“ამერიკას ახდენილი ოცნებების ქვეყანას ეძახიან, ეს მართლაც ასეა, მთავარია შენი აქ გატარებული პერიოდი სწორად გამოიყენო” - ცნობილი ქართველი ბლოგერი
“ამერიკას ახდენილი ოცნებების ქვეყანას ეძახიან და ეს მართლაც ასეა, მთავარია შენი აქ გატარებული პერიოდი სწორად გამოიყენო”, – გვიყვება ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ბლოგერი (ინფლუენსერი) სოფია ცაავა.
მისი თქმით, წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოტივაცია და შრომისმოყვარეობა, ამერიკაშიც კი ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ამას მიაღწიო.
წარმატებული ბლოგერი, სოფია ცაავა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში - მარტვილში დაიბადა და გაიზარდა. როგორც ის იხსენებს, მას ბებია დიდი სითბოთია და სიყვარულით ზრდიდა. მისივე თქმით, ბავშვობიდან აინტერესებდა მოდის სამყარო: დიზაინერები, კოლექციები, მოდელები, სამოსი და სწორედ ამან განაპირობა, ის რომ დღეს ამ სფეროში ბლოგერია.
როგორი იყო გზა საქართველოდან ამერიკამდე და როგორ მიაღწია წარმატებას? რა სირთულეები შეხვდა და როგორ გაუმკლავდა მათ? ამის შესახებ FirstNews.ge-ს თავად ბლოგერი უყვება.
გზა ამერიკამდე
„ეს ჩემ შემთხვევაში რთული არ იყო. ახლა ვიცით, გარკვეული მიზეზების გამო, რამხელა სირთულეებს გადის ქართველების დიდი ნაწილი, რომ აქ მოხვდნენ. იმ პერიოდში თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში მენეჯერად ვმუშაობდი, ამ დროს ვიფიქრე საელჩოში შევსულიყავი და თუ ვიზას მომცემდნენ უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა. გამიმართლა და ვიზა მარტივად ავიღე. ჩამოვედი და აქაურობა ისე მომეწონა, რომ დავრჩი. ეს იყო 2016 წელს, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ, თუნდაც საქართველოში ყოფნის პერიოდში ამერიკა ყოველთვის ჩემთვის საოცნებო ქვეყანა იყო და როცა ჩამოვედი მოლოდინები ასი პროცენტით გამიმართლდა.“
როგორ გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ
„ქართულმა საზოგადოებამ ბოლო დროს ინტერნეტსა და პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატიითა თუ ინტერვიუთი გამიცნო, როგორც ბლოგერი (ინფლუენსერი) რომელიც ძირითადად ქალების პუბლიკაზე მუშაობს და რომელსაც უყვარს მოდა, ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, ბრენდები, ესთეტიკა და ზოგადად სილამაზე, რომლის გარეშეც არცერთი ქალი არ არსებობს დედამიწაზე. ყველას თავისი ხიბლი, გემოვნება და სტილი აქვს, თუმცა მე მათ ვეხმარები საკუთარი თავი უფრო სწორ ასპექტში იპოვონ, ასე ვთქვათ, ვცდილობ უფრო გავაფერადო მათი ცხოვრება და შევმატო თვითდაჯერებულობა. ეს სფერო ბავშვობიდან მაინტერესებდა. ზედმეტად პრანჭია ბავშვი ვიყავი, გავიზარდე და ეს ჩემი ხასიათი ნელ-ნელა თითქოს პროფესიად და ჩემი შემოსავლის წყაროდაც ვაქციე.
