„როცა საქმე კორონავირუსისადმი საპასუხო რეაქციას ეხება, ზესახელმწიფოებს, ალბათ, უფრო პატარა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა მოუწევთ“

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში («The Washington Post») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როცა საქმე კორონავირუსისადმი საპასუხო რეაქციას ეხება, ზესახელმწიფოებს, ალბათ, უფრო პატარა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა მოუწევთ“ (ავტორები - ადამ ტეილორი და მირიამ ბერგერი).

მასალაში მიმოხილულია „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა პატარა სახელმწიფოებში - ვიეტნამში, კოსტა-რიკაში, განაში, ლიბანში... და საქართველოშიც. 

 

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

 

„კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო იერარქია ამოატრიალა. მსოფლიოს სამ დიდ სახელმწიფოში - აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და რუსეთში დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოვლენა და მსხვეპლი ფიქსირდება. საერთაშორისო არენაზე სხვა დიდი ქვეყნების თავდაპირველი რეაქციაც დროული არ იყო. ჩინეთი, რომელსაც ოპონენეტები გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებენ, დღეს თავდაცვით პოზიციაში იმყოფება.

 

თუმცა ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში გარკვეული გამოცდილება დააგროვა - მსოფლიო აღიარებს მათ წარმატებებს ვირუსთან წინააღმდეგობის ადრეულ ეტაპზე. იანჯუნ ჰუანმა, აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, მათი მიღწევები ასე შეაფასა: ყველაზე დიდმა და მძლავრმა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ ის, რაც პატარა და შედარებით ნაკლებად ძლიერ ქვეყნებში ხდება.

 

„მე ლევ ტოლსტოის სიტყვების პერეფრაზირებას მოვახდენ: „ყველა წარმატებული სახელმწიფო ერთმანეთს ჰგავს, ყველა წარუმატებელი ქვეყანა თავისებურად წარუმატებელია“, - ამბობს იანჯუნ ჰუანი.

 

საქართველო

„მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულადაა ქცეული. ქვეყანას, სადაც 3.75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 700-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა.

 

მთავრობის ოპერატიულმა მოქმედებამ, რაც იანვრის ბოლოდან აეროპორტებში დაწყებულ მგზავრთა ტემპერატურულ კონტროლსა და საერთაშორისო ავიამიმოსვლის ადრეული შეზღუდვაში გამოიხატა, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო დაავადების აფეთქების თავიდან აცილებას. ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი ტურისტული და საქმიანი მოგზაურობით დაინტერესებული ამერიკელების მოთხოვნებს იღებს.

 

დავით ბაქრაძის თქმით, საქართველო გეორგაფიულად პატარა ქვეყანაა და შესაბამისად, მეტ სიფხიზლეს ამჟღავნებს მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკების მიმართ. ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ამიტომ მოქალაქეები მზად იყვნენ, გაეღოთ ისეთი მსხვერპლი, როგორებიც საერთაშორისო ფრენების აკრძალვა და სოციალური კონტროლის სხვა ზომები იყო. „ჩვენ რთულ პერიოდში ერთად დგომას მიჩვეულები ვართ“, - ამბობს დავით ბაქრაძე.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

https://www.washingtonpost.com/world/2020/05/16/when-it-comes-coronavirus-response-superpowers-may-need-study-smaller-nations/

 
წაკითხვა 491 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 18 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.