რა არის სინამდვილეში “ბინძური ბომბი” და რა ეფექტი აქვს მას - რამდენად რეალურია მისი გამოყენება
“ბრძოლის ველზე, რუსი სამხედროების მარცხის პარალელურად, რუსეთი ბირთვულ მუქარასა და შანტაჟს აძლიერებს.
ამ მიზნით პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, რათა ისინი “ბირთვული ქოლგის ქვეშ” მოექცია. ამას ომის მიმდინარეობა არ შეუცვლია. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა “შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო”. რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად. უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის სინამდვილეში “ბინძური ბომბი” და რა ეფექტი აქვს მას - რამდენად რეალურია მისი გამოყენება.
“შოიგუს განცხადებით გამოეხმაურა აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთიც - მათ გავრცელებულ ცნობას ცხადი სიცრუე უწოდეს. იგივე გაიმეორა ამერიკამაც. “ბინძური ბომბი” - ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელშიც რადიოაქტიური მასალა შერეულია ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ელემენტებში. ამ “ბინძური ბომბის” აფეთქების ტალღა ნაკლებია, ვიდრე ბირთვული იარაღისა, და ის ასევე განეკუთვნება არა ჩვეულებრივ სამხედრო იარაღს, არამედ ტერორისტულს, რადგანაც რადიაცია მოქმედებს უფრო ნელა და შეუძლია უფრო მეტი ადამიანი სრულიად შეუმჩნევლად დახოცოს. სწორედ მსგავსი ბომბის გამოყენების ალბათობაზე საუბრობს შოიგუ უკრაინის მხრიდან. თუმცა, უკრაინა აცხადებს, რომ პირიქით, რუსეთი ომი წაგების გადასაფარად სწორედ ამ “ბინძური ბომბის” გამოყენებას აპირებს, რომელსაც შემდეგ უკრაინას დააბრალებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სიმართლეს, “ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ეუბნება. მედიის თქმით, პრიგოჟინმა პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მარცხდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს ასევე ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ხელმძღვანელობის შერყეულ პოზიციას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა, თვეების მანძილზე, საბრძოლო შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ”, - წერს მედია. ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრიგოჟინის კრიტიკაზე მანამდე სხვა ანალიტიკოსებიც წერდნენ. 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილებში ნათქვამია, რომ ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი და ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს რუსული სამხედრო ინსტიტუტების არაეფექტურობაზე და სოციალურ პრობლემებზე, რამაც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა შეარყიოს კრემლის ძალა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობის პარალელურად რუსეთი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ბინძური საინფორმაციო პროპაგანდა აწარმოოს და ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება შეაჩეროს. მინისტრმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც საუბრობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“არ მჯერა რომ რუსეთი ატომურ ბომბს გამოიყენებს - ეს შანტაჟის მორიგი მცდელობაა. თუმცა თუ გამოიყენებენ, ეს პუტინის რეჟიმის დასასრული იქნება”, - აცხადებს მინისტრი. ინტერვიუში ის მოლაპარაკების საკითხს შეეხო და თქვა, რომ პოზიცია მკაფიოა - ”უკრაინა კრემლის მოქმედ რეჟიმთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დაჯდება”, რადგან მათ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა “ბინძური ბომბის” შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინას შეუძლია “ბინძური ბომბის” გამოყენება მცდარი უწოდა. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც სხვების დაშინებას ცდილობს. ბერიძე განმარტავს ე.წ. “ბინძური ბომბი” რას ნიშნავს და რა სახის და მასშტაბის იარაღზე შესაძლოა იყოს საუბარი”, - დასძენს გამოცემა.
“ეს არის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან შემდგარი ბომბი, რომელიც გაძლიერებულია რადიოაქტიური საშუალებებით. ამას აფეთქების ეფექტი ექნება ისეთივე, როგორც ტროტილს ან ჰექსოგენს, მაგრამ მისი აფეთქების შედეგად დარჩება რადიოაქტიური დასნებოვნება, რაც გამოიწვევს მოსახლეობის გრძელვადიან დაზიანებას. სტანდარტულ ბირთვულ ბომბს მისი აფეთქების შემთხვევაში 5 დამაზიანებელი ფაქტორი აქვს - ეს არის ელექტრომაგნიტური იმპულსი, დარტყმითი ტალღა, გამოსხივება, შუქური გამოსხივება და რადიოაქტიური გამოსხივება. “ბინძურ ბომბს” ასეთი ეფექტები არ აქვს, თუმცა, ყველაზე ცუდი ეფექტი აქვს, რაც არის რადიოაქტიური დასნებოვნება. მისი მოქმედება უფრო ხანგრძლივი და მძიმე სახის არის. ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთმა რუსეთი გააფრთხილა ბირთვულ ბომბთან თამაშისთვის თავი დაენებებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებდნენ. ამიტომ ახლა რუსებმა ახალი ამბავი მოიგონეს და ე.წ. “ბინძური ბომბით” მანიპულაცია დაიწყეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“რუსეთი ომის წაგების ფონზე, ყველანაირად ცდილობს გამოიყენოს ზეწოლა, რომ ყურადღება გადაიტანოს ძირითადი საკითხიდან. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ დასავლეთის, უკრაინის და ყველას ყურადღება გადაიტანოს და მის არსენალში არსებული შეიარაღება მაქსიმალურად გამოიყენოს. მათ ყველას თვალში ნდობა დაკარგული აქვთ და ერთი სიტყვისაც არავის სჯერა. ამიტომ დასავლეთში „ბინძური ბომბის“ ისტორიას არავინ დაიჯერებს. ნებისმიერი ასეთი ბომბის ამოქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მიერ მისი გამოყენება. ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას, რადგან იცის რომ დასავლეთიდან პასუხი ძალიან მძიმე იქნება. ეს კი პუტინის მმართველობის დასასრული იქნება. ამერიკას ხიროსიმა და ნაგასაკაში ბირთვული იარაღი უკვე გამოყენებული აქვს, ამიტომ ყველამ კარგად იცის, რომ აქ ხუმრობით არავინ პასუხობს”, - დასძენს ლაშა ბერიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"