"2023 წელს მსოფლიო უკრაინისთვის პოზიტიურ ცვლილებებს იხილავს"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს.

მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და სამხედროები შესაბამის მომენტს ელოდებიან.

მინისტრი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევა აპრილ-მაისში დაიწყება. ამის შესახებ რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა რეზნიკოვს ჰკითხა, როდის ნახავენ „ლეოპარდის“ ტიპის გერმანულ ტანკებს ფრონტზე.

„თქვენ ნახავთ მათ კონტრშეტევაში, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების თანახმად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენ ძალიან სველი მიწა გვაქვს, შესაძლებელია მხოლოდ მუხლუხოიანი მანქანების გამოყენება. ვფიქრობ, ჩვენ მათ აპრილში ან მაისში ვიხილავთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკვე 2023 წელს მსოფლიო უკრაინისთვის ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს იხილავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გავაკეთეთ კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში. ყველაფერი ეს გაგრძელდება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მან ასევე ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე და იქ მყოფ სამხედროებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დაღლილები არიან.

„რა თქმა უნდა, ისინი დაიღალნენ. ომი ერთ წელზე მეტია, გრძელდება. ეს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთული პროცესია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სამხედროების როტაციას. თუმცა ეს ომია: ცხოვრების სტანდარტები განსხვავებულია, პირობები განსხვავებულია. მაგალითად, მე შემიძლია დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათით დავიძინო. ეს უკვე ჩვევად იქცა“, -აღნიშნა რეზნიკოვმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები განიცდიან საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობას.

„ისინი ასევე დაიღალნენ. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავთ. ჩვეულებრივ, ისინი კარგავენ ყოველდღიურად, სულ მცირე, 500 სამხედროს მოკლულებით და დაჭრილებით“, – განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

 
წაკითხვა 307 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.