“სააკაშვილზე ხუმრობდნენ, “ოცნება” ხომ არ უხდისო”
“რაც უნდა თქვან ირმა ინაშვილმა და მისმა გუნდმა, რომ შეხვედრა პირადი კონტაქტებისა და რესურსების გამოყენებით შედგა, ეს საქმე კრემლთან შეუთანხმებლად არ მოხდებოდა.
ამ ვიზიტს არავითარი გამართლება არა აქვს თუნდაც იმიტომ, რომ კრემლის ჩარევით საქართველოსთვის კარგი საქმე არასდროს გაკეთებულა და ახლა მით უფრო. საქმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა-გადმოსვლა კი არ არის, შედეგია - დემონსტრაციულად გადასვლა და კრემლის ორგანიზებული მოლაპარაკებები. “მე შემიძლია სხვაზე მეტის გაკეთების” წარმოჩენით საქმეს საბედისწეროდ ვაზარალებთ. აფხაზეთში ეს ყველაფერი მხოლოდ ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის ლაშა საკანიას გადადგომით არ დასრულდება, რადგან ამ შეხვედრის ამბავი იმ აფხაზებმაც არ იცოდნენ, რომლებიც თუნდაც გულში ჩვენ მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი აცხადებს პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილზე ხუმრობდნენ, “ოცნება” ხომ არ უხდისო”.
“ორი პრორუსულად განწყობილი ძალა, ნინო ბურჯანაძე და “პატრიოტთა ალიანსი”, ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს, თუმცა “ალიანსზე” თავდასხმისას შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა რატომღაც არ ეთაკილებათ. ორივე პარტიას, როგორც ბურჯანაძის, ასევე, “პატრიოტთა ალიანსს”, ამომრჩევლის დაახლოებით 5-6% უჭერს მხარს და სწორედ ამ ხმებისთვის მიდის ბრძოლა, რათა იმ ოპოზიციურ სპექტრს დარჩეს, სადაც ბურჯანაძეა. ინაშვილის პარტიასაც რომ მიეღო მონაწილეობა იმ “ისტორიულ შეხვედრაში” და განეცხადებინა, გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ რომელიმე ძალასთან ვითანამშრომლებთო, მაშინაც დაესხმებოდნენ თავს? ვფიქრობ, არა. სხვა ყველაფერი ლირიკაა, ისევე როგორც ინაშვილის უკიდურესად გაუმართლებელი და საზიანო ვიზიტი აფხაზეთში, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს შიგნიდან აგვრიოს... საზოგადოდ, ჩვენი საზოგადოება ამა თუ იმ საქმეზე ატეხილი ხმაურით ცხოვრობს. ჩვენ ომი მხოლოდ 7-დან 12 აგვისტომდე გვახსოვს, მერე განხილვები წყდება. ასე იქნება ინაშვილის უგვან საქციელზეც. პოლიტიკური ძალები ამ სკანდალს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე გამოიყენებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.
“რუსეთიდან შავი ფულის შემოდინების საფრთხე ყოველთვის იყო და იქნება, რადგან ის მხარდამჭერების მომრავლებას პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ხერხით ცდილობს. “დოსიეს” მასალებში, ალბათ, ბევრი რამ სიმართლეა, მაგრამ რაღაცები არადამაჯერებელიც არის, თუნდაც იმიტომ, რომ კავკასიური აქცენტითა და გაუმართავი წინადადებით არის დაწერილი. ჟარგონებიც არის გამოყენებული, “ნარუჟკა” და სხვ. შესაძლოა იმიტომ, რომ სპეცსამსახურების ხელწერა დასტყობოდა. მასში საუბარია მილიონების გადანაწილებაზე, პარტიის მხარდაჭერაზე, თუმცა რომლის, არ არის მითითებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მილიონების კი არა, ერთი რუბლის გადარიცხვაც არ ხდება ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე. ასეთ საქმეზე ყოველთვის სპეცსამსახურები მუშაობენ და მას გრიფი “საიდუმლო” ადევს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ დოკუმენტებს დასასკანირებლად კი არა, თვალის გადასავლებად ვერ იხელთებს ვერავინ... ისე, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ საეჭვო გარემოებებია. თუნდაც ის, რომ დროში საეჭვოდ დაემთხვა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტს, თორემ რუსეთს საქართველოში კი არა, არაერთ ქვეყანაში აქვს თავისი ინტერესები. არც ის მჯერა, რომ მილიონი დოლარის განაწილება სერგეი მიხეევის ინსტიტუტში დაიგეგმა. ბევრი რამ არის, რაც კითხვებს ბადებს, ამის მიუხედავად, არ არის გამორიცხული ინაშვილის ამომრჩეველმა მაინც “ალიანსს” მისცეს ხმა, ან სულაც მოიმატოს მხარდამჭერებმა - მასალა, რომელიც გამოქვეყნდა, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების მიზანია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნა, რათა მათი ხმები თავად მიიღონ”, - განმარტავს პოლიტოლოგი.
