"არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება" - იგორ კვესელავა
"საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და მმართველმა გუნდმა მხარი უნდა დაუჭიროს კოალიციურ ხელისუფლებას, 2 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება - იგორ კვესელავა.
"არჩევნებს აკვირდებოდა ძალიან ბევრი დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყნიდან, ამდენი დამკვირვებელი არსადროს ჩამოსულა არც ერთ არჩევნებზე. მათი შეფასებები მკაცრი იყო როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მისამართით. ჩემი აზრით, 2 ოქტომბრის არჩევნები არ იყო რეფერენდუმი, მაგრამ გამოავლინა, რომ ხალხს უნდა ცვლილება. არჩევნებს ჰყავს სამი გამარჯვებული - „ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობა" და გახარიას პარტია. "ნაცმოძრაობის" რეიტინგი იწევს, როდესაც ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ 2012 წლის შემდეგ დაიშლებოდა. ასევე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც მოკლე დროში წარმატებას მიაღწია, ყველგან საკრებულოში ჰყავს თავისი წარმომადგენელი. ფაქტობრივად, ამ სამ ძალას შორის გაიმართება პოლიტიკური ბრძოლა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მმართველმა გუნდმა სრული გამარჯვება ვერ მოიპოვა. ხალხი მიდის ახალი ძალისკენ, ეს ახალი ძალა კი არის გახარიას პარტია და მე ვფიქრობ, რომ ის არ იბრძვის მეორე და მესამე ადგილისთვის. ის იბრძვის პირველი ადგილისთვის, რომ ჩაანაცვლოს „ოცნება" და „ნაცმოძრაობა". აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს არც ერთ ამ ძალას მეორე ტურში. ვფიქრობ, ამ პოზიციას შეინარჩუნებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. სააკაშვილის ჩამოსვლა არ იყო შემთხვევითი, პოლიტიკური ლოგიკით, ის უნდა ჩამოსულიყო. ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, „ნაცმოძრაობა" ამ შედეგს ვერ მიაღწევდა. მხარდამჭერებს მიეცა დამატებითი სტიმული და მოხდა მათი მობილიზება. საკითხი იდგა ასე - „ნაცმოძრაობა მიშასთვის" თუ „მიშა ნაცმოძრაობისთვის". ამ კითხვას პასუხი გაეცა. გაუშვებენ, არ გაუშვებენ ციხიდან - სააკაშვილი დამატებითი თავსატეხი გახდა ხელისუფლებისთვის. საქართველოში უნდა დასრულდეს „იზმები" და ეს ვაკხანალია. ქვეყანას ჰაერივით სჭირდება ეროვნული შერიგება, ავიღოთ ყვლაფერი კარგი, რაც გაუკეთებიათ ჩვენს პრეზიდენტებს, მივაფურთხოთ ეშმაკს და ერთად ავაშენოთ ქართული სახელმწიფო”, - განაგრძობს გამოცემა.
"გახარია და მთელი ოპოზიცია ერთად თუ დადგა, "ოცნებას" გაუჭირდება გამარჯვება. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ" მხარი უნდა დაუჭიროს კოალიციურ ხელისუფლებას. მაგალითად, ზუგდიდში ქალაქის მერი რომ იყოს „ოცნებიდან", ვიცე-მერები იყვნენ „ნაციონალი" და გახარიას პარტიის წევრი. იგივე შეიძლება მოხდეს ბათუმში, რაც ძალიან საინტერესო მოდელი იქნება შემდგომი თანამშრომლობისთვის. კოალიცია არ ნიშნავს პარტიული ინტერესების დაცვას, კოალიცია ნიშნავს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ეს კოალიციური ხელისუფლება არ იმუშავებს არც ივანიშვილისთვის, არც სააკაშვილისთვის და არც გახარიასთვის, იმუშავებს საქართველოსთვის”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"