მძიმე კვირა - მელიას დაუმორჩილებლობა, გახარიას წერტილი და ღარიბაშვილის “მეორედ მოსვლა”

“ჩემი აზრით, გახარიამ გადადგომით ვაჟკაცური და სწორი ნაბიჯი გადადგა, რამაც მისი რეიტინგი მკვეთრად აამაღლა.

ბატონი გახარია ჭკვიანი ადამიანია და სხვებისგან განსხვავებით, შეუძლია ცოტა უფრო შორს გაიხედოს და ხვალინდელ დღეზე იფიქროს. ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, მისი ქმედებების გრძელვადიან სტრატეგიასთან თანხვედრაშია. ეს არ არის მისი საბოლოო წასვლა, გახარიას არ უთქვამს, მშვიდობითო. ვფიქრობ, ის კვლავ გამოჩნდება ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ სივრცეში. ვფიქრობ, თუ მოინდომებს, მას შეუძლია იმ უზარმაზარი უფსკრულის ამოვსება ნეიტრალური ძალით, რომელიც ჩვენს ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში არსებობს მიმაჩნია, რომ მას მესამე ძალის ჩამოაყალიბის შესაძლებლობა აქვს, მთავარია, იშოვის თუ არა ამისთვის დაფინანსებას”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მძიმე კვირა, ანუ მელიას დაუმორჩილებლობა, გახარიას წერტილი და ღარიბაშვილის “მეორედ მოსვლა”.

 

“თითქოს პარადოქსია ჩვენი პარტნიორების მოწოდება ხელისუფლებამ არ იჩქაროს მელიას დაკავება და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ განცხადებებს აკეთებენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც, თუკი სასამართლომ მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, ის უნდა აღსრულდეს. გასაგებია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, აღსრულებას წლების განმავლობაში ელოდებიან. კარგი იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება მანევრის საშუალებას გამოიყენებს და ამ პროცესს გააჭიანურებს... გასაგები იყო, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თავისი ექსტრემიზმის გამო ხალხის დიდი მხარდაჭერა დაკარგა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადაედგა და გარდა კონფრონტაციის წახალისებისა, მათ 10 წელია მოქმედების სხვა რამ ხერხი ვერ მოიგონეს. სწორედ ამით აიხსნება მელიას გირაოს გადახდაზე გაჯიუტება. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია რადიკალიზაციის მიზნით. მთავრობის ადგილას გამოვიჩენდი გონიერებას და ამ პროცესს დავტოვებდი ჰაერში გამოკიდებულს. მელია ელოდება ხელისუფლებისგან ნაბიჯს, რის საფუძველზეც იმედი აქვს, რომ გმირად იქცევა - ამ ნაბიჯის გადადგმა რაც მეტად გაჭიანურდება, მით უარესად იმუშავებს მელიასა და “ნაცმოძრაობაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

“მთავრობას შეუძლია სასამართლოს დადგენილება მყისიერად აღასრულოს, რაც, ვფიქრობ, “ნაცმოძრაობის” პროვოკაციაზე კიდევ ერთხელ წამოგება და მათი თამაშის თამაში იქნება. ამას მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვება. იცით, რა ვერ ამიხსნია კიდევ? რა საჭირო იყო მელიასთვის ან პატიმრობის, ან გირაოს შეფარდება? ქვეყნიდან გამქცევი იყო? არსად. რატომ ვერ მოინახა ისეთი გზა, რომ პროცესების რადიკალიზაციის საშუალება არ მისცემოდა “ნაციონალურ მოძრაობას”? დაეტოვებინათ გირაოს გარეშე და დალოდებოდა ძირითად სასამართლო პროცესს. აქვე ვიტყვი, რომ მთავრობის ქმედება, სასამართლოს განაჩენი არ ჰქონდა გამოცხადებული და “ნაცმოძრაობის” ოფისთან სპეცრაზმი და პოლიცია მიცვივდნენ, სრული სიბეცე იყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან მალევე გამოჩნდება, როგორი იქნება, ვთქვათ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მისი სტრატეგია. ადამიანები დროთა განმავლობაში ვითარდებიან და იცვლებიან. იმედი ვიქნიოთ, რომ ღარიბაშვილმაც დააგროვა რაღაც სიბრძნე. გვახსოვს მისი ხისტი ქცევები და განცხადებები, დაუფარავად გამოხატავდა ყოველთვის, რომ არ უყვარს “ნაციონალური მოძრაობა” და როგორც პრემიერ-მინისტრმა თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ იმავდროულად, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. ასევე წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი “აწარმოე საქართველოში”, რომელიც მისი მოგონილია. ვნახოთ, დღეს რა გადაწონის, ღარიბაშვილის საკითხებისადმი ემოციური მიდგომა თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. თითქმის ყველა ამ განცხადებაში ნახსენებია სასამართლო სისტემის პრობლემები?” - პასუხობს:

