპარლამენტო გადატრიალების თუ პოლიტიკური კრიზისის საფრთხე დიდი იქნება. ამიტომაც შეეცდებიან ყველა სხვა პრინციპი უკან გადასწიონ და სიაში შეყვანის გადამწყვეტ ფაქტორად მორჩილება აქციონ, რაც ცხადყო მაჟორიტარების წარდგენამაც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისინიც იმ პრინციპით შეარჩიეს, თუ ვის შეეძლო საკუთარ საარჩევნო ოლქებში ხმების ყიდვა და მორჩილება”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ამერიკელი გენერლის მძიმე პროგნოზი, ანუ ჩაანაცვლებს თუ არა საქართველო ბელარუსს?!

 

“რაც შეეხება გამოცემა “დოსიეს” მასალას “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთიდან დაფინანსების შესახებ, რუსეთის ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში დადასტურებული ფაქტია. ამაზე ლაპარაკობენ გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები. წლების განმავლობაში ამერიკის კონგრესში მიდიოდა გამოძიება ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის თაობაზე. დაჰკითხეს ტრამპის უახლოესი გარემოცვა, ზოგიერთს გადადგომამაც მოუწია. როცა აშშ-ში ასეთი დიდია რუსეთის გავლენა, ბუნებრივია, გაცილებით დიდი და საშიში იქნება საქართველოსთანა ქვეყნებში. “დოსიეს” მასალა ძალიან საყურადღებოა, მისი მიხედვით, ძალზე ყურადსაღებია “რჩევები”, რომლებსაც ეს პოლიტიკური ძალა რუსი ე.წ. კონსულტანტებისგან იღებს. გამოვყოფ ერთ რჩევას: ამომრჩევლებში დაპირისპირების წახალისება და მათ შორის შუღლის გაღვივება - ამგვარი მიდგომა რუსული ხელის ყველაზე ნათელი მახასიათებელია. ამგვარად იქცევა ის თითქმის ყველგან, ამას აკეთებს ამერიკაშიც, სადაც სპეცსამსახურები უკვე იძიებენ რუსულ კვალს ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის ხელოვნურად ინსპირირებულ დაპირისპირებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“ზუსტად რუსული პოლიტიკის შედეგია, რაც დღეს საქართველოში ხდება - საზოგადოების მცირე სეგმენტებად დაყოფა და დაპირისპირებისთვის ახალ-ახალი თემების გაჩენა. ამის მიზანია საზოგადოების დანაწევრებით, ერთმანეთთან წაკიდებით სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას შეუშალოს ხელი. მტყუან-მართლის გარჩევას ჩვენ ვერ დავიწყებთ, ეს გამოძიების საქმეა, თუმცა ამ მასალის საფუძველზე უამრავი სხვა კითხვა ჩნდება. მაგალითად, რა გზით შემოდის საქართველოში რუსული ფული? აქ იმდენად “პატრიოტთა ალიანსის” პრობლემა არ დგას - არ იქნებოდა ეს ძალა, იქნებოდა სხვა. უმთავრესი პრობლემა სახელმწიფოს მოშლის ცდაა. ისმის კითხვა - რამდენად დაცულია საზღვრები? გარდა ამისა, როგორ გადავიდნენ აფხაზეთში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები საქართველოს სპეცსამსახურების ხელშეწყობის გარეშე? გავიგეთ, რომ რუსეთი ეხმარებოდა, მაგრამ საქართველოს სპეცსამსახურების როლი რაში მდგომარეობს?” - ამბობს ექსპერტი.

 

“ახლახან უკიდურესად შემაშფოთებელი სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ინტერნეტგამოცემაში - ეს არის ინტერვიუ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილ სარდალ ბენ ჰოჯესთან. ამერიკელი გენერალი ამბობს, ბელარუსში შეიძლება მოხდეს სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ ბელარუსი შეიძლება საქართველომ ჩაანაცვლოს რუსული გავლენისა და ავტორიტარიზმის ზრდის თვალსაზრისითო. ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ორ გლობალურ პროექტს, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მსოფლიოში ძალზე გაზრდის და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია იქნება. იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ბოჭკოვან-ციფრული კაბელის გაყვანა. ჰოჯესის თქმით, რუსეთი ორივე პროექტს ეწინააღმდეგება და სწორედ მისი გავლენით უშლის ხელს მათ განხორციელებას საქართველოს ხელისუფლებაცო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მძიმე შეფასებების მეტი რა მოგვისმენია ბოლო თვეებში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი, თუ ყველაზე მძიმე არა. უკიდურესად შემაშფოთებელი პროგნოზია და სამწუხაროდ, არ არის უნიადაგო. უმნიშვნელოვანესია, გლობალურად შევხედოთ იმას, თუ რამდენად ღრმად მოექცა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში. ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ფაქტობრივად ჩავაბარეთ რუსეთს, ცხადია: კრემლი თითქმის სრულად აკონტროლებს საქართველოს საინფორმაციო სივრცეს, ხლეჩს და აპირისპირებს ჩვენს საზოგადოებას. რომელი ოპოზიციური ლიდერის მიმართაც დასჭირდება, ქვის ისეთ სროლას დაიწყებს სოციალურ ქსელებში, რომ ძალიან რთული იქნება ამ ლიდერის ფეხზე წამოდგომა. გარდა ამისა, უფრო უარესადაც გვქონია საქმე - უკონტროლოდ შემოსულ რუსულ ფულს ვგულისხმობ”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

 

“ინაშვილმა განაცხადა, 6 პიარკამპანია გვემსახურება, მათ შორის ამერიკული და ისრაელურიო. მერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, შესაბამისად, ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება. ამ ეჭვებს ამტკიცებს “პატრიოტთა ალიანსის” პლაკატიც აჭარაში, რომელზეც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად წითელი ხაზით შემოხაზეს აჭარა და მიუთითეს, რომ თითქოს ჩვენს ამ რეგიონს თურქეთიდან საფრთხე ემუქრება, რაც საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა, იმ რუსული სცენარით მოქმედება, რისი ნიშნები აქამდეც ჩანდა, მაგრამ არა ასე მკაფიოდ. ისე, აქ ისრებიც საშიშია, არა მარტო ფერები. თუმცა მე მარტო “პატრიოტთა ალიანსამდე” არ დავიყვანდი ამ პრობლემას. ეს გაცილებით მასშტაბური, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ე.წ. ღია საზღვრების პოლიტიკის პრობლემაა”, - დასძენს ლაგაზიძე.

წაკითხვა 606 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 01 2020

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.