მიზანი, რომელიც წარმატებად იქცა
„როდესაც სოციალურ ქსელში გამოვჩნდი, ჩემდა გასაოცრად, მალევე წამოვიდა ინტერესი, თანდათან დამიკავშირდნენ ამერიკული კომპანიები, მაღაზიები, რომლებიც თავიანთი პროდუქციის რეკლამირებას მთავაზობდნენ, მოგეხსენებათ ნიუ-იორკი მოდის ერთ-ერთი მექაა, პარიზთან, მილანთან და სხვა ამ სფეროში ერთ-ერთ პირველ ქალაქებთან ერთად. ამიტომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. დამეთანხმებით, იმაზე დიდი სიამოვნება რა არის, როცა შენ შენთვის საყვარელ საქმეს აკეთებ და შენი სამსახური არ არის ძალდატანებითი მხოლოდ იმისთვის, რომ შემოსავალი გქონდეს. ეს სფერო და ჩემი საქმიანობა ოჯახის შემდეგ ჩემი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია ყველამ კარგად ვიცით, რომ არა მხოლოდ ქალები, ზოგადად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა გზით ცდილობს ამერიკაში მოხვდეს, ვისაც ბარგი ჩალაგებული აქვს და მოდის, შემიძლია რამდენიმე რჩევა მივცე. ყველას ცხოვრება ინდივიდუალურია, გააჩნია ვის რა ინტერესი და მიზანი აქვს.“
ამერიკა, ახდენილი ოცნებების ქვეყანა
„ზოგადად ამერიკაში ძალიან დიდი შრომის გაწევაა საჭირო, იმაზე ასჯერ მეტის ვიდრე ვთქვათ ჩვენ სამშობლოში. მოტივაციაც აუცილებელია, შრომისმოყვარეობა, ამერიკას ახდენილი ოცნებების ქვეყანას ეძახიან და ეს მართლაც ასეა, მთავარია შენი აქ გატარებული პერიოდი სწორად გამოიყენო, იცოდე რისთვის მოდიხარ და რა დროში რისი გაკეთების მოსწრებას აპირებ. არ არის მარტივი, თუმცა დიდი შრომის ფასად შენი გაწეული შრომის შედეგს ამ ქვეყანაში უფრო მარტივად ხედავ, უფრო თვალსაჩინოა მიღწევებიც. ამერიკაში წამოსვლამდე აუცილებელია ყველამ გაიაზროს სად მოდის, ეს არის თავისუფლების ქვეყანა, სადაც თეთრი თუ ფერადკანიანი, ტრადიციული თუ არატრადიციული ორიენტაციის, მაღალი თუ დაბალი, მსუქანი თუ გამხდარი, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი, ჯანმრთელი თუ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, - ყველა ერთ სიბრტყეში განიხილება, ადამიანებს შორის სხვაობა არ არის, რისი პრობლემებიც ვიცით, რომ საქართველოში გვაქვს სამწუხაროდ. აქ ჩამოსულ ადამიანს პირველ რიგში უნდა უყვარდეს ეს თავისუფალი სივრცე და უნდა სცეს პატივი ამ ადამიანურ ღირებულებებს. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ არ არსებობს აქაურობა არ შეგიყვარდეს და თუ არ იზარმაცებ და იშრომებ, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.
ცხოვრება ამერიკაში
რაც შეეხება ჩემ აქაურ ცხოვრებას, მე ოჯახი ამერიკაში მყავს, აქ არის ჩემი შვილიც და ჩემი მომავალიც ის არის. უშუალოდ საქმიანობაში ყოველდღიურად მაქვს სიახლეები, ვთანამშრომლობ ახალ-ახალ კომპანიებთან, დიზაინერებთან, სარეკლამო აგენტებთან და ასე ნელ-ნელა ვავითარებ და ვაფართოებ ჩემი საქმიანობის არეალს.
სამომავლო გეგმები
ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება ისევ და ისევ ამერიკას. საქართველოში ჩამოვდივარ ყოველწლიურად, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ვცდილობ ჩემი საქმიანობის შესახებ ქართველ ქალებსაც მივაწვდინო ხმა, აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ვუპასუხებ, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი მწერს, გამორიცხულია ვინმე უყურადღებოდ დავტოვო, მეკითხებიან რჩევებს და მეც ჩემ გამოცდილებას ვუზიარებ და მიმართულებას ვაძლევ რომ თავიანთი სტილი იპოვონ.
ბოლოს მინდა მოვიკითხო ჩემი ქართველი მკითხველი, გავუგზავნო დიდი სითბო და ვუთხრა, რომ თუკი რამეში ჩემი საქმიანობა გამოადგებათ, შეუძლიათ ჩემ ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე მომწერონ. ვიცით საქართველოში მძიმე სოციალური პირობები და ბევრი პრობლემაა, ვცდილობ რაღაცნაირად მათ ცხოვრებაში მეტი სილაღე შევიტანო.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"