 

“სამწუხაროდ, ეს კარგა ხანს დარჩება ჩვენი ქვეყნის პრობლემად. გარდა იმისა, რომ ამ სისტემის რეფორმას სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება, ასევე უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით კადრების დეფიციტი. საიდან შეიძლება მოვიყვანოთ ასე უცებ კარგი და დამოუკიდებელი მოსამართლეები? არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში ამის შესაცვლელად”...

 

“გარდა ამისა, შეცდომად მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში იმავე მოსამართლეების შერჩევა ისევ ამ სისტემაში მომუშავე ხალხის საქმე გახდა. სხვათა შორის, სისტემის თვითრეგულირების იდეა ვენეციის კომისიის რჩევა იყო, რაც დრომ აჩვენა, რომ არასწორია. როცა თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო მძაფრია, ვიდრე სისტემის გაჯანსაღების სურვილი, იქ ვერაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ამის დაშვება არ იყო სწორი. როგორც უნდა გადაახალისო ეს ტომარა, საბოლოოდ იმავეს მივიღებთ. მნიშვნელობა არა აქვს, იუსტიციის საბჭოში მურუსიძე იქნება, ჩინჩალაძე თუ კიდევ სხვა ვინმე. ეს ერთი მენტალიტეტის ხალხია. ასეთი ხალხი აირჩევს მართლა დემოკრატ და თავისუფლად მოაზროვნე მოსამართლეს? არავითარ შემთხვევაში. მეეჭვება იოლი იყოს გამოსავლის გამონახვა. ვფიქრობ, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომლის შედეგს, ამ სისტემის გაუმჯობესებას, ჩვენი შვილები თუ ნახავენ”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

 

“ოპოზიცია აცხადებს, რომ მზადაა განაახლოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, რომლის მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება. აი, სწორედ ეს არის პოლიტიკური უმწიფრობა - როგორ შეიძლება თან მოლაპარაკებაზე ლაპარაკობდე და თან ასეთ წინა პირობას აყენებდე. საბოლოოდ ისევ ჩიხში შევა ყველაფერი. ჩემი აზრით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა ვნახავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს. მეც მომხრე ვარ ვადამდელი არჩევნების, მაგრამ არა ამ პოლიტიკურ სპექტრში. ვინაიდან ახლა ალტერნატივა ისევ ორპოლუსიანია, ან ისევ “ქართული ოცნება” უნდა დარჩეს, ან ის “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაანაცვლოს. ვადამდელ არჩევნებს ექნება აზრი, თუ გამოჩნდება ამ ორი ძალის რეალური ალტერნატივა. მოკლედ, როგორი დაძაბულიც უნდა იყოს ახლა პოლიტიკური ცხოვრება, მე ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ვხედავ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“სასაცილოა, ვადამდელ არჩევნებს ისინი რომ ითხოვენ, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში და რომც დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვერც მაშინ მოხვდებიან. მაგალითად, ქალბატონი ბურჯანაძე. აუტანელია, ასეთი არარეიტინგული პარტიები რომ აძლევენ თავს უფლებას ილაპარაკონ ქართველი ერის სახელით. ამას წინათ გულზე მომხვდა პოეტ დავით მაღრაძის კომენტარი, რომელმაც თქვა, ეს პოლიტიკოსები რაღაც აბსტრაქციაში ცხოვრობენ, რეალურია ცხოვრება კი სხვაგან არისო. ვეთანხმები აბსოლუტურად. გამოდიან პატარ-პატარა ჯგუფები და ლოკალური პრობლემების შექმნას ცდილობენ, აქციებს მართავენ, მაგრამ ამ დროს ქართველი საზოგადოება სულ სხვაგან არის. დიდ უმრავლესობას არ აინტერესებს, ვინ სად შევარდება, პოლიცია დაიჭერს ვინმეს თუ რა მოხდება. ხალხი იმას ფიქრობს, ხვალ ლუკმაპური როგორ იშოვოს. აღარ უნდა რევოლუცია. ჩვენს საზოგადოებას მთელ პოლიტიკურ სპექტრზე აქვს ხელი ჩაქნეული. რევოლუციაზე წამსვლელ ძალებს, რიგითი აქტივისტების გარდა, გვერდით არავინ დაუდგება”, - დასძენს თვალჭრელიძე.

წაკითხვა 457 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.