როგორ გავზარდოთ ნდობა ვაქცინაციისადმი
“საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო - რისკჯგუფის ცნობილმა სახეებმა პირდაპირ ეთერში “ასტრაზენეკათი” აცრა გაიკეთეს და აცხადებენ, რომ თავს გადასარევად გრძნობენ და რომ ამაში საშიში არაფერია.
ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები: მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ. - ქვეყანაში პირველი აცრა ზუგდიდში “ევექსის” ექიმმა გაიკეთა. ვაქცინაციის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად 24 საათიანი უფასო ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, წელს მილიონ 600 - მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას და თუ ეს მოხდება, მაშინ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გავზარდოთ ნდობა ვაქცინაციისადმი - “ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ უვაქცინოდ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ”.
“იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ წელს მილიონ 600-მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს”, - განაცხადა გამყრელიძემ. “თავს ვგრძნობ გადასარევად... ამაში საშიში არადფერია”, - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტერის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, რომლის შეფასებითაც, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე კორონავირუსი ვერ დამარცხდება. პაატა იმნაძე, რომელმაც ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში, საჯაროდ გაიკეთა ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა “ფაიზერი” იქნება თუ „ასტრაზენეკა", რადგან ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინებია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ასტრაზენეკათი” საჯაროდ აიცრა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიაც, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, ხოლო კოლეგებს კი მოუწოდა, რომ ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ. “რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა. “ასტრაზენეკა” ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რომელიც შექმნილია კოვიდ19-თან მიმართებაში. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ შეიქმნას ის იმუნური ფენა, რაც შექმნის დაავადებისგან დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს”, - განმარტავს ეზუგბაია. “მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ - ვაქცინა არაა მავნე, ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი” - ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.
“გილოცავთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვაქცინა შემოვიდა და იმედია მასობრივად შემოვა და მოსახლეობის 60% წლის ბოლოსთვის აცრილი იქნება. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ. ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი”, - თქვა ენდელაძემ. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შემაშფოთებელს უწოდებს ვაქცინაციის პროცესის მიმართ სკეპტიკური განწყობების გაღვივების მცდელობას და აცხადებს, რომ მზადაა პირდაპირ ეთერში აცრა გაიკეთოს, როგორც კი რიგი მოუწევს. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ვაქცინაციისადმი ნდობა ისევ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც უკვე აიცრება და გამოაცხადებს, რომ ცუდი არაფერი მოსვლია. მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ქვეყანა მანამდე ეტაპებს როგორ გაივლის”, - დასძენს გამოცემა.
“ნდობის გაზრდა ისევ და ისევ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც აიცრება და გამოაცხადებს, რომ ცუდი არაფერი მოსვლია. პაატა იმნაძე ვნახეთ რომ პირდაპირ ეთერში აიცრა. თავიდან ადამიანი ყველაფერს უნდობლად უყურებს, ამიტომ მაქსიმალურად საჭიროა საინფორმაციო წყაროებმა სინამდვილის კონსტატაცია მოახდინონ და დაადასტურონ ის, რომ ადამიანი თუ არ აიცრა, ბევრად უფრო დიდ უბედურებას მივიღებთ, ვიდრე ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება მეორე დღით უკვე აღარ გქონდეს. ჩემი თხოვნა იქნება თვითონ იმ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ვაქცინაციას იწყებენ, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ ადამიანთა შესწავლა, ვისი აცრაც საჭიროა იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი ალერგიული იყოს, ან თრომბოემბოლიის მიმართ მიდრეკილება ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში აცრისთვის მოამზადონ, იმიტომ, რომ ეს მაინც წამალი არაა, ეს პრევენციაა, ვაქცინა, რომელიც ძალიან ძლიერ ორგანიზმს მოითხოვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“ინფორმაციის სწორი, დროული და ადეკვატური მიწოდება, ეს იქნება იმ რაოდენობის გაზრდის წინაპირობა, რომელი რაოდენობაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ პანდემია თავიდან ავიცილოთ. მასობრივი ვაქცინაციაც ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ახლანდელ ექიმების ეტაპს როგორ ჩავატარებთ, აქედან გამომდინარე უკვე გადაწყდება, იმიტომ, რომ ეს პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მომდევნო ეტაპებთან, ეს თუ ჩავარდა, რომელ ვაქცინაციაზე იქნება ლაპარაკი, მერე უკვე „ფაიზერიც" და „ჯონსონიც" შემოვა, მთავარია, რომ ეს ორი თვე სწორად გავტაროთ”, - დაასკვნის ხმალაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"