“რაც შეეხება სააკაშვილის ბოდიშს - ბოდიშის მოხდას მუსიკალური გადაღება, წინ და უკან ხტუნაობა არ უნდა. დაჯდეს ტელეფონის წინ, ჩართოს ფეისბუკლაივი და ჩამოთვალოს ის საქმეები, სადაც შეცდომები ჰქონდა. მისი ყველა სიტყვა არადამაჯერებელი იყო, უბრალოდ, წინასაარჩევნოდ ძალიან დაბალი დონის კლიპი გადაიღო. 8 წელია ამბობს, დავბრუნდებიო. ის დაბრუნდება მაშინ, როდესაც საქართველოში გაიმარჯვებს ის ძალა, ვინც მას ამის ნებას დართავს. მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკოსს რომ არ უთქვამს, ისეთ ანომალიას ამბობს, შემიძლია საქართველოსა და უკრაინაში თანაბრად ვიბრძოლო რაღაცისთვისო, რაც სისულელეა, - დაასკვნის ამირან სალუქვაძე.
“მას შეუძლია იბრძოლოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და მორჩა. “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის მძევალია. პარტია, რომელიც წლიდან წლამდე პოლიტიკურ შედეგებს არ აუმჯობესებს, ნიშნავს, რომ მას განახლება სჭირდება - პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დატოვონ პოზიციები, შეიცვალოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი. რაც შეეხება სააკაშვილს, ვიღაცები ხუმრობდნენ კიდეც, “ოცნება” ხომ არ უხდისო. სხვათა შორის, ეს არ არის საფუძველს მოკლებული. ასეთი გამოსვლები ყოველთვის წინასაარჩევნოდ აქვს, რითაც “ოცნებას” ეხმარება და თავის პარტიას აზარალებს. არც ისე გამოუცდელია, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას. მან ისეთებიც კი განაწყო მისი გუნდის მიმართ უარყოფითად, ვინც “ოცნებით” იმედგაცრუებული იყო და ისევ მიშა ჯობიაო, ამბობდა”, - მიიჩნევს სალუქვაძე და შეკითხვაზე - “ცხინვალში მასშტაბური პროტესტი მხოლოდ ერთი ახალგაზრდის მკვლელობით იყო განპირობებული, თუ წლების განმავლობაში დაგროვებულმა უკმაყოფილებამ იფეთქა”” - პასუხობს:
“ცხინვალში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, სადაც კრიმინალური რეჟიმია, იქ წამება და მკვლელობაც ჩვეულებრივი ამბავია. დანაშაულებრივ რეჟიმს კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, მასშტაბური გამოსვლა ყოველთვის ხანგრძლივ უკმაყოფილებას მოსდევს. ჩვენს მოქალაქეებს რომ იტაცებენ და წამებით კლავენ, ამაზე არ ჰქონდათ რეაქცია, ახლა თავიანთ თავზე იწვნიეს და აღშფოთდნენ. არსებულ რეალობას ვეღარ შეცვლიან. მათ პროტესტს ჩაახშობენ და ისევ გაგრძელდება კრიმინალური მმართველობა. სამხედრო ბაზის გარდა, მოსკოვს ამ რეგიონში არანაირი ინტერესი არ გააჩნია. აფხაზეთში ზოგიერთ რუს ჩინოვნიკს მიწები და ფინანსური ინტერესები მაინც აქვს, ცხინვალში ასეთიც არაფერია. ბაზების არსებობა კავკასიის ქედის აქეთ, ამიერკავკასიაში - აი, ეს არის ამ ორი რეგიონის დანიშნულება, რასაც აფხაზები და ოსები ვერ აცნობიერებენ. თუ ეს ხალხი გამოიღვიძებს და მსოფლიო საზოგადოებრიობას მიაწვდენს ხმას, მაშინ ექნება აზრი საქართველოს ჩართვას ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესებში. სანამ ისინი ცხვრის ფარასავით არიან და სახელმწიფობანას თამაშობენ, არაფერი ეშველებათ”...
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"